| სხდომა ოქმი #5 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის 6 დეკემბერი 2012 წ. ქ. ქუთაისი 1300 საათი ბრიფინგების დარბაზი
სხდომას თავმჯდომარეობდა დიმიტრი ხუნდაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები კ. დავითაშვილი გ. მაღრაძე მ. წიკლაური გ. ხეჩინაშვილი მ. მაჭავარიანი ზ. აბაშიძე ფ. ხალვაში კ. ოქრიაშვილი მ. წერეთელი მოწვეული სტუმრები: დავით ებრალიძე _ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები და სამსახურიდან განთავისუფლებული მედ-პერსონალი. ალფა - ლაშა ბაზაძე; არქიმედე - ნიკოლოზ რამიშვილი; იმედი L - გიორგი მინდიაშვილი; ჯი პი აი - პაატა ლომაძე; IC ჯგუფი - თენგიზ მეზურნიშვილი; ირაო - ვახტანგ დეკანოსიძე; ქართუ - არჩილ მამაცაშვილი სხდომის დღის წესრიგი:
1.საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი მომხსენებელი: დავით ებრალიძე _ (ფინანსთa მინისტრის მოადგილე); 2. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. (07-3/11, 20.11.12.); მომხსენებელი: ვიქტორ დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/14, 22.11.12.); მომხსენებელი: დმიტრი ხუნდაძე - ჯანმრთელობის დაცისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. 4. სადაზღვევო კომპანიებსა და სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს შორის წარმოქმნილი პრობლემების განხილვა (კომიტეტში შემოსული განცხადებების საფუძველზე). კომიტეტის სხდომა გახსნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა კომიტეტში და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი, შემდგომ მან სიტყვა გადასცა საქართველოს ფინანსთა მიმისტრის მოადგილეს - დავით ებრალიძეს , რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარუდგინა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იცვლება, როგორც ბიუჯეტის შემოსულობების, აგრეთვე გადასახდელების ნაწილიც. შემოსულობების ნაწილში ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით გრძელვადიანი კრედიტების შემცირებასთან. გარდა ამისა, ხორციელდება შემოსულობების სხვადასხვა კატეგორიების კორექტირება და ბიუჯეტში აისახება წლის განმავლობაში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული მიზნობრივი გრანტები. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა სამინისტროების ზოგიერთი პროგრამის დეფიციტის დაფინანსებასთან. აღნიშნული დეფიციტები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ წლის განმავლობაში ამ პროგრამების ასიგნებები შემცირდა და მიიმართა სხვა პროგრამების დასაფინანსებლად, რის შედეგადაც ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს არ აქვს საკმარისი რესურსი დეკემბერში საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დასაფინანსებლად; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიუჯეტით დაგეგმილთან შედარებით მეტი მოცულობით თანხები მიმართა რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად და არ აქვს რესურსი სახელმწიფო ხაზინიდან აღებული მოკლევადიანი სესხის დასაფარად. გარდა დეფიციტური პროგრამების დაფინანსებისა, ბიუჯეტის გაანალიზების შემდგომ შესაძლებელი გახდა თავისუფალი რესურსის გამონახვა, რომელიც უკვე მიმდინარე წელსვე მიიმართება ახალი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის - სოფლის მეურნეობის დამატებით დასაფინანსებლად. 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,0%-ს შეადგენდა და აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებიც. 2012 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით გასულ წელთან შედარებით:
I კვარტალი - 6,5%; II კვარტალი - 8,2%; III კვარტალი (წინასწარი) - 7,4%; ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გადაიხედა მაკროეკონომიკური პროგნოზები, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 7,0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი და ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის პროგნოზი 26,6 მლრდ ლარს შეადგენს. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრება 8 158,0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ მოცულობაზე 84,0 მლნ ლარით ნაკლებია, კერძოდ: საგადასახადო შემოსავლების მთლიანი მოცულობა არ იცვლება, თუმცა მიმდინარე წლის მაჩვენებლების ფაქტიური შესრულებიდან გამომდინარე, ხორციელდება გადასახადების ცალკეულ კატეგორიებში დაგეგმილი შემოსავლების კორექტირება. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 26,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 623,0 მლნ ლარით. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 56,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 844,0 მლნ ლარით. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 56,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 070,0 მლნ ლარით. აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 644,0 მლნ ლარით. იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 10,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 90,0 მლნ ლარით. სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 16,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 29,0 მლნ ლარით. გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები მცირდება 15,3 მლნ ლარით და განისაზღვრება 318,3 მლნ ლარით, მათ შორის: ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების მოცულობა მცირდება 29,7 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ ესწრება ევროკავშირის ზოგიერთი გრანტის სრულად ჩამორიცხვა და ისინი ჩამოირიცხება მომდევნო წლის განმავლობაში; საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტებით დაფინანსებული პროექტების შესრულების ტენდენციიდან გამომდინარე, აღნიშნული გარანტების მოცულობა მცირდება 14,6 მლნ ლარით 29,0 მლნ ლარით განისაზღვრება სხვადასხვა უწყებების მიერ წლის განმავლობაში მიღებული მიზნობრივი გრანტების მოცულობა. