სხდომის ოქმი N3

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის

სხდომის ოქმი N3

09 ნოემბერი 2012 წელი

ოთახი N6

სხდომას თავმჯდომარეობდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:                                დავითაშვილი კობა, მაღრაძე გუგული,    

                                                                      ქუცნაშვილი ზაქარია, ხეჩინაშვილი გიორგი,

                                                                      წიკლაური მირიან, წერეთელი მალხაზ,

                                                                      ონოფრიშვილი დავით                                                                                            

სხდომიდ დღის წესრიგი (პროექტი):

  1. 1.„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა;

/მომხს. დავით ებრალიძე, დავით ლომიძე/

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:

მოისმინეს:

დავით ებრალიძის ინფორმაცია. წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად კომიტეტის წინაშე წარმოადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები. ასევე განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა საკმაოდ მცირე დრო, რათა ბიუჯეტი გადაემუშავებინა ახალი სამთავრობო გეგმის შესაბამისად. თუმცა საბოლოო ვერსია 20 ნოემბრისთვის იქნება წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. დროის სიმცირის მიუხედავად, გადაიხედა და გაანალიზდა სამინისტროების ბიუჯეტი, ასევე შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, შეიცვალა საგადასახადო პოლიტიკაც და შესაძლებელი გახდა 700,0 მლნ ლარის რესურსის მოძიება. საარსებო მინიმუმამდე გაიზრდება არა მთლიანი საპენსიო პაკეტი, არამედ მისი ფულადი კომპონენტი; გაორმაგდება სოციალური დახმარებები და გაიზრდება პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა; ეტაპობრივად გაიზრდება სამედიცინო დაზღვევის ბენეფიციართა რაოდენობა და საბოლოოდ უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა.

 

მოისმინეს:

დავით ლომიძის ინფორმაცია. აღნიშნა, რომ სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს რიგი საკითხების თაობაზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პენსიების ზრდას, დაუბეგრავი მინიმუმის დაწესებას და საყოველთაო დაზღვევის პრინციპებზე გადასვლას.

აზრი გამოთქვეს:

დიმიტრი ხუნდაძემ, გუგული მაღრაძემ, კობა დავითაშვილმა, გიორგი ხეჩინაშვილმა, მალხაზ წერეთელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, დავით ონოფრიშვილმა.

დავით ონოფრიშვილმა კომიტეტის წინაშე განსახილველად დასვა სადაზღვევო სისტემის დამოუკიდებელი მარეგულირბელის არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი. მისი აზრით, როგორც ეროვნულ ბანკს აქვს ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქცია დამოუკიდებლად ამგვარი დამოუკიდებლობით უნდა შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც გააკონტროლებს სადაზღვევო სისტემას. ამდენად, მისი აზრით დაზღვევის სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ცალკე გამოყოფაა აუცილებელი, რადგან დაზღვევის სფეროში პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ეროვნულ ბანკს შეუერთეს. ონოფრიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის ფუნქცია დაზღვევის სფეროს ზედამხედველობა არ არის და ის ამ როლს ვერ ასრულებს. მისი თქმით, დაზღვევაში დარღვეულია პარამეტრები, კონკურენცია არ არის, რის შედეგადაც მომხმარებელი ზარალდება.

სხდომაზე დამსწრე პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამედიცინო დაზღვევის, სტაციონარული ქსელის მოწყობის, ყველა რაიონში მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულებების აუცილებლობისა და ტერიტორიული ხელმისაწვდომობის საკითხს. კომიტეტის სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა იმსჯელეს ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის, უმწეოთა შემწეობებისა და კრიტერიუმების გადახედვის თაობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომა და განმარტა, რომ კომიტეტისათვის მნიშვნელოვანია იმ პრიორიტეტების შესრულება, რაც გახდა ახალი პოლიტიკური გუნდის არჩევნებში გამარჯვების მიზეზი. კომიტეტი სამუშაო რეჟიმში ითანამშრომლებს დარგობრივ და ფინანსთა სამინისტროებთან და დაელოდება ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

  1. 1.კომიტეტის მიერ ცნობად იქნეს მიღებული „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია;
    1. 2.კომიტეტი მხარს უჭერს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძირითად პარამეტრებს;


                დიმიტრი ხუნდაძე

                  კომიტეტის თავმჯდომარე

  

                სხდომის მდივანი

                 მაია ესებუა

 

  

 
modules