ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა
Friday, 20 January 2012 00:00

1georgian5საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურულ-ისტორიული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობისა და მათი დაცვის ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს დღეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სტრუქტურების, საპატრიარქოს, სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას განცხადებით, ბოლო დროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ეკლესია–მონასტრებსა და სხვა კულტურულ–ისტორიულ ძეგლებზე ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლის პროცესმა ინტენსიური ხასიათი მიიღო და ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით იუნესკოსთან, რომელიც კულტურულ–ისტორიული 1georgian6მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნავს. მან იმედი გამოთქვა, რომ იუნესკოს მისია შეძლებს აფხაზეთში შესვლას, იქ არსებული ვითარების შესწავლას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, აღარ არსებობს ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკული გამოსახულება, რომელიც ბედიის ტაძარში იყო. ქართული კვალი მიზანმიმართულად წაშლილია ილორში, ვანდალიზმის ფაქტებია დაფიქსირებული სვიმონ კანანელის, დრანდის, გაგრის ეკლესიებში. მათი თქმით, ფაქტები ბევრია, როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური წყაროებიდან მიღებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ანალოგიური ფაქტები, ზოგადად, მსოფლიოში მრავლადაა და კარგი იქნება, თუ კი საქართველო საერთაშორისო კონფერენციის გამართვის ინიციატორი გახდება, რომელზეც პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელებენ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, სახელმწიფო სამსახურებმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოვლენილი ვანდალიზმის ფაქტების 1georgian7შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის იუნესკო, იყოს ინფორმირებული, რათა მათ აღნიშნული ფაქტების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული შედეგების მისაღებად აუცილებელია ყველა უწყების ერთიანი, კოორდინირებული მუშაობა და სამომავლოდ გეგმებიც დასახეს.

Last Updated on Thursday, 21 June 2012 17:19
 
modules