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა იზრდება 120,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 540,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: 99,0 მლნ ლარით იზრდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რაც წარმოადგენს 2011 წლის ჩათვლით სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მიღებული გაუნაწილებელი მოგებიდან ბიუჯეტში ჩარიცხულ დივიდენდს; სანქციები (ჯარიმები და საურავები) იზრდება 30,0 მლნ ლარით, აღნიშნული თანხა ფინანსური აქტივებიდან (სესხების დაბრუნება) გადმოტანილია სანქციებში, გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო შემოსავლის სახეში; სხვა შემოსავლების დანარჩენი კატეგორიები ჯამურად მცირდება 9,0 მლნ ლარით; არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან დაგეგმილი შემოსულობების მოცულობა იზრდება 5,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 75,0 მლნ ლარით.ფინანსური აქტივების კლებიდან დაგეგმილი შემოსულობის მოცულობა მცირდება 20,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 40,0 მლნ ლარით. ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი მცირდება 173,7 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) კრედიტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების ტენდენციასთან; წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები კლებულობს 30,5 მლნ ლარით. ამასთან, საბიუჯეტო სახსრები იზრდება 128,8 მლნ ლარით, გრანტები - 14,4 მლნ ლარით (მათ შორის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული გრანტები მცირდება 14,6 მლნ ლარით, ხოლო მხარჯავი დაწესებულებების მიერ წლის განმავლობაში მიღებული ე.წ. „მიზნობრივი გრანტების“ ხარჯზე ასიგნებები იზრდება 29,0 მლნ ლარით), ხოლო კრედიტები მცირდება 173,7 მლნ ლარით. რაც შეეხება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: - სოციალური დაცვის და საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამაში არსებული დეფიციტის დასაფარავად მიიმართა 12,5 მლნ ლარი, მათ შორის 2,0 მლნ ლარი შიდა რესურსების გადანაწილების ხარჯზე. აღნიშნულ პროგრამებში დეფიციტის წარმოქმნა ერთის მხრივ გამოიწვია პროგრამების ბენეფიციართა რაოდენობის ზრდამ, ხოლო მეორეს მხრივ იმ გარემოებამ, რომ წლის განმავლობაში სოციალური დახმარებების შემცირების ხარჯზე გაიზარდა რეფერალური პროგრამის დაფინანსება; - შიდა რესურსების გადანაწილების ხარჯზე 1,5 მლნ ლარით იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავების და მართვის პროგრამის ასიგნებები. აღნიშნული თანხა მიიმართება შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თვმჯდომარეს - ვიქტორ დოლიძეს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარუდგინა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/11, 20.11.12.) კანონის პროექტი. აღნიშნული კანონპროექტის მიზანია შრომითი ურთიერთობების კანონისმიერი ვალდებულებებისგან გათავისუფლება და სახელშეკრულებო პირობების წინ წამოწევის ფონზე, განხორციელდა შრომითი ურთიერთობების ლიბერალიზაცია და სახელმწიფოს მხრიდან დერეგულაცია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისათვის, რომ საქართველოს შრომის ბაზარი ჰარმონიულად იქნეს ინტეგრირებული გლობალურ შრომის ბაზარში, თუმცა პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, მისი შრომის უფლებების დაცვა და როგორც უფლებრივად და ფინანსურად სუსტი მხარის მდგომარეობის გაძლიერება/დაბალანსება საკანონმდებლო ინტერვენციის საშუალებით. კანონპროექტის ძირითადი არსი საქართველოს შრომის კოდექსს ემატება 31 მუხლი. 31 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განსაზღვრულია - რა არის სოციალური პარტნიორობა; 31 მუხლის მეორე ნაწილში ჩამოყალიბებულია სოციალური პარტნიორობის პრინციპები; 31 მუხლის მესამე ნაწილში გაწერილია ის დონეები , სადაც შესაძლებელია სოციალურ პარტნიორებს შორის დიალოგის განვითარება; 31 მუხლის მეოთხე ნაწილში დაფიქსირებულია ის დე-ფაქტო სიტუაცია, რაც ამჟამად ეროვნულ დონეზე არის წარმოდგენილი. აღნიშნული ჩანაწერი არის როგორც პრაქტიკის ფიქსაცია, ასევე, სამომავლოდ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მოქმედების მუდმივობის გარანტი. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს. 3. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/11, 20.11.12). აღნიშნული პროექტი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის პროცედურას, აზუსტებს ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებს. დასაქმებულს მიეცემა შესაძლებლობა წინასწარ იყოს მისთვის ცნობილი შრომითი ხელშეკრულების მოსალოდნელი მოშლის შესახებ. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შრომისუუნარობის დროს განისაზღვრება გონივრული ვადა. კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მხარეთა მიერ მიეცემა წახალისება და ეფექტური გახდება შრომითი დავის კოლექტივში განხილვის შესაძლებლობა. კანონპროექტის დაჩქარებული წესით ინიცირების მიზეზი ბოლო დროს სამსახურებიდან გათავისუფლების გახშირებული შემთხვევებია, რამაც მასიური სახე მიიღო. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია, სასწრაფო წესით გაადვილდეს დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა და მაქსიმალურად დაცული იყოს ორივე მხარის ინტერესები. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდმაზე. 4. კომიტეტის წევრებმა შემდგომ მოუსმინეს სპეციალურად მოწვეულ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა კლინიკებიდან მოწვეულ მედიცინის სფეროს მუშაკებს, რომლებმაც ისაუბრეს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მედ-პერსონალის განმარტებით, ხდება თანამშრომლების სამსახურებიდან უმიზეზოდ განთავისუფლება, ალდაგი ბი სი ას წარმომადგენელმა მისცა განმარტება, რომ იგეგმება 1000 სამუშაო ადგილის შექმნა და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი. კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
დიმიტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი ნანა მეგრელიშვილი |






