| სხდომის ოქმი N4 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის 2012 წლის 22 ნოემბერი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: პ. ცისკარიშვილი სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ჟვანია, რ. შავლოხაშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი,
მოწვეული სტუმრები: დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ზ. ჩეკურაშვილი - სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსი, თ. კალანდაძე, ზ. ლიპარტია, მ. სოხაძე - „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოადგილეები, ვ. ქობალაძე - „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, მ. კოიძე - საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, შ. მელქაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „XXI საუკუნე“, ნ. აგიაშვილი - ვეტექიმი, ო. ნიშნიანიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, რ. კობახიძე - „გარემო, რისკი, საზოგადოებრივი უფლებები“, ზ. კიკალია, ი. ურიდია - შემოსავლების სამსახური, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დღის წესრიგი 1. ინფორმაცია - „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“. (მომხსენებელი: დ. კირვალიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი). ა. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“; ბ. „ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ“; გ. „მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ“. (მომხსენებელი: ზ. ჩეკურაშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს უფროსი).
I .მოისმინეს:
დ. შერვაშიძის ინფორმაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“. მან დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობა თანმიმდევრულად, თითოეული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგის უფრო ეფექტურად განვითარების მიზნით, დღის წესრიგში დადგა დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. სამინისტრომ აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ევროკავშირის ექსპერტებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან - სურსათის და ღვინის ეროვნულ სააგენტოებთან. მინისტრის ბრძანებით ზემოაღნიშნული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის და მოქმედი ნორმატიული აქტების განხილვა/ანალიზის უზრუნველსაყოფად შეიქმნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, რომლის მუშაობაში ჩართულები იქნებიან დარგის სპეციალისტები და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტები. /სრული ინფორმაცია - „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“ - ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: 10. გ. ღვინიაშვილი: „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მინდა გითხრათ კახეთის მაგალითზე, რომ მიწების რაოდენობების უმრავლესობამ ფაქტიურად ამოწურა თავისი რესურსი. ხშირად, ეს არცოდნით და შესაძლებლობების არქონით ხდება, როდესაც ადამიანს არ აქვს საშუალება, ან არ იცის, რითი გააუმჯობესოს თავისი მიწა. მსხვილი ფერმერები ახერხებენ მიწების განაყოფიერებას. გლეხებს კი, ისევ კახეთის მაგალითზე გეტყვით, ამოჩემებული აქვთ გვარჯილა, საჭიროა თუ არა. მაინტერესებს, თუ არსებობს რაიმე პროგრამა, რომ ხალხს დავეხმაროთ ამ საკითხების მოგვარებაში? თუ არის გათვალისწინებული თანხები ბიუჯეტში ან 1 მილიარდიან ფონდში, რომელზეც ვსაუბრობდით. არ ვიცით, ეს კონკრეტულად რა არის. ფინანსთა მინისტრმა ახსენა, რომ ეს იქნება კერძო ინვესტიციებით შევსებული ფონდი, თუმცა რა გარანტია გვაქვს, რომ 1 მილიარდიან კერძო ინვესტიციებს მოვიტანთ საქართველოში? 