სხდომის ოქმი N16

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი  

სხდომის ოქმი

N16

21 დეკემბერი 2012 წელი

10.00 საათი

(დარბაზი N4 )

 

ერთობლივ სხდომას უძღვებოდა: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომას უძრვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

ერთობლივ სხდომას ესწრებოდნენ:

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები: კარლო კოპალიანი, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, ზურაბ ტყემალაძე, ფრიდონ საყვარელიძის ადგილმონაცვლე - ლევან ბერძენიშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები

სხდომაზე მოწვეულები: ალექსანდრე ბარამიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების დასწრებით.

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის       (პროექტი)

 

/ ერთობლივი განხილვის ფორმატი/

        1.საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა;

/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

   /ერთობლივი განხილვის ფორმატი/

      2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა

/მომხსენებელი: ალექსანდრე ბარამიძე/

 

/არაერთობლივი განხილვის ფორმატი/

3.საქართველოს პარლამენტის წევრების მახირ დარზიევისა და ნანა ყეინიშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა;

/მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი/

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა

 

მოიმინეს:

ირინე იმერლიშვილის მოხსნება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის მიღება განპირობებულია კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტების გამჭვირვალობისა და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით სრულყოფის აუცილებლობით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შესაძლებელია იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა ერთი საკანონმდებლო აქტით.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საკანონმდებლო საქმიანობის უფრო ეფექტურად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, აუცილებელია ამ სისტემის შეცვლა. ერთი საკანონმდებლო აქტით რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შემთხვევაში საკანონმდებლო აქტის სათაური ვერ უზრუნველყოფს კანონპროექტის შინაარსთან სრულ შესაბამისობას. რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ასეთი ცვლილება ქმნის სირთულეებს კანონის პრაქტიკაში გამოყენებისა და საკანონმდებლო აქტების სისტემატიზაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, უმჯობესია კონკრეტულ საკანონმდებლო აქტში ცვლილება განხორციელდეს არა ზოგადი, არამედ კონკრეტული (ცალკე) საკანონმდებლო აქტით, რის შესახებაც უნდა იყოს ზუსტი მითითება სათაურში.

საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტების დახვეწა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით და ერთი კანონპროექტით მხოლოდ ერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა. ამავე დროს იურიდიული ტექნიკის და სიზუსტის დაცვის მიზნით, საჭიროა დადგინდეს, რომ პუნქტის ცალკეული წინადადების ან სიტყვის (რიცხვის) ცვლილების შემთხვევაში, იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, ნაცვლად მითითების შესაძლებლობისა, სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების თაობაზე. ამრიგად, კანონპროექტით იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი ერთი საკანონმდებლო აქტით. ამავე დროს, განისაზღვრება, რომ ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი შესაძლებელია შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის (ნაწილის), ქვეპუნქტის, დანართის (დანართის ნაწილის) სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის წარმოდგენასთან ერთად საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ანალოგიური ცვლილების განხორციელებას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის თანახმადაც იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი ერთი საკანონმდებლო აქტით.

ვახტანგ ხმალაძის მოხსენება, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ - იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით რეალურად დახვეწავს და სრულყოფილს გახდის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტებს. მითუმეტეს ერთი კანონპროექტით შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანა. ამავე დროს იურიდიული ტექნიკის და სიზუსტის დაცვის მიზნით, დადგინდება, რომ პუნქტის ცალკეული წინადადების ან სიტყვის (რიცხვის) ცვლილების შემთხვევაში, იგი ჩამოყალიბდება ახალი რედაქციით, ნაცვლად მითითების შესაძლებლობისა, სიტყვის(სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღების ან დამატების თაობაზე.

როგორც ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ“ , რომელიც მიღებული იქნა 1996 წელს ასევე დაფიქსირებული იყო, რომ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტში ცვლილება უნდა განხორციელებულიყო არა ზოგადი, არამედ კონკრეტული (ცალკე) საკანონმდებლო აქტით, რის შესახებაც ასევე ზუსტად მითითებული უნდა ყოფილიყო სათაურში. ის ცვლილებები, რომელთა კორექტირებაც ამჟამად წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მეშვეობით უნდა განხორციელდეს, სულ რამოდენიმე წლის წინ შევიდა კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ“.

კობა დავითაშვილმა გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უმჯობესია კანონპროექტს აგრეთვე დაერთოს იმ მუხლის მოქმედი, სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი ნორმატიული აქტით შედის ცვლილება და/ან ხდება მისი ამოღება.

