|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი სხდომა |
|
Friday, 28 December 2012 17:22 |
|
საპარლამენტო კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი. პრეზიდენტმა პარლამენტს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნა. პარლამენტში გამოგზავნილ დოკუმენტში პრეზიდენტი კანონპროექტის დაბრუნების მიზეზად ასახელებს კანონპროექტის პრეამბულის მეორე აბზაცს, აგრეთვე კანონპროექტის 22-ე და 24-ე მუხლებს, რომლითაც ამნისტია ვრცელდება „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრულ პირებზე, აგრეთვე კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომლებიც უკავშირდება არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებას. მისივე განმარტებით, ამნისტიის ცალკული მუხლები ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპებს დ ასევე ამნისტიის პრინციპს. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პრეამბულის მეორე აბზაცი, აგრეთვე 22-ე და 24-ე მუხლები საგანგაშოა ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში შეყვანილი არიან „ოპერაცია ენვერის“ საქმეზე, ასევე ჯაშუშობის სხვა საქმეებზე მსჯავრდებულები. ამავე ჩამონათვალში არიან პირები, რომლებიც მსჯავრდებული არიან სამხედრო ამბოხების მოწყობასა და სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდებისათვის. მიუღებელია უმცირესობათა შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში, აგრეთვე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში მსჯავრდებულ პირთა მიმართ აღნიშნული კანონის მოქმედების გავრცელება. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილებით არ დადასტურებულა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა.“,-ნათქვამია დოკუმენტში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით მხარი არ დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს. პროექტს მხარი დაუჭირეს მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა
|
|
Last Updated on Saturday, 29 December 2012 16:17 |