11. დ. შერვაშიძე: მოგახსენებთ, რომ ჩვენს ახალ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ გარკვეული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ზოგ რაიონში 5, ზოგში - 4, სამსახურების, რომელთა პირდაპირი ფუნქცია იქნება ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრა. ეს ჯგუფები დახმარებას გაუწევენ გლეხებს, მათი ნაკვეთებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციებს გაუწევენ ყველა იმ მიწათმოსარგებლეებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ. სასუქებით უზრუნველყოფაც ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში აზოტოვანი სასუქებით ნიადაგის მომარაგებამ კარგი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ, ეს ჯგუფები მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან გლეხებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კომპლექსური სასუქების გამოყენება. ფოსფოროვანის, კალიუმიანის და ა.შ. 12. გ. ღვინიაშვილი: პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეგვპირდნენ, რომ გაზაფხულიდან უფასო ხვნა-თესვა იქნება. სასუქებთან დაკავშირებულ ხარჯებს რაც შეეხება, შეღავათები იქნება თუ უფასოდ მიეწოდებათ ისინი გლეხებს? 13. დ. შერვაშიძე: ჩვენ ვამზადებთ სერიოზულ საგაზაფხულო პროგრამას. მიწათმოსარგებლეების იდენტიფიცირება დღეს არ არის. 3 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი გვაქვს ქვეყანაში. მათი დეფინიცია, გრადაცია უნდა მოხდეს. სასოფლო-სამეურნეო სავარგული რამდენია, რამდენია პროცენტულად სახნავი, სათესი, ხეხილის ბაღი, საძოვარი და ა.შ. ეს მონაცემები არ არსებობს. რაიონების გამგებლებს ვთხოვეთ წარმოგვიდგინონ ინფორმაციები, ვადად განვსაზღვრეთ 10 დეკემბერი, ვფიქრობთ, 15 დეკემბრისთვის ეს გვექნება. ამის გარეშე ვერ შევძლებთ ბიუჯეტის გაკეთებას. როგორც კი გარკვეული მონაცემთა ბაზა იქნება შექმნილი, ამაზე დაყრდნობით მალე ყველა შეიტყობთ და გამოვაცხადებთ საგაზაფხულო პროგრამას, მისი მიმდინარეობის ვადებს და მასთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას. 14. დ. ჩაჩანიძე: ჩვენ გვაქვს მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური ცენტრი. ვაწარმოებთ ბიოსასუქებს და ბიოდაცვის საშუალებებს. სიმინდს რაც შეეხება: გვაქვს ურთიერთობა ევროპელ პარტნიორებთან და გვაქვს კატეგორიული რეკომენდაცია, არ გამოვიტანოთ „Dupont“ შვილობილი მონსანტოს თესლი. მაგ: ერთი აწარმოებს ბიოლოგიურად სუფთა სიმინდს და აპირებს მის ექსპორტს საზღვარგარეთ. რამდენად იქნება დაცული ბიოსისუფთავე, თუ მეზობელი ფერმერი დათესავს პიონერის ჯიშის თესლს? ეს ჯიში ჰიბრიდულია თუ გენმოდიფიცირებული, ამაზე პასუხი არ არსებობს. 2. რაც შეეხება ნიადაგის დაბინძურებას, ჩვენ ვაწარმოებთ რამდენიმე ბიოლოგიურ პროდუქტს, მაგ სასუქი „ორგანიკა“, რომლის ექსპორტი ხდება სომხეთში. დამტკიცებულია, რომ ბიოლოგიური, ორგანული მეთოდები ნიადაგს აუმჯობესებს. საჭიროა აქ კომპლექსური მიდგომა. ვიყენებთ ბიოპესტიციდებს სასუქებთან ერთად, ფუნგიციდებს და სხვ. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ ბიომეურნეობა განვითარდეს.გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“. II.მოისმინეს: ზ. ჩეკურაშვილის ინფორმაცია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, ასევე წარმოადგინა ინფორმაცია სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის გაწეული საქმიანობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მიზნობრივი პროგრამის ეფექტურობის შესახებ 2012 წლის 1 ნოემბრისთვის, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების მონაცემები ამ პერიოდისათვის, მიღწეული შედეგების, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ: საქართველოში ეპიზოოტიური მდგომარეობისა და მიზნობრივი პროგრამის ეფექტურობის შესახებ 2012 წლის 1 ნოემბერისთვის, 2012 წელს მცენარეთა მავნებლების საწინააღმდეგოდ ჩატარებული სამუშაოებისა და მიზნობრივი პროგრამის ეფექტურობის შესახებ. /სრული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით - ოქმს თან ერთვის/.
