| სხდომის ოქმი N7 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N7 20 ნოემბერი 2012წ. 15:00 საათი
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, გურამ მისაბიშვილი, ზურაბ ტყემალაძე, აკაკი ბობოხიძის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე, ნინო გოგუაძის ადგილმონაცვლე ირაკლი ჩიქოვანი და შოთა მალაშხიას ადგილმონაცვლე თინათინ ბოკუჩავა. სხდომაზე მოწვეულები: იარაკლი სესიაშვილი და დავით ბერძენიშვილი- საქართველოს პარლამენტის წევრები სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 12 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ 2. საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა. /მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/ 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკითხის განხილვა.
სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევის საკითხის განხილვა.
მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია. კომიტეტის თამჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტის 39–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად დაასახელა ფრიდონ საყვარელიძის კანდიდატურა. კენჭი უყარეს და გადაწყვიტეს (ერთხმად): - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის შეესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეულ იქნა ფრიდონ საყვარელიძე; - კომიტეტის გადაწყვეტილება ეცნობოს პარლამენტის ბიუროს. /გადაწყვეტილება თან ერთვის/ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა
მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრების დავით უსუფაშვილის, გუბაზ სანიკიძის, შალვა შავგულიძის, თამაზ შიოშვილის, ფრიდონ საყვარელიძის, თენგიზ ხუბულურის, თამაზ მეჭიაურის, გიორგი ცაგარეიშვილის, თეიმურაზ ჩხაიძის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა შესაბამისი პარლამენტის წევრების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და დაადგინა, რომ არცერთი მათგანის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში აღნიშნული არ არის ქალაქ ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი ფართობი. აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა დასვა შეკითხვა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილ ვადასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პარლამენტის წევრების მიერ ქ. ქუთაისში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განცხადებებისა და ბინის მეპატრონესთან დადებული ხელშეკრულებების წარმოდგენას პარლამენტში. ირინე იმერლიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტის ბიურომ განცხადებებისა და ხელშეკრულებების წარმოდგენის ბოლო ვადად დაადგინა 2012 წლის 21 ნოემბერი, შესაბამისად კომიტეტის აპარატს დაავალა, რომ ამ ვადის თაობაზე შეეხსენებინათ ყველა იმ პარლამენტის წევრისათვის, რომელთაც განცხადება და ხელშეკრულება ჯერ არ ჰქონდათ წარმოდგენილი. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის დასკვნის პროექტს. გადაწყვიტეს(ერთხმად): კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მიმართოს ბიუროს საქართველოს პარლამენტის 9 წევრის (დავით უსუფაშვილის, გუბაზ სანიკიძის, შალვა შავგულიძის, თამაზ შიოშვილის, ფრიდონ საყვარელიძის, თენგიზ ხუბულურის, თამაზ მეჭიაურის, გიორგი ცაგარეიშვილის, თეიმურაზ ჩხაიძის ) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. /დასკვნა თან ერთვის / სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკითხის განხილვა მოიმინეს: დავით ბერძენიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც პროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ფრაქციათა მიერ გადანაწილებისა და გაცვლის შესაძლებლობის დაშვება უმრავლესობასა და უმცირესობაში გაერთიანებული ფრაქციებისათვის. მომხსენებლის აზრით, უმრავლესობის ან უმცირესობის ფრაქციათა შორის კვოტების გადანაწილების შეზღუდვის მოხსნა უფრო ეფექტურს გახდის საპარლამენტო საქმიანობას, რადგან ფრაქციათა ასეთი გაერთიანება ხორციელდება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შესაბამისად კომიტეტებში მათი უფრო ეფექტური წარმომადგენლობა დაეხმარება ფრაქციებს საკუთარი მიზნების განხორციელებაში, რაც საბოლოო ჯამში საპარლამენტო საქმიანობაზეც დადებითად აისახება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ეს შეზღუდვა მიზანშეწონილია მოიხსნას როგორც კომიტეტების, ასევე დროებითი და სხვა საგამოძიებო კომისიებისთვისაც. აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა მომხსენებელს მიმართა წინადადებით, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ტერმინი „გადანაწილება“, შეცვლილიყო ტერმინებით - დათმობა ან გაცვლა. აგრეთვე, აღნიშნა, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრისას საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება და ფრაქციებს მისცა უფლება უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში ურთიერთშეთანხმებით ადგილები გაეცვალათ. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრულ სფეროს (კომიტეტებს, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებს), რომელზედაც მოიხსნებოდა კვოტების გადანაწილების შეზღუდვა, ლოგიკური იქნებოდა დამატებოდა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებიც. ხათუნა გოგორიშვილმა სხვადასხვა მოწვევის პარლამენტების გამოცდილების გათვალისწინებით აღნიშნა, რომ კვოტირების პრინციპი ყოველთვის არ მოქმედებდა. მისი აზრით, ვინაიდან საპარალამენტო უმრავლესობა და უმცირესობა იქმნება ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის მქონე ფრაქციებისგან, ადგილების გაცვლის პრინციპი უფრო მოხსნის რიგ პრობლემებს, ვიდრე გაამწვავებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგობრივ კომიტეტებში საქმიანობის ეფექტურ წარმართვას. დავით ბერძენიშვილი დაეთანხმა ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას - ტერმინის - „გადანაწილება“ ადგილზე – „გაცვლის“ გამოყენების თაობაზე. აგრეთვე მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საპარლამენტო ფრაქციებს ადგილების გაცვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ აგრეთვე მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებშიც. ბიძინა გუჯაბიძემ დასვა შეკითხვა საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი ცვლილება - ფრაქციებისათვის ადგილების გაცვლის უფლების მინიჭების თაობაზე, დროებით იმოქმედებდა თუ ხანგრძლივად, რაზედაც დავით ბერძენიშვილმა განმარტა, რომ ეს ცვლილება იმოქმედებს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. ირაკლი ჩიქოვანი დაეთანხმა საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილ ცვლილებას და აღნიშნა, რომ ფრაქცია არის პოლიტიკური ნიშნით შექმნილი გაერთიანება, ამიტომ თუ ფრაქციები გაერთიანებული არიან უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ინტერესების თანხვედრა მაღალია; შესაბამისად ადგილების გაცვლის პრინციპის შემოტანა და ურთიერთდათმობა უფრო გააუმჯობესებს საპარლამენტო საქმიანობას. ირინე იმერლიშვილმა მომხსენებლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენისა და კომიტეტის წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდგომ აღნიშნა, რომ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც პირველ რიგში მოითხოვს დელეგაციების მიხედვით რომელიმე უცხო ენის ფლობას, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო ფრაქციებს შორის ადგილების გაცვლას და ურთიერთდათმობას, მაგრამ კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში პროპოციული წარმომადგენლობის კვოტების გადანაწილების ნაცვლად ფრაქციებს შორის ადგილების „გაცვლის“ პრინციპის დამკვიდრებას არ ეთანხმება. ვინაიდან შესაძლებელი იქნება ერთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გაერთიანებული პარლამენტის წევრთა ერთ რომელიმე კონკრეტულ კომიტეტში, საგამოძიებო თუ სხვა დროებით კომისიაში თავმოყრა/გაერთიანება, რაც გამოიწვევს ფრაქციებს შორის დისბალანს და ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად განსაზღვრის პრინციპის დარღვევას. მითუმეტეს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „ფრაქცია არის პარლამენტის წევრთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნის მისარწევად“ და არა კომიტეტი ან საგამოძიებო/სხვა დროებითი კომისია. სწორედ აქედან გამომდინარე, ირინე იმერლიშვილის აზრით, რეგლამენტის 92-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. როგორც ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის წევრს რომელიმე კონკრეტული კომიტეტის წევრობა არ ზღუდავს, რომ თავისი შეხედულება დააფიქსიროს მისთვის საინტერესო საკითხზე და მონაწილეობა მიიღოს სხვა კომიტეტის საქმიანობაში. მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებაში (კენჭისყრაში) ვერ მიიღებს მონაწილეობას. განსაკუთრებით საყურადღებოა იმ გარემოების გათვალისწინებაც, თუ როგორ ხდება უმრავლესობის ან უმცირესობის ფორმირება, კონკრეტულად, განსხვავებული სიტუაციაა იმ შემთხვევაში, როდესაც უმრავლესობა კოალიციური ხასიათისაა. ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, მის მიერ ჩამოყალიბებულ განსხვავებულ მოსაზრებას დააფიქსირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინიციატივის განხილვისას. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს კენწისყრაში მონაწილეობდა სხდომაზე დამსწრე კომიტეტის 12 წევრი 11 - მომხრე 1- წინააღმდეგი გადაწყვიტეს: /დასკვნა თან ერთვის/ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ი. სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ", საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, "პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის" თაობაზე„ საკითხის განხილვა მოისმინეს: ირაკლი სესიაშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ქვეყანაში სამხედრო ძალებზე კონტროლის განხორციელების ნაკლებად ეფექტური მექანიზმების არსებობა, ასევე ჯარში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების სუსტი ინსტიტუტის არსებობა; შესაბამისად წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენს სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება და კონტროლის კონკრეტული მექანიზმების ამოქმედება. ასევე ჯარში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტი ეყრდნობა დემოკრატიულ კონცეფციას, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული ცივილიზებულ ქვეყნებში, კონკრეტულად საფუძვლად გამოყენებულია გერმანული მოდელი, სადაც სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტი არსებობს პარლამენტის დამხმარე ორგანოს სახით. ამ მოდელის ანალოგიურად საქართველოს პარლამენტის დამხმარე ორგანოდ - სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის ამოქმედების გზით, ჩვენ გვექნება იმგვარი ინსტიტუცია, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს სამხედრო ძალებზე დემოკრატიულ კონტროლს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მითითებით განახორციელებს კონკრეტულ ქმედებებს, რაც გულისხმობს: - სამხედვრო ძალებისა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვა; - მედიატორობა „უფროსსა და უმცროსს“ შორის ; - მედიატორობა თავდაცვის სფეროსა და პარლამენტს შორის; - საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება; - პარლამენტის მითითებით კვლევა-ძიების ჩატარება კონკრეტულ პრობლემურ საკითხებზე; - სამხედრო მოსამსახურის ღირსების პატივცემა; - სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვაში შუამავლობა; - პრევენტული ღონისძიებების გატარების გზით ზემოქმედება ჯარში ადამიანის უფლებების დარღვევის შემცირებაზე. კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო რწმუნებული თავისი უფლებამოსილებებით, როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, უტოლდება სახალხო დამცველის ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს სახალხო დამცველი, როგორც პრაქტიკა უჩვენებს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, განსაკუთრებით მათი დახურული სისტემის პირობებისა და სპეციფიკური საქმიანობის გათვალისწინებით. ამაზე მეტყველებს პირადად მისი 13 წლიანი საქმიანი გამოცდილებაც სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის სფეროში. მისი აზრით, სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღება ხელს შეუწყობს მანკიერი მენტალური მემკვიდრეობის დაშლას სამხედრო სამსახურის სფეროში. როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების ნაწილში გულისხმობს სამხედრო რწმუნებულისათვის სახალხო დამცველის ანალოგიური უფლებების მინიჭებას . აზრი გამოთქვეს:
ზურაბ ტყემალაძე დაეთანხმა საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობას
ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, სამხედრო რწმუნებული, თავისი უფლებამოსილებებით სახალხო დამცველის ანალოგია, ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ უფლებამოსილებების შესაბამისად მისი რანგის, სტატუსის აწევაც. ის სტატუსი („საქართველოს პარლამენტის დამხმარე ორგანო“) - რომელიც კანონპროექტშია ჩამოყალიბებული სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტს ათანაბრებს მაგალითისათვის, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რაც გულისხმობს თუნდაც იმ ფაქტს, რომ სამხედრო რწმუნებულის აპარატს დანიშნავს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი ბიუჯეტიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში ჩასმული იქნება, როგორც პარლამენტის დამხმარე ორგანოს ბიუჯეტი (01-05). ის არგუმენტაცია, რომ საფუძვლად აღებულია გერმანული მოდელი, სადაც სამხედრო რწმუნებული პარლამენტის დამხმარე ორგანოა, მისი აზრით, ვერ გამოდგება, რადგან გერმანიაში - „პარლამენტის დამხმარე ორგანო“ - ყველაზე მაღალი სტატუსის ორგანოა განსხვავებით საქართველოსაგან. როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, მიზანშეწონილი იქნება, რომ სამხედრო რწმუნებული, თავისი სტატუსით იყოს - არა პარლამენტის დამხმარე ორგანო, არამედ პარლამენტთან არსებული ორგანო - აუდიტის სამსახურის ანალოგიური. მიზანშეწონილი და აუცილებელია აგრეთვე კანონპროექტში გამოყენებული ტერმინის - „სამხედრო ძალების“ დაზუსტება, კერძოდ, ჩამონათვალის გაკეთება, ვისზეც გავრცელდება სამხედრო რწმუნებულის უფლებამოსილებები, შესაძლოა ტერმინთა განმარტებაც. საკანონმდებლო ინიციატივაში არ არის ჩამოყალიბებული აგრეთვე სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში არსებულ „ნდობის ჯგუფთან“. აუცილებელია აგრეთვე ცვლილებები შევიდეს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში იმ მიზნით, რომ სამხედრო რწმუნებულის მაღალი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, განისაზღვროს თუ რა დონის დაშვება ექნება სამხედრო რწმუნებულს სახელმწიფო საიდუმლოებაზე. „კანონით დადგენილი წესი“, რომელიც დაფიქსირებულია კანონპროექტში არ იმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან მიმართებაში. ხათუნა გოგორიშვილის აზრით, აუცილებელია სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების პროცედურები იყოს თვითონ კანონში ჩამოყალიბებული და არა მის გარდამავალ დებულებებში. იმ შემთხვევაში, თუ კანონში სამხედრო რწმუნებულის შესახებ ყველაფერი დეტალურად არ იქნება გაწერილი, პრობლემა შეიქმნება კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად ბუნებრივია, რომ არ წარმოადგენს კანონპროექტის ინიციატორთა მიზანს. ხათუნა გოგორისვილმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მის მიერ გამოთქმული ყველა მოსაზრება და შენიშვნა გამოთქმულია არა ოპონირების, არამედ თანამშრომლობის რეჟიმში. დავით საყვარელიძემ აგრეთვე გამოთქვა მოსაზრება „სამხედრო ძალების“ ტერმინის დაზუსტებასთან დაკავშირებით, იმ მიზნით რომ ზუსტად განისაზღვროს თუ ვისზე გავრცელდება სამხედრო რწმუნებულის უფლებამოსილებები- ყველა სამხედრო პირზე, თუ ყველაზე, ვინც სამხედრო მოსამსახურის სტატუსით სარგებლობს? მაგალითისათვის, დაცვის პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმები სარგებლობენ გასამხედროებულის სტატუსით. დავით საყვარელიძე დაეთანხმა აგრეთვე მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაკონკრეტდეს სამხედრო რწმუნებულის სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების პროცედურები. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ სამხედრო რწმუნებულის კანდიდატურისათვის კანონპროექტის შესაბამისად განსაზღვრულია მხოლოდ ასაკობრივი ცენზი (არანაკლებ 30 წლის). უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი ხომ არ იქნებოდა კანდიდატურების მიმართ მოთხოვნების გაფართოვება? თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა გერმანული მოდელის გარდა ინიციატორებმა გაითვალისწინონ სხვა ქვეყნების, მაგალითისათვის ბელგიის, ჰოლონდიის გამოცდილება. მიზანშეწონილი იქნება აგრეთვე ასაკობრივი ცენზის გარდა დაემატოს სხვა კრიტერიუმებიც - მაგალითისათვის „არაპარტიულობა“. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ თუ კრიტერიუმებს ძალიან გავამკაცრებთ შესაძლოა ვერ შევარჩიოთ კანდიდატურა. სასურველი იქნება აგრეთვე გააზრება იმ მექანიზმების, თუ როგორ გაიზარდოს უმცირესობის როლი სამხედრო რწმუნებულის კანდიდატურის არჩევის პროცესში. ირაკლი სესიაშვილმა გაიზიარა სხდომაზე გამოთქმული რიგი მოსაზრებები. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისთვის ეს მოდელი და სამხედრო რწმუნებულის კანონპროექტით განსაზღვრული სატატუსი - „პარლამენტის დამხმარე ორგანო“ ყველაზე მისაღები აღმოჩნდა იმის გამო, რომ საქართველო 2013 წლიდან გადადის სახელმწიფო მოწყობისა და მმართველობის საპარლამენტო მოდელზე. „სამხედრო ძალების“ ტერმინის დაზუსტებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ ტერმინში მოიაზრება თავდაცვის სამინისტროს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სექტორს. ბიძინა გუჯაბიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და საინტერესო მოსაზრებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი ხომ არ იქნებოდა მომხდარიყო კანონპროექტის დახვეწა სამუშაო რეჟიმში და კომიტეტის მიერ დასკვნის შემდგომ მიღება.
ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა კომიტეტის სხდომაზე გამართული მსჯელობა. ინიციატორთან და კომიტეტის წევრებთან შეთანხმებით, საკანონმდებლო ინიციატივის საბოლოო დახვეწის მიზნით, კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის წევრის ი. სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: "საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ", საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, "პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის" თაობაზე გადატანილის იქნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მომდევნო უახლოესი სხდომისათვის
კომიტეტის თავმჯდომარე
ირინე იმერლიშვილი კომიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯინჯოლავა |






