სხდომის ოქმი N14

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის

 

ქმი N14

                                                                   18 დეკემბერი 2012.

11:30 საათი

/ საკომიტეტო მოსმენების დარბაზი N8/

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

 სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, აკაკი ბობოხიძე, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, შოთა მალაშხია, გურამ მისაბიშვილი, გოგი ლიპარტელიანის ადგილმონაცვლე - სერგო ხაბულიანი და ხათუნა გოგორიშვილის ადგილმონაცვლე - გია თევდორაძე.

სხდომაზე მოწვეულები: დავით ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური - საქართველოს პარლამენტის წევრები.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

 სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.

 სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):


             1.
საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვა;
/მომხსენებელი: ზვიად ძიძიგური/

2.საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით განხილვა;
/მომხსენებელი: დავით ბერძენიშვილი/

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვა;

 მოიმინეს: ზვიად ძიძიგურის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად ინიცატორმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ, რეგლამენტის მე-19 მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

-            ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ- მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს არლამენტის ბიურო

-           მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.    მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს    მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეგლამენტის პროექტში გათვალისწინებული იქნა პლენარულ სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის: პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით დაამტკიცოს პარლამენტის ბიურომ; ხათუნა გოგორიშვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაფიქსირდეს: „პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან“. გათვალისწინებული იქნა აგრეთვე იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები.

აზრი გამოთქვეს:    

გურამ მისაბიშვილმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება წარმოდგენილ ცვლილებებს, რაც ხელს შეუწყობს მაჟორიტართა საქმიანობის გაუმჯობესებას. აგრეთვე დაინტერესდა მოხდება თუ არა ოფისების შეკეთება?

კარლო კოპალიანმა აღნიშნა, რომ წინა მოწვევის დროს 5000 ლარი მთელი წლის განმავლობაში გამოეყოფოდა ბიუროს, რაც რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი. თუ ხდებოდა თანხების მომატება, მხოლოდ პარტიული კუთვნილების მიხედვით. ანუ მას როგორც ოპოზიციონერ მაჟორიტარ დეპუტატს 5000 ლარზე მეტი დაფინანსება არ ჰქონია. ამჟამად წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა აუმჯობესებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრების მდგომარეობას და თანაბარ პირობებში აყენებს მათ პოზიცია-ოპოზიციის მიუხედავად.

აკაკი ბობოხიძემ დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ჩაითვლება არამიზნობრივად ის ხარჯები რომელსაც შესაძლებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თთვითმმართველობის ორგანოები გაწევენ?

დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ არსებობდა ერთგვარი ტრადიცია, რომლის თანახმადაც უმეტესობა მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროების განთავსებული იყო გამგეობების შენობებში. ამჯერად წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, დაშვებული იქნება თუ არა როგორც გამგეობების შენობაში, ისე გარეთ დამოუკიდებლად ბიუროს მოწყობა?

ზვიად ძიძიგურმა გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ როგორც ერთჯერადად ისე ყოველთვიურად პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა 5000 ლარის ოდენობით მაჟორიტარის ბიუროსათვის. რა თქმა უნდა საკანონმდებლო ინიციატივა არ აწესებს არანაირ აკრძალვას იმის თაობაზე, თუ სად შეიძლება იყოს განთავსებული მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიურო, თუმცა უმჯობესია ეს იყოს ცალკე, რაც მისი აზრით უფრო ეფექტური და მოწესრიგებული იქნება. როგორც მომხსენებელმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, თანაბარ პირობებში აყენებს ყველა მაჟორიტარ პარლამენტის წევრს, განსხვავებით აქამდე არსებული მდგომარეობისა, მიუხედავად მათი პარტიული და ფრაქციული კუთვნილებისა. თუმცა, მისი აზრით შეიძლება არსებობდეს უამრავი დეტალი, რომელიც შეიძლება მოწესრიგდეს ადგილზე მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გზით და არა საკანონმდებლო ინიციატივების მეშვეობით.

ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები და დაეთანხმა ინიციატორს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით სემოტანილი ახალი რეგულაცია, რომელიც მაჟორიტარი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებების განხორციელებას ეხება, მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია         

 კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

 გადაწყვიტეს (ერთხმად):

საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის;

/დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/

  სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

 საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით განხილვა;

 მოისმინეს: დავით ბერძენიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის წინ რედაქციული ხასიათის შენიშვნები წარმოდგენილი არ ყოფილა. მომხსენებელმა მადლობა გადაუხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

 კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

 გადაწყვიტეს (ერთხმად):

საქართველოს პარლამენტის წევრების: ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვილის, ზ. ქუცნაშვილისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                          

 

ირინე იმერლიშვილი

   

კომიტეტის აპარატის                                    

     უფროსი

                                                               მდინარა დოხნაძე

 

 
modules