პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შემაჯამებელი პრესკონფერენცია
Friday, 28 December 2012 19:42
 

დავით უსუფაშვილის პრესკონფერენციაპარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის პირველი პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც 2012 წლის საშემოდგომო სესიის შედეგები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება შეაჯამა. 
პარლამენტის თავმჯდომარემ ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებმა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა. ,,ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო ქართველი ხალხის ნების გამოვლენა, რომელმაც  წინა ხელისუფლებას  უარი უთხრა და გადასცა ხელისუფლება ახალ ძალას - კოალიცია ,,ქართულ ოცნებას“,  მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ შევუდექით ჩვენი დანაპირების შესრულებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ის ადგილია, სადაც   ქვეყნის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი უნდა წყდებოდეს, მათ შორის პოლიტიკური პროცესებისთვის გარკვეული  სტანდარტის დამკვიდრების საკითხი. ,,ამ ორი თვის განმავლობაში იყო საკმაოდ დაძაბული ვითარებებიც, იყო ისეთი დღეები როდესაც უმცირესობა არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ორი თვის თავზე შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს პარლამენტი შედგა. ორი თვის განმავლობასში 50-მდე კანონპროექტი განვიხილეთ და ვუყარეთ კენჭი,  აქედან დაახლოებით 10-ზე მეტ კანონპროექტზე იყო სრული კონსესუსური მხარდაჭერა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი შეფასებით,  ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ პარლამენტმა უკვე მომავალ წელს კიდევ უფრო მაღლა ასწიოს სტანდარტი და ქვეყანაში დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური დებატების კულტურა არა  მხოლოდ უმცირესობსა და უმრავლესობას შორის, არამედ პარლამენტსა და მთავრობას შორის. პარლამენტის თავმჯდომარემ  საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილიში გადატანის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ   პარლამეტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლითაც იქმნება შესაძლებლობა პარლამენტი  თბილისში დაბრუნდეს. ,,ეს ცვლილება თებერვალში იქნება განხილული. ამ ეტაპისთვის გამოვლენილია კომპანიები, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ. საგაზაფხულო სესია გაიმართება ქუთაისში, ხოლო  გაზაფხულის ბოლოდან  ალბათ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაუბრუნდეს თავის ძველ შენობას, თუმცა ჩვენ ქუთაისს სრულად არ დავტოვებთ და ამ შენობის ფუნქციონირების საკითხსაც პარალელურ რეჟიმში გადავწყვეტთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონზე, მათ შორის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონზე გაამახვილა ყურადრება. "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონზე ძალიან სერიოზული მუშაობა იქნა გაწეული.  ჩვენ  თვენახევრის განმავლობაში მოგვიწია 7 თვეზე გაწერილი პროცესის ჩატარება და მემგონი მოვახერხეთ, საინტერესო ბიუჯეტის მიღება. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ეხმიანება კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებს“,-განაცახადა დავით უსუფაშვილმა. მისი განმარტებით,  გაიზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება და ამ მიმართულების სხვა სახით ინვესტირებაც არის დაგეგმილი. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში კი  ბიუჯეტმა ფინანსურად უზრუნველყო იმ პროგრამის დაფინანსება, რაც საყოველთაო დაზღვევას გულისხმობს. თავმჯდომარის განცხადებით მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია პენსიების გაზრდა. სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. ,,ვცდილობთ, დასაქმების საკითხთან მიმართებაში ნელ-ნელა ხელშესახები შედეგები მივიღოთ. საბიუჯეტო თანხებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ეს არ ნიშნავს დასაქმების პრობლემასთან გამკლავებას. ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ კერძო სექტორში ადგილების შექმნა და აქეთაა მიმართული ეს ბიუჯეტი", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ ამნისტიის კანონზეც ისაუბრა, რომელმაც მისი შეფასებით დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ,,პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც ორასამდე პატიმარს თუ დევნილს მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი და შემდეგ ისინი შეყვანილი იყვნენ იმ კანონში, რომლითაც ამნისტია გამოცხადდა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  
დავით უსუფაშვილის პრესკონფერენციადავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც პარლამენტში დღეს შემოვა. ,,ბიძინა ივანიშვილმა  ბრძანა, რომ კოალიცია არასოდეს ყოფილა დაინტერესებული პოლიტიკური რევანშით, მაგრამ ვერც იმას დავუშვებდით, რომ დაგვეხუჭა თვალი ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გარკვეული დრო დასჭირდა იმას, რომ ბევრი რამ აშკარა გამხდარიყო ქართული და მსოფლიო საზოგადოებისთვის, ამიტომ ვთვლით, რომ ეს ეტაპი დასრულდა და რეჟიმი და სისტემა სრულად არის გამომზეურებული“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით 2004 წელს კონსტიტუციაში განხორციელდა ცვლილება,  რომლის მეშვეობითაც პრეზიდენტს აქვს უფლება ნებისმიერ მომენტში უაპელაციოდ და უმიზეზოდ დაითხოვოს მოქმედი მთავრობა და შემდგომ, თუ პარლამენტმა მის მიერ შემოთავაზებული მთავრობა სამჯერ არ დაამტკიცა, მაშინ თავად დანიშნოს მისი მთავრობა და მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება დაიბრუნოს უკან. ,,ეს ნიშნავს, რომ ერთ კაცს, პრეზიდენტს კონსტიტუციურად ეძლევა უფლება იგნორირება გაუკეთოს მოსახლეობის ნებას, რომელიც მან არჩევნებზე დააფიქსირა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ სურს, უფსკრულის პირას მისული ხელისფლება და პრეზიდენტი გადაჩეხოს. ჩვენ გადავწყვიტეთ უფსკრულში გადაჩეხვის პროცესი შევაჩეროთ და არ დავუშვათ პოლიტიკური კრიზისი. ", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლო პროცესებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს კონსტიტუციაში დღეს არსებული ნორმების პრეზიდენტის მიერ გამოყენების შემთხვევაში. მისი თქმით, შექმნილ სიტუაციაში  გამოინახა შემდეგი გამოსავალი: ,,გადავწყვიტეთ, ხელი არ ვახლოთ პრეზიდენტის არც ერთ გადაწყვეტილებას და მისი ვადების ამოწურვამდე ყველა კომპეტენცია ხელუხლებელი დავუტოვოთ გარდა ერთისა - ერთპიროვნულად შეცვალოს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ნების გარეშე, ხალხის ნებას კი გამოხატავს პარლამენტი.  ერთადერთ ამ უფლებამოსილებას ართმევს პრეზიდენტს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილება“.  დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამის პარალელურად პარლამენტი უარს ამბობოს გარკვეულ იმუნიტეტზე: ,,პარლამენტის არჩევიდან პირველი 6 თვისა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში პარლამენტის დათხოვნის შეზღუდვის იმუნიტეტს ვიხსნით და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მაინც ხდება რაიმე ისეთი, რომ მთავრობა შესაცვლელია, ეს უნდა მოხდეს პარლამენტის დათხოვნის გზით და ახალი საპარლამენტო  არჩევნების ჩატარებით, რომელიც ჩატარდება  ყოფილი მთავრობის პირობებში და არა პრეზიდენტის მთავრობის პირორბებში.“ დავით უსუფაშვილის შეფასებით ამით კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ასრულებს მთავარ დაპირებას  - ძალაუფლება ხალხს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსხურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ  თუ სდსს მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ გადავა, მან საკუთარ დაქვემდებარებაში დაიტოვოს ის, რაც სჭირდება. "სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით იყო დიდი ვნებათაღელვა და პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზადაა, იაროს ძველი "ოპელით", არ სჭირდება დაცვა და ა.შ. სამწუხაროდ, ესეც პირველი ნაბიჯი იყო, რომ გარესამყაროში თუ მოსახლეობაში გამოეწვია სენტიმენტები, რომ ის იჩაგრება.  პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და მუშაობა მიმდინარეობს. პრეზიდენტს ვეუბნებით, რომ დაიტოვოს, რაც სჭირდება დასაცავად, დაიტოვე საკუთარ დაქვემდებარებაში, საკუთარ ადმინისტრაციაში. ამ კანონპროექტში შევა სათანადო ცვლილებები“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტში იყო შემოსული გარკვეული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციიდან მთავრობის დაქვემდებარებაში გადასასვლელად, თუმცა ამ ეტაპზე ეს პროცესი შეჩერებულია: ,, ჩვენ ვეუბნებით, დაიტოვე ეს საკითხები. არ გვჭირდება ზედმეტი და ჭარბი უფლებამოსილება ჩვენი კომპეტენციების განსახორციელებლად“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ ინიციატივაზე შეაჩერა ჟურნალისტების ყურადღება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს და საპარლამენტო უმცირესობას მიმართა.  "პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, ამნისტია განხორციელდეს იმ შესაძლო დანაშაულებებზე, რაც ძიების პროცესშია ან ხვალ შეიძლება გამომზეურდეს, გარდა ძალადობრივი დანაშაულებებისა. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავად იყვნენ ამ სისტემის პირველი მსხვეპლნი, ანუ შემსრულებლები, ასეთია ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე, ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ, ეს  ვაპატიოთ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ, თუმცა ცხადია, იმ პირობით, რომ ამ თემებზე სიმართლე ითქმევა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეთავაზება პრეზიდენტისადმი, "ნაციონალური მოძრაობისა" და საპარლამენტო უმცირესობისადმი არის ის, რომ გამოხატული იყოს ორმხრივი კეთილი ნება ამ თემებზე სასაუბროდ.  ,,ვთქვათ სიმართლე, დაზარალებულების კომპენსაციაზე ერთად ვიზრუნოთ, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაცია და უფლებების აღდგენა ერთად მოვახერხოთ. ვპირდებით, რომ ამას არ მოჰყვება ყველა შესაძლო ბოროტმოქმედისა თუ ამ ამბების ჩამდენის აუცილებლად სისხლის სამართლებრივი პასუხსიმგებლობა და რეპრესია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ადამიანებს საშუალება უნდა მიეცეთ გაიაზრონ თავიანთი არასწორი ქმედებები და სწორ გზას დაადგენ.  
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჟურნალისტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით უსუფაშვილმა  ჟურნალისტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, უსურვა ჯანმრთელობა, ბედნიერება და კარგი ამბები პარლამენტის შენობიდან.

 

 

 

Last Updated on Friday, 11 January 2013 00:00
 
modules