სხდომის ოქმი #3

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #3
           

               2012 წლის 8 ნოემბერი

/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტთან ერთად/

 

სხდომას თავმჯდომარეობდ:               გიგლა აგულაშვილი   
                                                                                                  (კომიტეტის თავმჯდომარე)        

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. ბუკია, გ. გელაშვილი, გ. ჟვანია, გ. ქავთარაძე, რ. ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. ლემონჯავა, ლ. ქარდავა, რ. შავლოხაშვილი, პ. ცისკარიშვილი, . ჯანაშია.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: თ. ხიდაშელი, ე. ტრიპოლსკი, გ. ჟორჟოლიანი, ა. მამედოვი, რ. პოღოსიანი, დ. ბერძენიშვილი, თ. ჯაფარიძე, - საქართველოს პარლამენტის წევრები, დ. ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შ. მურღულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შ. ფიფია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

 

დღის წესრიგი

 1.საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი;

          დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

(მომხსენებელი: დ. ებრალიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე).               

 I.მოისმინეს:

. ფიფიას ინფორმაცია „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე. მან ისაუბრა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზე. აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის თანხა არ იცვლება, რჩება 200 მილიონი საბიუჯეტო საერთო თანხა. იცვლება მხოლოდ სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსება. აქედან, დონორების 18 მილიონია, რომელიც ჩამოვა 16 მილიონზე. ამ თანხებიდან სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და მართვაზე გათვალისწინებულია 10 მილიონ 700 000 ლარი, რაშიც მოიაზრება ცენტრალური აპარატის ხარჯები. ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის, მელიორაციის შპს - დღეს ეს ყველაფერი სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. პროექტში ჩვენ გვიდევს, რომ ყველა ეს ორგანიზაცია გადმოვიდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებაზე ჩადებულია 84 მილიონი ლარი, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციაში - 19 მლნ. 920 000 ლარი. მნიშვნელოვანი პუნქტი, 26 მილიონ 900 000 ლარი, ჩადებულია სამელიორაციო სისტემის მოდერნიზაციაში, რომელიც მეტად პრობლემურ მდგომარეობაშია, 800 000 ლარამდე - ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციაში. 7 მილიონ 300 000 ლარი - რაიონულ დონეზე საკონსულტაციო ცენტრების შექმნისათვის, რათა გლეხს ქონდეს საშუალება მიიღოს კონსულტაცია აგრონომებისაგან და სპეციალისტებისაგან. სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოტიურ კეთილსაიმედოობაზე - 17 მილიონი ლარი. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე - 28 მილიონ 369 ათასი ლარი. 

II.მოისმინეს:

დავით ებრალიძის ინფორმაცია წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც ისაუბრა კანონპროექტის ძირითადი არსის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვარიანტი საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე. აღნიშნული პროექტი შემუშავებული იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ და შესაბამისად ითვალისწინებდა იმ პრიორიტეტების დაფინანსებას, რომლებიც განსაზღვრული იყო მთავრობის პროგრამით „მეტი სარგებელი ხალხს“. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების და ახალი ხელისუფლების მთავრობის წევრების დანიშვნის შემდგომ, საკმაოდ მცირე დრო იყო იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მთლიანი ბიუჯეტის დეტალური გაანალიზება, გადამუშავება და ყველა იმ ინიციატივის ასახვა, რაც წარმოდგენილია მთავრობის პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“. დროის სიმცირის მიუხედავად, გადაიხედა და გაანალიზდა სამინისტროების ბიუჯეტები, ასევე, შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, შეიცვალა საგადასახადო პოლიტიკაც და შესაძლებელი გახდა 740,0 მლნ ლარის რესურსის მოძიება. აღნიშნული თანხა ამ ეტაპზე ცალკე კოდად არის გათვალისწინებული საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში. ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენის დროს, დამატებით შემცირდება სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებებში არსებული ზოგიერთი პროგრამისა და ღონისძიების დაფინანსება, რის შემდგომაც მთლიანი რესურსი გადანაწილდება მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებაზე, მათ შორის:

  • საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება არა მთლიანი საპენსიო პაკეტი, არამედ მისი ფულადი კომპონენტი;
  • გაორმაგდება სოციალური დახმარებები და გაიზრდება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა;
  • ეტაპობრივად გაიზრდება სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობა და საბოლოოდ უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა;
  • კიდევ უფრო გაიზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სამინისტროს დაფინანსების გარდა, დამატებით იქნება მოზიდული კერძო ინვესტიციები და სესხები, რითაც შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიანი ფონდი, რომელიც მოხმარდება მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დაფინანსებას;

/„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი; დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ - ოქმს თან ერთვის/.       

