| სხდომის ოქმი N4 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი სხდომის ოქმი N4 6 ნოემბერი 2012წ. 13:00 საათი სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. სხდომას ესწრებოდნენ: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები: მალხაზ წერეთელი, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, შალვა კიკნაველიძე, შოთა მალაშხია, გურამ მისაბიშვილი და ზურაბ ტყემალაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: შალვა შავგულიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თამაზ ავდალიანი, კობა დავითაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ბიძინა გუჯაბიძე, პავლე კუბლაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, პაატა ლეჟავა. ორივე კომიტეტში გაერთიანებული წევრები: ბიძინა გუჯაბიძე და აკაკი ბობოხიძე სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: პარლამენტის წევრები: დავით ბერძენიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ანი მიროტაძე, გიგლა აგულაშვილი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 12 წევრისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით. ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის განხილვა (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკანონმდებლო ინიციატივა). /მომხსენებელი: პავლე კუბლაშვილი/
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღის წესრიგი (პროექტი) 2. პარლამენტის წევრების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა. /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/
/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ დღის წესრიგი დამტკიცდა ერთხმად. სხდომა გახსნა ირინე იმერლიშვილმა და აღნიშნა, რომ განსახილველად წარმოდგენილია „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი“, რომლის ინიციატორიც არის საპარლამენტო ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მომხსენებელმა სხდომას შესთავაზა ერთობლივი საკითხის განხილვის პროცედურა. მოისმინეს: პავლე კუბლაშვილის ინფორმაცია „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა პროექტის თანახმად იცვლება რეგლამენტის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 75-ე მუხლის მე-2 პუნქტი. საპარლამენტო უმცირესობას ექნება შესაძლებლობა წარადგინოს კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურები. მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის დასახელების უფლება აქვს რამოდენიმე სუბიექტს, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასაც. საპარლამენტო მუშაობის გასაძლიერებლად და უმცირესობის უფლებების გასაზრდელად მიზანშეწონილია კომისიის წარდგენის უფლება ჰქონდეს მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობას, ხოლო წევრების რაოდენობის განსაზღვრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები უნდა იყოს. მომხსენებელმა შეახსენა უმრავლესობას მათი წინასაარჩევნო დაპირების შესახებ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით. მოხსენების შემდეგ გაიმართა კამათი. აზრი გამოთქვეს: უმრავლესობის წევრებმა: ბიძინა გუჯაბიძემ, კარლო კოპალიანმა, ზურაბ ტყემალაძემ, ნინო გოგუაძემ, გიგლა აგულაშვილმა, ანი მიროტაძემ, შალვა კიკნაველიძემ, კობა დავითაშვილმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, მათ მიზანშეუწონლად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიას, რომლიც უნდა შეიქმნას წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებების შესწავლის მიზნით, თავმჯდომარეობდეს იგივე პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომელი გუნდის საქმიანობის შესასწავლად შეიქმნება ეს კომისია. უმცირესობის წევრებმა: აკაკი ბობოხიძემ, ხათუნა გოგორიშვილმა, დავით საყვარელიძემ, ჩიორა თაქთაქიშვილმა, გიორგი ღვინიაშვილმა, შოთა მალაშხიამ ისაუბრეს უმრავლესობის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ, მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ ერთი კონკრეტულ საკითხზე და ვერ შეითავსებს საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებს. კამათის შემდეგ თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს: კობა დავითაშვილმა, ბიძინა გუჯაბიძემ, ზურაბ ტყემალაძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა, კარლო კოპალიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა, დავით ბერძენიშვილმა. კომიტეტის სხდომაზე პროექტის განხილვისას გამოთქმულ იქნა შენიშვნები, რომელიც შეეხებოდა დროებითი კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის და აღნიშნული კომისიების დაკომპლექტების წესებს. პავლე კუბლაშვილმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და გაიზიარა გამოთქმული შენიშვნები დროებით კომისიებთან მიმართებაში. ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ მანამ, სანამ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი არ იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ხელისუფლების განშტოებათა ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების ქმედითი საშუალებები, მიზანშეუწონლად მიაჩნია წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით შემოთავაზებული ნორმის მიღება, რომლის თანახმად ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტში, სადაც ნათქვამია, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები, ვინაიდან ასეთი ნორმის შემოღება მხოლოდ გააძლიერებს არსებულ დისბალანს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორებმა შეცვალეს წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა და აღნიშნეს, რომ ისინი ითხოვენ მხოლოდ უმრავლესობისა და მასში გაერთიანებული ფრაქციების უფლების შეზღუდვას წარადგინონ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა, ასევე მიზანშეუწონლად მიაჩნია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამ პუნქტით შემოთავაზებული ნორმა, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებით იზღუდება ზემოაღნიშნული სუბიექტების ის უფლება, რომლის შეზღუდვას არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. ამასთან იგი არ დაეთანხმა პარლამენტის რეგლამენტის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას, რასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი ცვლილება, ვინაიდან ეს მისაღები შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ პირველი და მეორე პუნქტების მიღების შემთხვევაში. ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა განხილვის შედეგები და აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კითხვით მიმართა საქართველოს პარლამენტის კვლევით დეპარტამენტს და გამოითხოვა სხვა ქვეყნის მაგალითები საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების წესთან და თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. მოწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ საგამოძიებო კომისიების დაკომპლექტება პირდაპირ ასახავს პარლამენტში ძალთა თანაფარდობას, კომისიის შემადგენლობა პროპორციულად არის ასახული პარლამენტში მანდატების განაწილების შესაბამისად. მეორე შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის არჩევას-კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან და კანდიდატურის წარდგენის უფლება რამოდენიმე საპარლამენტო სუბიექტს გააჩნია. საქართველოს პარლამენტის მოქმედი რედაქციის შესაბამისად საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვთ ფრაქციას, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. კომისიების დაკომპლექტებისას დაცული უნდა იყოს მანდატების პროპორციულად და უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს. ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ მიზანშეწონილია დღეისათვის მოქმედი რეგლამენტის რეგულაციები დარჩეს უცვლელი, ვინაიდან კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება არ შეეზღუდოთ საპარლამენტო სუბიექტებს, რაც წაადგება საპარლამენტო მუშაობას და თანაბარ პირობებში ჩააყენებს საპარლამენტო სუბიექტებსაც კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისას. ხოლო რაც შეეხება დაკომპლექტების წესს, მოქმედი რეგულაციით გათვალისწინებულია პარლამენტში ძალთა თანაფარდობა, კომისიის შემადგენლობა პროპორციულად არის ასახული პარლამენტში მანდატების გადანაწილების შესაბამისად. ამასთანავე, სამართლიანია არცერთ მხარეს არ ყავდეს კომისიაში ნახევარზე მეტი, არც უმცირესობას, არც უმრავლესობას. საკითხის განხილვის შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოადგინეს კომიტეტების დასკვნების პროექტები. გაიმართა ცალ-ცალკე კენჭისყრა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს: (7 მომხრე, 5 წინააღმდეგი)
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია პარლამენტის წევრების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა სულ შემოვიდა 118 პარლამენტის წევრის განცხადება საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. შესწავლილ იქნა შესაბამისი პარლამენტის წევრების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და დადგინდა, რომ არცერთ მათგანს ქალაქ ქუთაისში საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. კენჭი ეყარა კომიტეტის დასკვნის პროექტს. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მიმართოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის 118 წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ . დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით. მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ქვოტების განსაზღვრის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იმის გამო რომ შეიქმნა ახალი ფრაქცია 6 წევრის შემადგენლობით, საჭირო გახდა პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრა. აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა და აკაკი ბობოხიძემ.
. კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი
კომიტეტის აპარატის დავით ჯინჯოლავა უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
|






