|
პარლამენტმა რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე 15 საკითხი განიხილა და კენჭი უყარა. დეპუტატებმა 79 ხმით ერთის წინაააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი, ასევე ზუსტდება მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები. ცვლილებები, გარდა ერთი მუხლისა, ძალაში კანონის გამოქვეყნებისთანავე შევა. ნორმა, რომლის თანახმად მანდატურებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დანიშნავს და გაათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით 2014 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. პარლამენტარებმა ერთი მოსმენით, 98 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას, ასევე რომელთა ტვირთამწეობა 3 ტონა და მეტია, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას, ნაცვლად 2013 წლის იანვრისა, დაექვემდებარებიან 2014 წლის 1 იანვრამდე. დეპუტატებმა 105 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს პარლამენტის დადგენილება ,,საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (07-3/5, 08.11.2012) მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების შესახებ“. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა შანსი, რომ პარლამენტმა განიხილოს პროექტის შეჯერებული ვარიანტი და სწორედ ამის გამო ხდება კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნება. პარლამენტის წევრის, ზვიად ძიძიგურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივსი წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პლენარულმა სხდომამ მეორე მოსმენით, 93 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპოექტით განისაზღვრება საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების მიზნები, საღვთისმეტყველო საგანამანათლებლო პროგრამები, საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, მართვის, სტუდენტთა ჩარიცხვის, აკადემიური პერსონალის მიღების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი, ასევე საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფლებამოსილებანი. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საპარლამენტო უმცირესობა, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ,,ეს არის შემთხვევა, რომელმაც ძალიან პოზიტიურ ვითარებაში შექმნა თანამშრომლობის რეჯიმი. გუშინდელი გამოსვლის შემდეგ კანონპროექტის დახვეწაში, მისთვის საბოლოო იერსახის მიცემაში, იურიდიული ფორმულირებების ჩამოყალიბებაში ძალიან აქტიურად ჩაერთო საპარლამეტო უმცირესობა“,-აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა. მისი თქმით, პროექტში, სადაც ეწერა ,,საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“ წინ ყველგან დაემატა სიტყვა ,,მართლმადიდებლური“. პროექტის განხილვის დროს საპარლამენტო უმცირესობის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, რომელსაც საპარლამენტი უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ და ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ, აღნიშნული ჩანაწერი აღარ შეეხება მოქმედი კანონის 565 მუხლს, რომელიც საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესს შეეხება. ზვიად ძიძიგურმა ასევე განაცხადა, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, პროექტიდან ამოღებული იქნა პატრიარქისა და საპატრიარქოს თემები და განმარტებები, საღვთისმეტყველო განათლების მიზნები, გრანტების გამოყოფის თემა საქართველოს საპატრიარქოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებთან მიმართებაში. კანონპროექტის აღნიშნული სახით წარმოდგენა დადებითად შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ. ,,მინდა ჩემი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ განხილვა ძალიან კონსტრუქციულად წარიმართა. გაზიარებული იქნა ძალიან ბევრი შენიშვნა და ეს პოზიტიურია. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ამ კანონის სპეციფიური დატვირთვა და მნიშვნელობა“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა მეორე მოსმენით, 88 ხმით ერთხმად მიიღეს კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტით ზუსტდება საგადასახადო ხანდაზმულობის ვადების ათვლის მომენტი, ცვლილებები ეხება დაბეგვრის და ადმინისტრირების მექანიზმებს, საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინების განხორციელებისა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესებს, ასევე მცირდება საგადასახადო დამართალდარღვევისათვის კოდექსით გათვალისწინებული სანქციის ოდენობები. რიგგარეშე სესიის მორიგი სხდომა გაიმართება ხვალ, 28 დეკემბერს 13 საათზე.
|