 აზრი გამოთქვეს:

1. თ. ხიდაშელი: მე მაქვს ორი შეკითხვა: პირველი ეხება წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციას. 111 მილიონი ლარი, ეს თანხა, თუ შესაძლებელია, გაწერილი სადმე ვნახო? მეორე: სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის 50-მილიონიანი პროგრამა რას ნიშნავს რეალურ ცხოვრებაში?

2. შ. მურღულია: სოფლის პროგრამა წინასწარ ცნობილი არ არის. არსებობს შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა შედგეს კრებები სოფლებში, რამდენი უნდა დაიხარჯოს. ამას თავისი წესი აქვს, ფორმულა არსებობს, პროექტიდან დარჩენილი თანხის გადანაწილების ფორმულაც არსებობს. ნორმატიულ აქტს მოგაწვდით. რაც შეეხება წყალმომარაგებას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 14 მილიონ ლარს იღებს ჩვენგან, როგორც სუბსიდიას. ამას ემატება 4 მილიონი თანადაფინანსებისათვის, რადგან 26 ქალაქში უნდა მოხდეს წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ჩვენ გავივლით ამ საკითხს და დეტალურად გაწერილ ინფორმაციას მოგაწვდით.

3. გ. აგულაშვილი: სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიან ფონდთან დაკავშირებით (ხვნა, თესვა, სათესლე მასალა და ა.შ) მოგახსენებთ, რომ მოლოდინის ზღვარი ძალიან მაღალია და კონკრეტული პასუხის გაცემა ამ საკითხებს ჭირდება.

4. გ. სამხარაული: ჩვენ მოსახლეობას დავპირდით უფასო ხვნა-თესვას, პირუტყვის ვაქციანაციას, შხამ-ქიმიკატებს, სხვადასხვა სასუქს. ბიუჯეტში ეს თანხები ასახული არ არის. როგორ აპირებთ თანამშრომლობას ამ ფონდთან?

5. გ. ჟვანია: მე ისევ მილიარდიან ფონდთან დაკავშირებით გკითხავთ: იქნებ უფრო მკაფიოდ განსაზღვროთ, როგორ იფუნქციონირებს ფონდი? ბიუჯეტში ეს ასახული არ არის. როგორც ვხვდები, ნაწილი პროგრამებისა უნდა დაფინანსდეს ამ ფონდიდან. როგორ მოხდება აღნიშნულ ფონდსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის თანამშრომლობა? სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება თუ მოხდება ამ ფონდიდან, მაშინ, ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაუგებრობას არ იწვევს. თუ ეს ციფრი ფონდთან არ არის დაკავშირებული, თანხა, რომელიც ჩადებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე, არარეალურად მცირედ მიმაჩნია. წინასაარჩევნო დანაპირები იყო შეღავათიანი კრედიტებიც, თუმცა 0-3%-იან კრედიტებს, საქართველოში მოქმედი არც ერთი ბანკი არ გასცემს. ეს სად იქნება ასახული? ბიუჯეტში რომ არ არის - ფაქტია. აგროსასურსათო პროდუქციისა და ღვინის პოპულარიზაციას რაც შეეხება, რუსეთის ბაზარი თუ გაიხსნა, გასაგებია, რომ პრობლემა თავისთავად იხსნება, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული მეზობელი ქვეყნის კეთილ ნებაზე. თუ არ გაიხსნა რუსული ბაზარი, მაშინ ჩვენი აგროსასურსათო პროდუქციისა და ღვინის პოპულარიზაციისთვის 850 000 ლარი სასაცილოდ მცირე თანხაა და ძალიან შორს არის რეალობისგან, სოფლის მეურნების განვითარებისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება

6. გ. სამხარაული: განათლებასთან დაკავშირებით, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო? მოგეხსენებათ, ქვეყანაში ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განვიცდით.

