სხდომის ოქმი N2

საქართველოს პარლამენტის 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის სხდომის

ოქმი N2 

                        

23 ოქტომბერი 2012 წელი

 

 სხდომის თავმჯდომარე:

 საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:                                                     დიმიტრი ხუნდაძე

 

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები:  

დავითაშვილი კობა

მაღრაძე გუგული

ხალვაში ფატი

ხეჩინაშვილი გიორგი

წიკლაური მირიან

წერეთელი მალხაზ

აბაშიძე ზურაბ

წერეთელი გიორგი

მაჭავარიანი მიხეილ

ყიფშიძე ნიკოლოზ

ჯაფარიძე ზურაბ  

დღის წესრიგი 

  1. 1.საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და საქართველოს სამთავრობო პროგრამის „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ ნდობის გამოცხადების საკითხი.

 

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, დაადასტურა ქვორუმის არსებობა და სიტყვა გადასცა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს.

         დავით სერგეენკო - ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პირველსავე ეტაპზე, საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, დაავადებათა პრევენციასა და გადაუდებელი მკურნალობის ბაზისურ მოცვას.   ჯანმრთელობის დაცვის სისიტემის დაფინანსების გაუმჯობესებისათვის შემოღებული იქნება მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები. კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაებმებიან დამატებითი, ბაზისური კალათით გათვალისწინებულზე მეტი მომსახურების გაწევაში. გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამული დაფინანსება. საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო ჰოსპიტალებით.

              ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლის მიხედვით, მოქალაქის მიერ პენსიის მიღების საფუძველი იქნება მისი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრები.

              საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, დაეფუძნება სავალდებულო საპენსიო დაზღვევას. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე. სახელმწიფოს ექნება მარეგულირებელი ფუნქცია სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. არასრული სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეებს დაენიშნებათ სოციალური პენსია. ის პენსიონერები, რომლებიც რეფორმის საწყის ეტაპზე იმყოფებიან ან მიაღწევენ საპენსიო ასაკს, სახელმწიფოსაგან მიიღებენ პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც გარანტირებული იქნება კანონით.

            საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მარჩენალდაკარგულთა, პოლიტრეპრესირებულთა, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა, ომისა და სამხედრო შეიარაღებული ძალების ვეტერანთა და სხვა სპეციფიკური კონტიგენტის სახელმწიფო პენსია; აღმოიფხვრება 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში არსებული დისკრიმინაცია და მოხდება მათი პენსიის გადაანგარიშება მოქმედი ნორმატივების საფუძველზე. გაორმაგდება უკიდურესად გაჭირვებულთათვის სოციალური დახმარების ოდენობა. სოციალური დახმარების სისტემა იქნება ფედერალური და უნიციფარებული. ამის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ პირთა შეფასების, მომსახურებისა და ადმინისტრირების ფუნქციები მუნიციპალურ ორგანოებს ექნებათ დელეგირებული.

   სპეციალიზებული დაწესებულებები იქნება სოციალური მომსახურების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და მათი განვითარება დაემყარება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა დასაქმების სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს კახაბერ საკანდელიძეს.

კახაბერ საკანდელიძე - საქართველოს შრომის ბაზარზე მიმდინარე პროცესები, დასაქმების და უმუშევრობის პრობლემები ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და ერთ-ერთი უმტკივნეულესი თემაა. თანამედროვე შრომის ბაზარი უაღრესად რთული და არაორგანიზებულია; სახეზე გვაქვს ლოკალური შრომის ბაზრები თავისი მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურით, შრომის არასტანდარტული ფორმებით (დროებითი დასაქმება, თვითდასაქმება, არასრული სამუშაო დროით დასაქმება, დასაქმება ანაზღაურების გარეშე ე.წ. საგამოცდო ვადით და ა.შ.).

                ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც შინამეურნეობათა მუდმივ კვლევებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ორგანოებს და მითუმეტეს კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, არასამთავრობო სექტორს არ გააჩნია ისეთი ელემენტარული ინფორმაცია, როგორიცაა შრომითი რესურსების, დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა და სტრუქტურა, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა და მისი მიწოდება. მით უმეტეს არ არსებობს ინფორმაცია მოსახლეობის ცალკეული ასაკობრივი, დემოგრაფიული და სოციალური ჯგუფების უნარ-ჩვევების, შრომითი მოწყობის შანსების და მისი ხელშემწყობი აქტივების, პროფესიული გამოცდილების შესახებ.

       შრომის კანონმდებლობის მთავარი ამოცანაა, ისეთი სამართლებრივი ბაზის და პირობების შექმნა, რაც მისაღები იქნება შრომითი ურთიერთობის მხარეებისთვის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.

     განსახვევებით ყოფილი ხელისუფლების მიდგომისაგან, ჩვენი პოლიტიკა დასავლურ ღირებულებებზე, შსო-ს კონვენციებსა და რეკომენდაციების ძირითად მოთხოვნებზე იქნება აგებული, რაც შრომის თავისუფლებას, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას და ღირსეული საარსებო პირობების შექმნას გულისხმობს.

               შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფის უმთავრეს პრიორიტეტად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა მიგვაჩნია. მსოფლიოს გამოცდილებამ დაგვანახა, თუ რაოდენ სიცოცხლისუნარიანია ამ ფორმის საწარმოები და რომ მათ შესწევთ უნარი შეეწინააღმდეგონ მსხვილი ფირმების მონოპოლისტურ ტენდენციებს. ისინი განსაკუთრებული წარმატებით ფუნქციონირებენ იმ ეკონომიკურ სივრცეში, რომელშიც ძნელად აღწევს მსხვილი ბიზნესი. მცირე საწარმოების უპირატესობა გამოიხატება დანახარჯების მოკლე ვადაში ამოღებასა და კაპიტალის სწრაფ ბრუნვაში. მათი სიმრავლე და მრავალფეროვნება ხელს უწყობს ადგილობრივი ბიუჯეტის გამყარებას და ადგილობრივი კადრების ოპტიმალურ დასაქმებას.

                მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა სახალხო მეურნეობის ყველა დარგშია შესაძლებელი და მათ შეუძლიათ წამყვანი როლი ითამაშონ დასაქმებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის რიგი პრობლემების გადაწყვეტაში. ესენია: სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების დანერგვა, სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებლი დარგების განვითარება, ტურიზმისა და შესაბამისი სერვისების განვითარება, სახალხო რეწვის აღორძინება, ეკოლოგიური ამოცანების გადაჭრა და სხვა.

                ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა იმ კონკრეტულ სფეროებში, რომლებმაც უნდა გააჩინონ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა. არ შეიძლება წარმატებული საზოგადოება არსებობდეს იქ, სადაც არ იციან მეწარმის და მომუშავის შრომის ფასი, სადაც გაბატონებულია სოციალური თანასწორუფლებიანობის პრიმიტიული გაგება. ჩვენი ხედვები ორიენტირებულია ადამიანური რესურესების სწორი პროფესიული ორიენტაციისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე, სტრუქტურული უმუშევრობის შემცირებაზე და შესაბამისად ეფექტურად ფუანქციონირებადი ეკონომიკის შექმნაზე.

                ჩვენს მიერ შემუშავებული შრომისა და დასაქმების პოლიტიკის სახელმწიფო თუ რეგიონული პოლიტიკის შედეგებს იგრძნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. იგი შეძლებს საკუთარი ცოდნისა და უნარების რეალიზაციას, მოძებნის თავისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის სამუშაო ადგილს, მიიღებს სამართლიანად მზარდ ანაზღაურებას, გაიუმჯობესებს პირად თუ ოჯახის სოციალურ მდგომარეობას და ა. შ.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების სწრაფი და ეფექტური განხორციელების, ამასთან ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირებისათვის საჭიროდ მიგვაჩნია:

  • შრომის ახალი კანონმდებლობის შემუშავება და მიღება;
  • ქვეყნის ეკონომიკაში ისეთი რეფორმების გატარება, რაც ხელს შეუწყობს შრომითი რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას დასაქმებულთა უფლებების მკაცრი დაცვით (შრომის სამართლიანი ანაზღაურება, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შრომითი დავების გადაწყვეტა, სამუშაო დროის ხანგრძლივობის და დასვენების უფლების უზრუნვლყოფა და ა.შ);
  • შიდა მეურნეობების პერიოდული კვლევა; უმუშევართა, სამუშაოს მაძიებელთა, არსებული ვაკანსიების აღრიცხვა და მუდმივად განახლებადი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
  • პროფესიათა ჩამონათვალის და შესაბამისი სატარიფო-საკვალიფიკაციო მოთხოვნათა ბაზის შემუშავება;
  • პროფესიული ორიენტაციის, უწყვეტი სწავლების და მომზადება-გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება;
  • შრომითი მიგრაციული პროცესების მოტივაციის და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაქირავების სამართლებრივი ნორმების განსაზღვრა;
  • შრომითი ურთიერთობების, სოციალური დიალოგის და სოციალური პარტნიორობის ეფექტური სისტემის შექმნის მხარდაჭერა;
  • ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების დასაქმების და სოციალური დაცვის მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელება.  მინისტრობის კანდიდატების გამოსვლის შემდგომ სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა გიორგი წერეთელმა, მიხეილ მაჭავარიანმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, კობა დავითაშვილმა, გუგული მაღრაძემ, მალხაზ წერეთელმა, გიორგი ხეჩინაშვილმა გამომსვლელებს დაუსვეს შეკითხვები ჯანდაცვის რეფორმის, საყოველთაო დაზღვევის, ჰოსპიტალური სექტორიას და პენსიების გაზრდის, დასაქმებისა და შრომის ბაზრის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით.    

მინისტრობის კანდიდატების მიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ,    კომიტეტმა ხმის დამთვლელი კომისიის წევრებად აირჩია კობა დავითაშვილი და გიორგი წერეთელი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით, კომტეტმა კენჭი უყარა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადებას.

ხმის დამთვლელი კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა 8 კომიტეტის წევრმა, 4 - წინააღმდეგი.

კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სხდომაზე დამწრე კომიტეტის წევრთა უმრავლესობით.

გადაწყვიტეს: კომიტეტი ნდობას უცხადებს წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და საქართველოს სამთავრობო პროგრამას „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“.

 

დიმიტრი ხუნდაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი

 
modules