პოლიტიკური პლატფორმა

დამტკიცებულია 2012 წლის 21 ოქტომბრის

ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებით

 

საპარლამენტო ფრაქცია

ქართული ოცნება - რესპუბლიკელები

პოლიტიკური პლატფორმ

 

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელები არის საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პარლამენტის წევრთა გაერთიანება.

ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელები საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში ითანამშრომლებს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც გაიზიარებს ფრაქციის სამოქმედო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს.

 

პოლიტიკური იდეოლოგია

ფრაქცია აერთიანებს ლიბერალური მსოფლმხედველობის მქონე პარლამენტარებს, ვისაც ფუნდამენტურ ფასეულობებად მიაჩნია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელშეუვალობა, კანონის უზენაესობა, პლურალიზმი, კერძო საკუთრებაზე დამყარებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.

 

სახელმწიფო

ფრაქცია არის ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული “მცირე სახელმწიფოს” მომხრე. ფრაქცია მხარს უჭერს საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის მართვის მოდელის ჩამოყალიბებას. ფრაქციის ხედვით, სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა უნდა ემყარებოდეს ასიმეტრიულ რეგიონალიზმს ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობით.

 

მართლმსაჯულება

ფრაქცია მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება არის დემოკრატის განმტკიცების ქვაკუთხედი. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან და მოსამართლეთა დამოუკიდებლობა უნდა იყოს ხელშეუვალი. მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები უნდა დადგინდეს მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით და აიკრძალოს ხელისუფლების სხვა შტოების მიერ მოსამართლეთათვის რაიმე ტიპის შეღავათების ან პრივილეგიების შემოღება ან გაუქმება. სასამართლოს ბიუჯეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მას უნდა ამტკიცებდეს მხოლოდ პარლამენტი. ფრაქციას მიაჩნია რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება უნდა მოხდეს სიცოცხლის ვადით.

ეკონომიკა

ფრაქცია არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მომხრე. ფრაქციის პრიორიტეტებია: კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ჯანსაღი კონკურენციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, საგადასახადო სისტემის გამარტივება და სახელმწიფოს ჩაურევლობა ბიზნესში. ფრაქცია მიიჩნევს, რომ ქართული ეკონომიკის გასაძლიერებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას. ფრაქციას შესაძლებლად მიაჩნია საარსებო მინიმუმის დაბეგვრისგან გათავისუფლება და საგადასახადო ტვირთის თანმიმდევრული შემსუბუქება.

 

განათლება

ფრაქციას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიაჩნია განათლების სისტემის უწყვეტი განვითარება-დახვეწა. ქვეყნის მომავალში ინვესტიციის სახით ფრაქციას საჭიროდ მიაჩნია განათლების საბიუჯეტო დაფინანსების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდა. ფრაქცია მხარს უჭერს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობის ზრდას, რაც კვალიფიკაციის ამაღლების კვალდაკვალ მასწავლებლების ხელფასების მნიშვნელოვან ზრდაში უნდა გამოიხატოს.

 

ჯანდაცვა

ფრაქცია ემხრობა ჯანმრთელობის დაზღვევის შერეული სისტემის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს დამქირავებლის, სახელმწიფო და ინდივიდუალური დაზღვევის თანაარსებობას. გადაუდებელ ამოცანად ფრაქციას ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიების გაუქმება მიაჩნია, რასაც მედიკამენტების მნიშვნელოვანი გაიაფება მოჰყვება.

 

სოციალური უზრუნველყო

ფრაქცია პენსიონერებს სახელმწიფო და კერძო საპენსიო დაზღვევის სისტემების კომბინირებულ ვარიანტს სთავაზობს. ასეთ სისტემაში სახელმწიფოს დაეკისრება მოხუცებულობის შემწეობის და საჯარო მოხელეთა საპენსიო სისტემის უზრუნველყოფა, კერძო დამქირავებლებს კი - დაქირავებულის საპენსიო დაზღვევა. ასეთ სისტემაზე სრულად გადასვლამდე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მინიმალური პენსიისა და საარსებო მინიმუმის გამოთანაბრება.

 

თავდაცვა და უსაფრთხოება

ფრაქციას მიაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული თავდაცვის მარტივი და მოქნილი სტრუქტურა, რომელიც, სახელმწიფოს წინაშე საფრთხეების ცვლილების შესაბამისად, სწრაფ და ეფექტიან ადაპტაციას შეძლებს. ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ტვირთად და სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად არ უნდა იქცეს. ფრაქციის აზრით, ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საქართველოს ინტეგრაციას ნატოში.

 

საგარეო პოლიტიკა

ფრაქცია საქართველოს ევროპის მომცრო სახელმწიფოთა რიცხვს მიაკუთვნებს, ხოლო აქტიურ და მიზანმიმართულ საგარეო პოლიტიკას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს საშუალებად განიხილავს. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა სამ ძირითად ფასეულობას - მშვიდობისმოყვარეობას, კეთილმეზობლობასა და თანამშრომლობას უნდა დაემყაროს. საგარეო პოლიტიკის განხორციელების მთავარი განზომილებებია სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის აუზი, ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე. ფრაქცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში.

 

ტერიტორიული მთლიანობა

მიმდინარე ეტაპზე ფრაქცია გონივრულად მიიჩნევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ევროკავშირთან კოორდინირებული „არაღიარებისა და ჩართულობის“ პოლიტიკის გატარებას. აღნიშნულ კონტექსტში ფრაქცია საჭიროდ მიიჩნევს აფხაზებთან და ოსებთან უშუალო და პირდაპირ დიალოგს, მათ შორის - პოლიტიკურ დონეზე, კონკრეტულ საკითხებში კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას და მათ რეალიზებას.

 

რელიგია

ფრაქცია აღიარებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას. რელიგიური საკითხები ფრაქციას მიაჩნია ადამიანის პირადულ თემად. ფრაქცია საჭიროდ მიიჩნევს ეკლესიის გათავისუფლებას პოლიტიკური გავლენისგან და პირიქით.

 

სამოქალაქო საზოგადოება

მიმდინარე ეტაპზე პრიორიტეტულ ამოცანად ფრაქცია მიიჩნევს დემოკრატიის განვითარებას, ინსტიტუციონალიზებასა და დემოკრატიული პროცესისა და პროცედურებისთვის (მათ შორის - პარლამენტში) შეუქცევადი ხასიათის მიცემას. ფრაქციის მოსაზრებით დემოკრატის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და განმტკიცებას. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ხელშეწყობით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობითა და ღია მმართველობის პრინციპის დამკვიდრებით.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

ფრაქციას მტკიცედ სჯერა რომ დემოკრატია და კარგი მმართველობა ეფუძნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. სახელმწიფო უნდა იყოს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის გარანტი. მასმედიის საშუალებები უნდა გათავისუფლდნენ ხელისუფლების ყოველგვარი ჩარევისაგან და მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით.

 

 

ამ და სხვა მიმართულებებით ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელები შეიმუშავებს წინადადებებს და წარმოადგენს მათ საკანონმდებლო ინიციატივებისა და კანონპროექტების სახით.

 

დავით ბერძენიშვილი

ფრაქციის თავმჯდომარე                                                                              

 

თინათინ ხიდაშელი

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე                                                                     

 

 

მალხაზ წერეთელი

ფრაქციის მდივანი                                                                                             

 

 
modules