7. შ. ფიფია: უფასო ხვნა-თესვაზე მოგახსენებთ. ის დაფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდიდან, ეს პროგრამა უახლოეს პერიოდში დაიდება. არსებული ბიუჯეტით ვაქცინაციაზე და საერთოდ, ეპიზოოტიური ღონისძიებების გატარებაზე 8 მილიონზე მეტია ჩადებული, რაც ორჯერ მეტ ვაქცინაციას მოიცავს, როგორც წვრილფეხა, ასევე მსხვილფეხა საქონელზე. აქ საუბარია 1 მილიონ 100 000 მსხვილფეხა და 700 000 სულ ცხვარზე. ამაში შედის ორმაგი დათაგვა. ეს პროცედურები მოხდება საერთაშორისო სტანდარტებით. ასე, რომ 2013 წელს მოხდება ყველა ტიპის საქონლის დათაგვაც და ვაქცინაციაც. რაც შეეხება მილიარდიან ფონდს. ეს მხოლოდ ჩვენი საკითხი არ არის. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, დაიდება კონკრეტული პროგრამა, თუ რას და როგორ ვაპირებთ. პრობლემები არის, მათ შორის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრთან ვმუშაობთ ამაზე. მოლაპარაკების პროცესი 2-3 თვე მიმდინარეობდა და ეს გაგრძელდება მომავალშიც.

8. გ. აგულაშვილი: სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი, ეს არ არის სახელმწიფო ფონდი, შესაბამისად, არ არის სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით როგორი იქნება, მიდის ამაზე მსჯელობა. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო იქნება კერძო ინვესტიციები, გრანტები და სესხები, შესაბამისად, მისი განკარგვა, მიმართულებები დამოკიდებული იქნება მმართველ საბჭოზე. დაზუსტდება პრიორიტეტები, მიმართულებები, რომ ოპტიმალურად მოხდეს თანხების ხარჯვა.

9. თ. ხიდაშელი: თუ არის შანსი, ბრძოლა დავიწყოთ მაჟორიტარებმა იმისათვის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხარჯები წაიღოს ცენტრალურმა ბიუჯეტმა?

10.   დ. ებრალიძე: ეს საკითხი სხვა კომიტეტებზეც დაისვა და ამაზე ყურადღება იქნება გამახვილებული. რაც შეეხება, სოფლის მეურნეობისათვის ტექნიკის შეძენას, ტექნიკის ნაწილი ამ ბიუჯეტში გაწერილი სახსრებით იქნება შეძენილი. მალე საკანონმდებლო ცვლილება შემოვა პარლამენტში და ახალი ბიუჯეტისთვის გადაიხედება საკითხები.

11.  თ. ხიდაშელი: ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ 2013 წლის ბოლოს აღარ იქნება სასმელი წყლის პრობლემა. ჩვენი პროგრამიდან გამომდინარე, თუ არის სიახლე? რას ველოდებით 2013 წელს ამ კუთხით?

12.  შ. ფიფია: ირიგაციას რა შეეხება, იმ ბიუჯეტში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, საკმაოდ მცირე თანხაა ჩადებული ამისათვის. ჩვენს ბიუჯეტში ეს თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია. (დაახლოებით 27 მილიონი). ამას ემატება IFAD-ის დაფინასება დაახლოებით 12 მილიონი, რომელიც ასევე ირიგაციაზე წამოვა. ამაში დამატებითი ტექნიკის შესყიდვაც შედის, დამატებითი არხების რეაბილიტაციაც. ბიუჯეტის ახალ ვარიანტში ყველაფერი შესული იქნება. არსებული ვარიანტის მოზადებაში კი ჩვენი მონაწილეობა მინიმუმია.

13.  გ. აგულაშვილი: მცირე კომენტარს გავაკეთებ. სხვაობა გარკვეულ მონაცემებს შორის არის. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარმოადგენა ის პროექტი, რომელიც ადრე იყო მომზადებული. შემოდის ახალი პარამეტრები. მიმდინარეობს გადამუშავების პროცესი. ამდენად, ჩვენი აქტიური პოზიცია, განხილვაში მონაწილეობის მიღება, შენიშვნების გამოთქმა, ძალიან ღირებულია.

14.  გ. ჟვანია: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, მათ შორის ღვინოსაც ჭირდება ახალი ბაზრები. ახალ ბაზრებზე დამკვიდრება კი ძალიან ძნელია, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. ამას აკეთებს ბევრი ნორმალური ქვეყანა. ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომ არ ვიყოთ ჩამოკიდებული მხოლოდ რუსულ ბაზარზე და გვქონდეს ალტერნატიული ბაზრები. ამას არ ეყოფა არც მილიონი, არც 800 000. ამას ჭირდება ათეულობით მილიონი, ისიც დასაწყისისთვის. მაგ: გერმანულ ბაზარზე რომ გავყიდოთ ღვინო, საჭიროა სარეკლამო კამპანიები, გადაცემები, რომლებიც გაწევენ ქართული ღვინის პოპულარიზებას, ამას ჭირდება სერიოზული პოლიტიკა.

