საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის დახურვისადმი მიძღვნილ კონფერენციაში
ოთხშაბათი, 25 იანვარი 2012 19:25

1georgian4საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგი წერეთელმა მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პროექტისადმი მიძღვნილ კონფერენციაში. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა და მის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაზრდა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება; ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა კონფერენციაზე თავის გამოსვლაში ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ მისმა განხორციელებამ ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის, მისი ინფრასტრუქტურის ეფექტურ განვითარებას, ადამიანური რესურსების მომზადებას. განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გაგრძელდეს ახალი რეფორმების ფონზე, როდესაც კერძო სექტორი ფართოდ არის წარმოდგენილი პირველად ჯანდაცვაში, სადაზღვევო სექტორის როლი იზრდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხდება პირველადი ჯანდაცვის კომპონენტის გაძლიერება, რაც გულისხმობს არაგადამდები დაავადებების პრევენციას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესებას. გიგი წერეთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის ფუნქცია შეუცვლელია და ის კიდევ უფრო აქტუალური უნდა გახდეს. სწორედ ამ მიზნით პარლამენტი აქტიურად უჭერდა მხარს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის პროექტს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მომავალშიც მიესალმება ამგვარი ტიპის პროექტებს.

სიტყვის დასასრულს გიგი წერეთლმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თანამშრომლობისათვის და აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის.

 
modules