აზრი გამოთქვეს: 10. შ. მელქაძე: არსებობს საქართველოში საღებავები, საკვებდანამატები, გენმოდიფიცირებული პროდუქცია. ყველაფერი უნდა იქნას შემოწმებული, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ამას გააკეთებს. მაინტერესებს, თუ მიდის ამ საკითხებზე მუშაობა? 11. მ. ქობალაძე: ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ კოდექსის პროექტი შეთანხმებული იყო ევროკავშირთან, როდესაც მათ წარმომადგენლებს ვკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ასე სრულიადაც არ იყო. თქვენ თქვით, რომ ევროკავშირმა მოგაწოდათ ვრცელი რეკომენდაციები და იქნებ გადმოგვიგზავნოთ. მეორე: თითქოს 44 000 სურსათის ოპერატორი არსებობს რეალურად, მე არ მაქვს ზუსტი მონაცემები, მაგრამ ჩატარებული კვლევების შედეგებით, 100 000 ზე მეტია. ანუ, თქვენს მიერ მოყვანილი ციფრები არ არის ზუსტი. 12. ო. ნიშნიანიძე: სარეალიზაციო ობიექტები მოწმდება, მაგრამ რამდენად მოწმდება შემოსული, იმპორტირებული პროდუქცია? ვის ეხება ეს? 13. რ. კობახიძე: აპირებთ, თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გადახვიდეთ ბოშის სისტემაზე, როდესაც ბიუჯეტი ორიენტირებულია შედეგზე. ერთი წლის შემდეგ კი მოხდეს მისი კრიტიკული და სერიოზული რევიზია. აუცილებლად უნდა იყოს ჩადებული შედარება წინა წლებთან, რომ არაფრისმომცემი, მშრალი ციფრები არ იყოს გაწერილი. 14. დ. შერვაშიძე: მოგეხსენებათ, რეალურად სამსახურებმა 3 კვირაა დაიწყეს ფუნქციონირება და ამ პერიოდის განმავლობაში ამდენი ხნის დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტა, ასე იოლი არ არის, თუმცა ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისათვის. მე დიდ მადლობას ვუხდი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს გვესწრებიან. მომავალში, სამინისტრო და კერძოდ, სურსათის უვნებლობის სამსახური, ღიაა ნებისმიერი თანამშრომლობისთვის, მზად ვართ, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ, რომ მომხმარებელი იყოს ინფორმირებული. ჩვენ უნდა გამოვიდეთ მეწარმეების ინეტერსებიდანაც, რადგან მეწარმეებზე დგას ქვეყნის ეკონომიკა. 15. ზ. ჩეკურაშვილი: მცენარეთა მავნებლებთან დაკავშირებით - გაგრძელდება აუცილებლად მუშაობა მომავალში. შევეცდებით ნელ-ნელა გადავიდეთ ბიოლოგიურ პრეპარატებზე, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია. ჩვენ ქიმიური პრეპარატებიც უნდა გვქონდეს, რომ ვიყოთ დაზღვეულები, იმ შემთხვევისაგან, თუ ბიოპრეპარატმა არ იმუშავა. ევროკავშირთან და კოდექსთან მიმართებაში - მაისში კანონი მიიღეს, მათ წარმომადგენლებს უთხრეს, რომ შენიშვნები გაითვალისწინეს. სექტემბრისთვის გაუგზავნეს კოდექსის ინგლისურენოვანი თარგმანი, სადაც არ იყო სწორედ ჩაწერილი ბევრი რამ, მოატყუეს ფაქტიურად. ძალიან მალე, (ევროკავშირი გვიფინანსებს) პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვეყოლება მუდმივი მრჩეველი, რომელიც იყო ესტონეთში ასეთივე სააგენტოს უფროსი. შემდეგი კითხვა იყო, ტაბახმელაზე, ვაქცინაციაზე: ტაბახმელა აღარ ფუნქციონირებს. ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინების დამამზადებელი არის მხოლოდ ბაქტერიოფაგი. ეს პროცედურები ხდება ტენდერების შესაბამისად და მასში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ყველას. ბაღები, სკოლები და ა.შ ჩვენი პირადი კონტროლის ქვეშ იქნება. იმ ტენდერებში, რომელიც ცხადდება მერიით, მათი საკვების მომარაგებასთან დაკავშირებით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ საწარმოს, რომელსაც აქვს ჩვენი სამსახურისა და სამინისტროსგან კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 21-ე საუკუნის ორგანიზაციის ლაბორატორიასთან დაკავშირებით - ეს ძალიან სერიოზული თემაა. საქართველოში უნდა იყოს რეფერენს- ლაბორატორია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ლაბორატორია, სადაც ვეტერინარია ძალიან კარგადაა წარმოდგენილი, დანარჩენი დარგები - არა. რეფერენს, ანუ ეტალონური ლაბორატორია, უნდა იყოს სახელმწიფო ბალანსზე აუცილებლად. ექსპერტიზა, ფალსიფიკაცია, ხარისხი, კოდექსიდან საერთოდ ამოღებულია, ამაზე უნდა ვიფიქროთ. 