15.  გ. აგულაშვილი: მე შემოგთავაზებთ ღვინის ელჩის ინსტიტუტს. ცნობილ სომელიეებს, მეღვინეებს, რომელთა აზრიც, ნათქვამიც ძალიან ძვირად ფასობს. პროექტი მაქვს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, რომელსაც გასაცნობად გადმოგცემთ კომიტეტის წევრებს, სამინისტროს და თუ რამე წინადადებები გექნებათ, მზად ვარ მოგისმინოთ.

გარდა ამისა, მაინტერესებს, სტიქიის შედეგად დაზარალებული კახეთი და არა მარტო კახეთი. ამ სექტორში რა პრობლემები გვაქვს? რამდენად დაზიანდა ნათესები, ნარგავები, რადგან ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რაც მრავალწლიან პერსპექტივაში აისახება. რაც შეეხება უფასო ხვნა-თესვას, არაფერი გითქვამთ ფრაგმენტაციასთან დაკავშირებით. რადგან დანაპირები ეხებოდა 3 ჰა-მდე მიწის ფართობებს, შესაძლებელია, მოხდეს მიწების ფრაგმენტაცია, ეს კი მეტად სახიფათო თემაა. ამიტომ, კომპლექსური მიდგომა უნდა გვქონდეს და საკითხი ისე უნდა გადავწყვიტოთ, რომ ფრაგმენტაცია კია არა, პირიქით, მოხდეს კოოპერირებული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა.

16.  შ. ფიფია: კოოპერაციების განვითარება იქნება პრიორიტეტი ჩვენთვის. კოოპერირების პროგრამა იქნება ნაწილი იმ პროგრამებისა, რომლებიც დაიდება უახლოეს მომავალში. უფრო მეტი წახალისება უნდა ქონდეს კოოპერაციას, ვიდრე 3 ჰა-მდე მიწის ფართობის უფასო ხვნა-თესვა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს, სასწრაფოდ სახურავების გადახურვა უნდა მოგვარდეს და აღიწეროს მთლიანი ზარალი, ამისათვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

17. თ. ხიდაშელი: სტიქიასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ გუშინდელმა შეხვედრამ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. შეიკრიბა ხალხი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით წერდა დაზარალებულს და არადაზარალებულს, რამაც გამოიწვია ძალიან უარყოფითი განწყობა. ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. 60%-იანი ცდომილება გვაქვს ჩემს აღწერილ ბაზასა და იმათ გაკეთებულ მონაცემებს შორის. 3 ჰა-მდე მიწის უფასო ხვნა-თესვას რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამომწურავად ისაუბრა ამაზე. იქნება ეს, ოღონდ კოოპერაციების შემთხვევაში. კიდევ ერთი თემა მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი: 2012 წელს ეხება, მაგრამ პირდაპირ კავშირშია იმასთან, რასაც ჩვენ დავპირდით ხალხს. სოფლებში მიწის გადასახადის თემა: იმდენად დიდია გადასახადი, მიწას ართმევენ ხალხს. მიწას გლეხი ვერ ამუშავებს, შესაბამისად, გადასახადსაც ვერ იხდის. ერთი მხრივ მიწის რეგისტრაციის პრობლემა გვაქვს, მეორე - რეგისტრირებული მიწის ჩამორთმევა. იქნებ, რაღაც მექანიზმზე გვეფიქრა. გადასახადების რესტრუქტურიზაცია შეიძლება იყოს გამოსავალი. ვიფიქროთ ამაზე.

  გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გადაწყვიტა: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ - დაუბრუნდეს საქართველოს მთავრობას გადამუშავებისათვის.

          /კომიტეტის დასკვნა - „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე - ოქმს თან ერთვის/. 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს, კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, დაემატა ერთი საკითხი - აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2013 წლის საშემოდგომო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა - რომელსაც კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.      

                             /აღნიშნული გეგმა ოქმს თან ერთვის/

 

   

სხდომის თავმჯდომარე:                                              . აგულაშვილი

         

            სხდომის მდივანი:                                                        . ქიტიაშვილი

 

 
modules