დასკვნა საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დ ა ს კ ვ ნ ა

საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“, იგი აფუძნებს სამხედრო რწმუნებულის ინსტიტუტს, რომელიც სამხედრო პერსონალის ადვოკატირებას გასწევს.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აქვს დამკვიდრებული სხვადასხვა მექანიზმები და სამხედრო ობუდსმენის ინსტიტუტები, რომლებიც განიხილავენ სამხედრო პერსონალის საჩივრებს. მართალია ომბუდსმენის მანდატი და მოქმედების ჩარჩო ქვეყნების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ძირითადად სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის მიზანია შეიარაღებულ ძალებზე ზედამხედველობა და იმ ქმედებათა გამოძიება, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან.

სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული ზედამხედველობა და საჩივრების მექანიზმი, სხვადასხვა საფუძვლებსა და საორგანიზაციო პრინციპებს ეყრდნობა. შეიარაღებული ძალების ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტი (მაგალითად პარლამენტის სამხედრო რწმუნებული როგორც გერმანიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაშია), სამხედრო სტრუქტურაში არსებული ინსტიტუტი (ამერიკის შეერთებული შტატები) ან ზოგადად ომბუდსმენი, რომელსაც სამხედრო პერსონალზე ზედამხედველობის იურისდიქციაც აქვს (სერბეთი).

კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სამხედრო ძალებზე დემოკრატიული კონტროლი სწორედ პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის მეშვეობით განხორციელდეს და მხარს უჭერს აღნიშნულ საკითხს.

პატივისცემით,

 

ვიქტორ დოლიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

შემსრულებელი: თამთა ჭუმბურიძე

 
modules