სხდომის ოქმი N4

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომის

ოქმი N4

 

27 ნოემბერი , 2012წ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზი

 

         სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, საყვარელიძე ფრიდონი, მახარაძე მიხეილი, ლონდარიძე ტარიელი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიკოსები და ცნობილი ქართველი მეცნიერები, მასმედიის წარმომადგენლები და კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.

დღის წესრიგი

  1. 1.უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გასატარებელი რეფორმების შესახებ კომიტეტში შემოსული წინადადებების განხილვა.

          

                                                                  ( ივანე კიღურაძე - კომიტეტის

                                                                       თავმჯდომარე);      

           მოისმინეს საქართველოს პარლამენტის განათლების , მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარის ბატონი ივანე კიღურაძის მოხსენება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გასატარებელი რეფორმების შესახებ , ასევე განიხილეს კომიტეტში შემოსული წინადადებები. მათ შორის წარმოდგენილი იყო „ქართული აკადემიის“, ენათმეცნიერების, ფიზიკის, ელექტროქიმიის, ქიმიის და მათემატიკის ინსტიტუტების წინადადებები. " ხელისუფლების მიზანია მოისმინოს ყველა არსებული წინადადება . რეფორმა რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში უნდა იყოს შეჯერებული ",- აღნიშნა ი. კიღურაძემ.

საკითხზე გაიმართა მსჯელობა რომელშიც მონაწილეობდნენ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები: თემურ ნანეიშვილი, ჯემალ მებონია, ავთანდილ არაბული, გიორგი ხარაძე, თამაზ მარსაგიშვილი, ვლადიმერ ციციშვილი, თორნიკე ადეიშვილი, მალხაზ ზაალიშვილი, რომან შაქარაშვილი, ლადო პაპავა, მამუკა ჯიბლაძე, გიორგი ჯაფარიძე, ავთო სულაბერიძე, მელიქიშვილი იანა, აპოლონ სილაგაძე, გიორგი კვესიტაძე, მინდია სალუქვაძე, ჯუმბერ ლომინაძე.   მათ თავიანთ გამოსვლებში ერთხმად გაიზიარეს ი. კიღურაძის წინადადება რეფორმის ჩატარების აუცილებლობაზე, ასევე ჩამოაყალიბეს საკუთარი ხედვები, ისაუბრეს ინსტიტუტების ტექნიკური ბაზების გაუმჯობესებაზე. გამახვილდა ყურადღება მეცნიერთა ღირსეული არსებობისათვის სოციალურ გარანტიებზე და ხელფასების მომატების საკითხზე. ისეთი სისტემების შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვას. ასევე გამოითქვა მოსაზრებები და შენიშვნები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში გასატარებელი რეფორმის შესახებ თავიანთი ხედვების წარმოდგენისათვის და აღნიშნა, რომ ყველა მოსაზრება ერთიან პროცესში უნდა იქნას განხილული. „საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველოში მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების დაგეგმვის მომავალი უნდა იყოს იმ კომპეტენტური ხალხის ხელში როგორიც თქვენ ბრძანდებით“, - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას . მისი თქმით იმისთვის, რომ ასეთი დისკუსია რეალური და პროდუქტიული იყოს აუცილებელია თანამშრომლობა პრემიერ მინისტრთან არსებულ სპეციალურ კომისიასთან.

          კომიტეტმა გადაწყვიტა:

საქართველოს პრემიერ მინისტრთან შექმნილ კომისიასთან განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მიწოდება.

 

სხდომის თავმჯდომარე                               ივანე კიღურაძე

სხდომის მდივანი                                         ნინო მაისურაძე