კომიტეტების წევრები და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დაეთანხმნენ კობა დავითაშვილის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და მხარი დაუჭირა მის ასახვას კანონპროექტში

 

კენჭი უყარეს ცალკ-ცალკე

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებმა

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

       საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ შემოთავაზებული წინადადებების გათვალისწინებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარედგინოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

         /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/
 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა

მოისმინეს ალექსანდრე ბარამიძის მოხსენება, რომლის თანახმადაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად საჯარო სამსახურში დროებით მოვალეობის შემსრულებლად ხელმეორედ დანიშვნის აკრძალვა უნდა ამოქმედდეს 3013 წლის 1 იანვრიდან. თავისი არსით ეს გახლავთ ძალიან პროგრესული ცვლილება, ვინაიდან პრაქტიკულად საჯარო სამსახურში ადამიანი ინიშნება და უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობს კონკურსის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპს - კონკურსის წესით მოხელეთა შერჩევას და დანიშვნას.  

           თუმცა, დღეისათვის მთელი რიგი სამინისტროებისა და საჯარო დაწესებულებების გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო, ამჟამადაც საჯარო სამსახური არ არის მზად იმისათვის, რომ 10 დღეში გადავიდეს ამ რეჟიმზე, მითუმეტეს, რომ როგორც ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, 2012 წლის 25 ოქტომბრამდე არსებულ ხელისუფლებას ამ მიზნით აუცილებელი ზომები არ მიუღია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით დღის წესრიგში დადგა კანონით დადგენილი აკრძალვის ძალაში შესვლის გადავადება. კონკრეტულად, უმრავლესობა აყენებს წინადადებას რომ 1 წლით გადავადდეს.

აზრი გამოთქვეს:

გოდერძი ბუკიამ აღნიშნა, რომ ამ აკრძალვის ძალაში შესვლა დაახლოვებით 80 ათას კაცს შეეხება.

ირინე იმერლიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ წარმოდგენილ პროექტში მითითებული ვადა, ერთი წელი, არის საკმაოდ დიდი დრო და ამის გამო შეიძლება კანონით დადგენილი პროცედურები დროში გაიწელოს, რაც უარყოფით ზეგავლენას მოახდენს საჯარო სამსახურში დასაკავებელ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებაზე, კონკურსის წესით კანდიდატთა შერჩევაზე და საჯარო სამსახურის პროფესიული კადრებით უზრუნველყოფაზე. საჯარო სამსახურში თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ხარისხიანად, ორგანიზებულად და ეფექტურად ჩატარებისთვის სავსებით საკმარისია ექვსი თვე, ნაცვლად პროექტით შემოთავაზებული ერთი წლისა.          

 

ვახტანგ ხმალაძე დაეთანხმა ირინე იმერლიშვილის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას 1 წლიანი ვადის 6- თვემდე შემცირებასთან დაკავშირებით

კობა დავითაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თანამდებობის პირებისათვის ეს 1 წლიანი ვადა შემცირდეს 3 თვემდე, ხოლო დანარჩენი საჯარო მოხელეებისათვის - 6 თვემდე.

ალექსანდრე ბარამიძემ სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 3 თვე შეიძლება ძალიან მოკლე აღმოჩნდეს, მითუმეტეს, რომ იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპერტამენტს კონკურსის არანაირი კრიტერიუმები შემუშავებული არ აქვს, თუმცა 6 თვე შესაძლოა სრულიად საკმარისი იყოს საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით, ეფექტური საკონკურსო კრიტერიუმების დადგენისათვის.

საკითხის ინიციატორი, კომიტეტების წევრები დაეთანხმნენ საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას აკრძალვის გადავადების 1 წლიანი ვადის 6 თვემდე შემცირების თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ნაცვლად კანონპროექტით შემოთავაზებული 2014 წლის 1 იანვრისა, განისაზღვროს 2013 წლის 1 ივლისი.       

 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

გადაწყვიტეს(ერთხმად):

         კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალიწინებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარედგინოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

           /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის წევრების მახირ დარზიევისა და ნანა ყეინიშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ საკითხის განხილვა;
 

მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია, საქართველოს პარლამენტის წევრების მახირ დარზიევისა და ნანა ყეინიშვილის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის წევრების განცხადებების საფუძვლიანობა, მათი ქონებრივი დეკლარაციები და დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების მახირ დარზიევისა და ნანა ყეინიშვილის ქონებრივ დეკლარაციებში აღნიშნული არ არის ქალაქ ქუთაისში საცხოვრებელი ფართები.

გადაწყვიტეს(ერთხმად):

       კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია მიმართოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის   წევრების - მახირ დარზიევისა და ნანა ყეინიშვილის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ.

           /დასკვნა თან ერთვის /

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                          

 

 

ირინე იმერლიშვილი

 

 

კომიტეტის აპარატის                                    

     უფროსი

                                                               მდინარა დოხნაძე

 

  

 
modules