16. თ. კალანდაძე: ინფორმირებულობას რაც შეეხება, ჩვენ არ ვწერთ კანონებს, ჩვენ აღვასრულებთ მათ და რაც წერია კანონში, ამ შემთხვევაში კოდექსში, ამის თანახმად ვმოქმედებთ და გავცემთ ინფორმაციას. ერთ შემთხვევაში ინფორმაცია საჯაროა, რომელიც ყველას მიეწოდება, ხოლო არის ნაწილი, სადაც ინფორმაცია კონფედენციალურია და მისი გაცემა არ შეიძლება. 19. თ. კალანდაძე: რაც შეეხება საწარმოს ერთხელ შემოწმებას, მოგახსენებთ, რომ 44000-ზე მეტი მეწარმეა დარეგისტრირებული. მათი რეგისტრაცია ჩვენთან არ წარმოებს, ეს ხდება საჯარო რეესტრში და ჩვენ უფლება გვაქვს შევამოწმოთ ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებული მეწარმეები, ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არარეგისტრირებულ საწარმოებზე, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესოპერირებას სურსათის წარმოების სახით, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები. ასეთი რამდენიმე საჯარიმო სანქცია ჩვენ განვახორციელეთ. თუ ყველა საწარმო დარეგიტრირდება საჯარო რეესტრში, ჩვენ გვექნება ზუსტი ციფრი,თუ რამდენი საწარმოა სურსათის ბაზარზე. ბაღებს რაც შეეხება, მოწამვლის ფაქტების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამ ბაღების შემოწმება, 5-მდე ობიექტია შემოწმებული და მივეცით სათანადო რეკომენდაციები. 20. მ. სოხაძე: ვაქცინებზე მოგახსენებთ, იმ სახით, რითაც არსებობდა ტაბახმელის ბიოკომბინატი, აკრძალულია ფუნქციონირება მსოფლიოში. საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესია ვაქცინების დამზადება. ჯილეხის ვაქცინას ბიოკომბინატი ამზადებს, მაგრამ მცირე რაოდენობით. შესაბამისად, გარკვეული რისკის ფაქტორებიც არის, ეს ფაქტიურად ბიოლოგიური იარაღია. არ გამოირიცხება ის, რომ საქართველოში ამის წარმოება შესაძლებელი იყოს. პროგნოზირება იმისა, რაც ხდება მეცხოველეობაში ეპიზოოტიური კუთხით, რთულია, თუმცა შესაძლებელი. მაგ: აცრამ, პრევენციამ, შეიძლება გაზარდოს პროდუქტიულობა და თავიდან ავიცილოთ ზოონოზოური დაავადებები. დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი პროცედურები, ჩვენი საზრუნავია. იმ ადგილებიდან, სადაც არ ესწრება ვეტერინარი, ჩვენ არ ვიცით, რა ხორცი მიდის ბაზარში და დიდი შესაძლებლობაა, რომ არ ვყიდულობთ საქონლის ხორცს. სასაკლაოზე აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ვეტექიმი. ნებისმიერ რეგიონში გაძლიერდება სამსახურის წარმომადგენლობა. ინსპექტორები აღარ ივლიან თბილისიდან, არამედ, იქნებიან ადგილობრივი მუშაკები. ჩვენს მთავარ გამოწვევებს, რაც შეეხება, ეს არის, იდენტიფიკაცია, პასპორტიზაცია, ევროკავშირს აქვს მოთხოვნა, რომ ყველა ცხოველი იყოს იდენტიფიცირებული. 21 . ი. ურიდია: არსებული მდგომარეობით: ის ნორმატიული ბაზა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს კონტროლი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, იყო ფორმალიზებული და კარგად იყო ქაღალდზე ჩამოყალიბებული, არსებობდა მონიტორინგის გეგმა. 2006 წელს სამსახურს დაეკისრა ეს ფუნქცია, არ იყო არც კადრები, არც ნორმატიული ბაზა, ევროკომისიის დახმარებით შემუშავდა წესები, ერთობლივი ბრძანება. 2010 წლისთვის ფიტოსანიტარების და ვეტერინარების რაოდენობა 80 საშტატო ერთეული გახდა, ეხლა 30 ფიტოსანიტარი და 26 ვეტერინარია შემოსავლების სამსახურში, რომლების საბაჟო კონტროლის ზონებში გამშვებ პუნქტებში განახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. ეს არის დოკუმენტური შემოწმება, რომელიც ხორციელდება 100%-ით და არის ფიზიკური შემოწმება, სინჯების აღება ლაბორატორიული კვლევებისათვის. თანამშრომლობას რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, ნებისმიერი პროცედურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნორმატიული აქტების მიხედვით ხორციელდება.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაციები - ა. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის“, ბ. „ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის“ და გ. „მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ“.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|






