|
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა |
|
Thursday, 27 December 2012 16:38 |
|
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ლუკა კურტანიძეს მოუსმინეს. მან კომიტეტის წევრებს ფედერაციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარუდგინა და სპორტის აღნიშნულ სახეობაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. ლუკა კურტანიძის ინფორმაციით, ჭიდაობის სფეროში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ფედერაციას კონკრეტული მიმართულებები და ღონისძიებები აქვს შემუშავებული. მისი განცხადებით, აუცილებელია სპორტის საკანონმდებლო ბაზის განახლება, რომელიც 1996 წელს იქნა მიღებული და თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ პასუხობს. ასევე მოსაწესრიგებელია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპორტული ინვენტარი. 
ფედერაციის პრეზიდენტი კადრების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეიქმნას, კვალიფიცირებული კადრების არ ყოლის შემთხვევაში, პრობლემა ვერ მოგვარდება. „პრაქტიკულად მწვრთნელის პროფესია გაქრა, რასაც კადრების და შესაბამისად სპორტსმენების საზღვარგარეთ გადინება მოჰყვა. ამ დროის მონაცემებით ქვეყნის გარეთ 42 სხვადასხვა სახელმწიფოში ჩვენი კურსდამთავრებულები და სპორტსმენები აქტიურად მოღვაწეობენ“, - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ. ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენთა და ჩემპიონთა კლუბების ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ბავშვთა სპორტის განვითარებასაც შეეხო. კომიტეტის სხდომაზე ლუკა კურტანიძემ სამომავლოდ დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში 2013 წლის 15-24 მარტს თბილისში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩანიშნულია უმაღლესი ოლიმპიური კატეგორიის მსაჯთა ორდღიანი სემინარი და ევროპის ფედერაციის კონგრესი. დასასრულს ფედერაციის პრეზიდენტმა შეხვედრისთვის და ჭიდაობაში არსებული პრობლემების მოსმენა-განხილვისთვის მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს და აღნიშნა, რომ მთავრობასთან ერთად ჭიდაობის ფედერაცია შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს და ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ღირსეულად წარსდგება. |
|
Last Updated on Thursday, 27 December 2012 19:56 |