იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
Friday, 28 December 2012 14:17

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა   კომიტეტის სხდომაიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანამდევი პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტით  „ნორმატიული აქტების შესახებ“ უქმდება იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილების ერთი საკანონმდებლო აქტით შეტანის შესაძლებლობა. ამავე დროს განისაზღვრება, რომ ნორმატიულ აქტში სიტყვის (სიტყვების) ან რიცხვის (რიცხვების) შეცვლის, ამოღებისა და დამატების შემთხვევაში ნორმატიული აქტის პროექტი შესაძლებელია შეიცავდეს შესაბამისი პუნქტის(ნაწილის), ქვეპუნქტის, დანართის (დანართის ნაწილის) სრულ რედაქციას სათანადო ცვლილების ან დამატების გათვალისწინებით. კანონპროექტის მიხედვით,  ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტს განმარტებით ბარათთან ერთად უნდა დაერთოს აგრეთვე იმ ნორმის მოქმედისრული რედაქცია, რომელშიც შედის ცვლილება წარმოდგენილი პროექტით ან ხდება მუხლის ამოღება.
კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. ცვლილებების თანახმად, პარლამენტს უბრუნდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის უფლება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი დარჩება სააპელაციო და რაიონული(საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  ასევე მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების  ჩამორთმევის წესის შესახებ“   საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური  უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე, განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით) იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების რიგგარეშე სესიის სხდომაზე გატანას.

Last Updated on Saturday, 29 December 2012 16:18
 
modules