საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დელეგაციის წევრებთან | Print |
Friday, 27 January 2012 00:00

1georgian2პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დელეგაცია მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ასპექტები და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს.

დელეგაციის ხელმძღვანელის, როლანდ სალვისბერგის განცხადებით, საქართველო ევროპის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და შვეიცარიის მხარე დაინტერესებულია და მზადყოფნას გამოთქვამს გააფართოვოს საქართველოსთან თანამშრომლობის სპექტრი.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შვეიცარიის დელეგაციას იმ პროგრამების განხორციელებისთვის, რომლებიც შვეიცარიის მთავრობის მიერ ფინანსდება, საუბარია დევნილთა დახმარების და სოფლის განვითარების პროგრამებზე.

1georgian3"შვეიცარიის მხარემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ მოლაპარაკებების სრულფასოვნად შესრულება, რადგან შვეიცარიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტვირთების მონიტორინგის საკითხში. ქართულ-რუსულ საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, რათა ქართულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჰქონდეს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასასრულს. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკება ერთადერთი პოლიტიკური ფორმატია, სადაც ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრას პარლამენტის წევრები ირაკლი ქავთარაძე, ირაკლი კენჭოშვილი და ნუგზარ ერგემლიძე დაესწრო.

Last Updated on Thursday, 21 June 2012 17:13