| დებულება |
|
დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 10 დეკემბრის N13/16 გადაწყვეტილებით
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დებულება
თავი I ზოგადი დებულებები
მუხლი 1 1. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი (შემდგომში - კომიტეტი) არის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შექმნილი ორგანო, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. კომიტეტი თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო და კანონშემოქმედებით საქმიანობას და აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. 3. კომიტეტი ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, ხელს უწყობს საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას.
თავი II კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 2 1. კომიტეტი, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტში შესული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სხვა სუბიექტების მიერ შემუშავებულ კანონპროექტებზე; გ) საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის დადებული „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების პრინციპებსა და დებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის # 828-Iს დადგენილების, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით განსაზღვრული საკითხების (ასოცირების ხელშეკრულება; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და სხვა) გათვალისწინებით შეიმუშავებს დასკვნებს კანონპროექტებზე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის მიზნით. დ) მონაწილეობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, შეიმუშავებს პოლიტიკურ და სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებს, წარადგენს შენიშვნებსა და წინადადებებს. ე) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურის განხორციელების დროს განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს; ვ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით; ზ) საკანონმდებლო ინიციატივების ტექსტებზე მუშაობისა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის განხორციელებისას თანამშრომლობს და მართავს დიალოგს სამოქალაქო სექტორთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან. თ) შეისწავლის და აანალიზებს ევრო-კომისიის მიერ ქვეყნის შეფასების წლიურ ანგარიშებს საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ი) აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან, კანონმდებლობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს პარლამენტს შესაბამის დასკვნას; კ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას; ლ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს პარლამენტს შესაბამის დასკვნას; მ) ისმენს საქართველოს მთავრობის წევრების, სხვა სათანადო უწყებების წარმომადგენლების ინფორმაციას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე, ახორციელებს საზედამხედველო საქმიანობას მთავრობის მიერ ევრო-ინტეგრაციული პროცესების წარმართვაზე. ნ) ისმენს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და პროექტების განხორცილების პროცესთან დაკავშირებით. ო) მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხილვაში, მათი რატიფიკაციის, დენონსირებისა და გაუქმების პროცესში; პ) ამყარებს კონტაქტებს და თანამშრომლობს უცხოეთის ქვეყნების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ჟ) საქართველოს პარლამენტში ევროპული მიმართულების გაძლიერებისა და განვითარების, აგრეთვე, ევრო-ინტეგრაციული პროცესების პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკურ/ექსპერტულ საქმიანობას. ამ მიზნით დებს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების შესაბამის სტრუქტურებთან, ასევე, საქართველოში ფუნქციონირებად საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რ) იღებს მოქალაქეებს და განიხილავს მათ საჩივრებსა და განცხადებებს; ს) წყვეტს კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; ტ) ახორციელებს ამ დებულებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი III კომიტეტის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები
მუხლი 3 1. კომიტეტის წევრები არიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები. 2. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობებისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესაბამისად. 3. კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, კომიტეტის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. კომიტეტი თავის წევრთაგან, უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის სამ მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 5. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში. 6. კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 7. კომიტეტის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან; გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში; დ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; ე) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.
მუხლი 4 1. კომიტეტის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, პარლამენტის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; ბ) საერთო კოორდინაციას უწევს უცხოეთის სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებსა და სხდომის ოქმებს; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის; ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის მოკლე წერილობით ანგარიშს; ზ) ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, აგრეთევ სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს. კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან. 3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მის მოვალეობას; ბ) კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებებს.
თავი IV კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია
მუხლი 5 1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს. 2. კომიტეტი: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს; გ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, აგრეთვე განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს გადასცემს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსათვის წარსადგენად; 3. ამ რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 4. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი. 5. კომიტეტს შეუძლია თავისი გადაწყვეტილებით ცვლილებები შეიტანოს თავისი მუშაობის განრიგში. 6. კომიტეტის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის პირველი - მოადგილე. 7. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. 8. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 9. კომიტეტის წევრს ამ დებულებით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 285-286-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. 10. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას დახურული სხდომის ჩატარების შესახებ. 11. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, აგრეთვე საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები. 12. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
თავი V კომიტეტში საკანონმდებლო და სხვა საკითხების განხილვა და მისი საკონტროლო ფუნქციები
მუხლი 6 1. კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს თავის სხდომებზე. 2. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 3. კომიტეტის გადაწყვეტილებათა მიღება ხდება ღია ან ფარული კენჭისყრით. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის საჭირო ხმების ნახევრისა. კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომიტეტის წევრს უფლება აქვს თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია. 5. კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე. 6. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
მუხლი 7 1. კომიტეტი, თავის კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებების და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას, მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს. 2. კომიტეტი ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების და მთავრობის საქმიანობაზე. 3. კომიტეტი იხილავს თავის გამგებლობის სფეროში კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის საკითხებს. კომიტეტი უფლებამოსილია შესაბამის კანდიდატურას მოსთხოვოს წერილობითი ინფორმაცია მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ. 4. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტი ამზადებს დასკვნას საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთათვის ნდობის გამოცხადების, მათი თანამდებობაზე არჩევის, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. 5. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე, რომლებსაც ირჩევს, ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი. 6. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. 7. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები კომიტეტის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით. 8. კომიტეტი მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციების მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილ კანონის დარღვევებზე შეიმუშავებს და უგზავნის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოებს. რეკომენდაციების განხილვის შედეგების ან მიღებული ზომების შესახებ კომიტეტს უნდა ეცნობოს დადგენილ ვადებში. 9. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა კომიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის განისაზღვრება რეგლამენტით.
თავი VI კომიტეტის აპარატი
მუხლი 8 1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომიტეტის აპარატი, რომლის ძირითადი ამოცანაა კომიტეტის ხელმძღვანელობის, კომიტეტში მომუშავე პარლამენტის წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, საინფორმაციო, ტექნიკური და სხვა მომსახურების უზრუნველყოფა. 2. კომიტეტის აპარატი წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. 3. კომიტეტის აპარატი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ა) კომიტეტის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურება და საქმისწარმოება; ბ) კომიტეტის წევრთათვის მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეწყობა; გ) კომიტეტის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების შემუშავება, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება; დ) კომიტეტში შემოსულ კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად; ე) კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციული, ანალიტიკური და სხვა საკითხების შესწავლა და გადაწყვეტა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა პარლამენტის აპარატის სხვა ქვედანაყოფებთან, პარლამენტის კომიტეტებთან, ფრაქციებთან, ჯგუფებთან და კომისიებთან, აგრეთვე კომიტეტის ინტერესების სფეროში შემავალ სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან; ზ) მიმდინარე საკითხებისა და სხვა ამოცანების შესრულება; თ) მოქალაქეთა წერილებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე შესაბამისი რეაგირება; ი) კომიტეტის სხდომების ოქმის მომზადება; კ) კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 4. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები). 5. კომიტეტის აპარატის უფროსსა და სპეციალისტებს კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. |






