საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2012 11:39

DSC 0043პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხი განიხილა.  კომიტეტის წევრებმა პირველ მოადგილედ ფრიდონ საყვარელიძე აირჩიეს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ ხმალაძის, დავით ბერძენიშვილის, ზაქარია ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
პროექტის თანახმად, უმრავლესობაში  შემავალ ფრაქციათა შორის, აგრეთვე უმცირესობაში შემავალ ფრაქციათა შორის შესაძლებელია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დათმობა ან გაცვლა.  სხდომაზე კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ პროექტით გათვალისწინებული  კვოტების განაწილების წესი გავრცელდეს ასევე საპარლამენტო მუდმივმოქმედ დელეგაციებზე, რაც პროექტის ინიციატორმა, დავით ბერძენიშვილმა  გაიზიარა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე გატანას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. კომიტეტის წევრებმა  გამოთქვეს მთელი რიგი შენიშვნები წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით. კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ  კანონპროექტს „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ იგი მომდევნო საკომიტეტო სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომზე ასევე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებები მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2012 11:42
 
modules