|
2012 წლის ბოლო პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა 91 მომხრით, 24-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის მიერ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე დადებული ვეტო დაძლია. რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა დილიდან კანონპროექტების განხილვით დაიწყო. კანონმდებლებმა მესამე მოსმენით წარმოდგენილი საკითხები რედაქციული შენიშვნების გარეშე განიხილეს. სხდომის შესვენების შემდეგ ბიუროს გადაწყვეტილებით, დღის წესრიგს სამი საკითხი დაემატა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინე იმერლიშვილმა II მოსმენით „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის განცხადებით, უმცირესობის მოსაზრების გათვალისწინების გამო კანონპროექტის პირვანდელი ვერსია შეიცვალა და წარმოდგენილი პროექტით დაცვის სპეციალური სამსახური ორად გაიყოფა. „სახელმწიფო დაცვის სამსახურთან დაკავშირებით უმრავლესობამ და უმცირესობამ შეთანხმებას მიაღწიეს. დაცვის სამსახური ორ ნაწილად გაიყოფა და მისი ერთ-ერთი ნაწილი პრეზიდენტის დაქვემდებარებაში დარჩება. შეიქმნება ლოკალური დაცვის სამსახური, რომელიც მოქმედი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დაცვით იქნება დაკავებული“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ დეპუტატებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო–სახალხო განხილვისთვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი წარუდგინა. საორგანიზაციო კომისიაში 6–6 წევრი უმრავლესობას და უმცირესობას, ხოლო დამოუკიდებელ ფრაქციას 1 წევრი ეყოლება. კომისიის მუშაობაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ჩართულნი არიან სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის შექმნილ საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში.საპარლამენტო ტრიბუნასთან დეპუტატების გამოსვლები „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას მოჰყვა. პრეზიდენტის მიერ მომზადებული შენიშვნები მისმა საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი ძაგნიძემ წარმოადგინა. მომხსენებელს დამატებითი შეკითხვებით პარლამენტის წევრებმა მანანა კობახიძემ, თინათინ ხიდაშელმა და ანი მიროტაძემ მიმართეს, რომლებიც ძირითადად პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების რაოდენობას და მათი დანაშაულებრივი კლასიფიკაციას შეეხებოდა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის მხრიდან მასზე ვეტოს დადებაზე განსხვავებული მოსაზრებები როგორც უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ გამოთქვა. პარლამენტის წევრმა, კობა დავითაშვილმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე დაწყებული პროცედურა დამოუკიდებელი პარლამენტის დაბადების დღედ შეაფასა. თინათინ ხიდაშელმა კი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმრებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი შეწყალებით დღეს ციხიდან გამოუშვა პატიმარი, რომელსაც კოლუმბიიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის გამო 25 წლიანი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. მან ასევე შეიწყალა პატრულის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც არასრულწლოვანისთვის თავისუფლების აღკვეთისა და მისი გაუპატიურების გამო იხდიდა სასჯელს. "ჩვენს მიერ მიღებულ კანონპროექტში კი საუბარი არ არის ასეთი მძიმე მუხლებით მსჯავრდებული ადამიანების გათავისუფლებაზე. მათ პარლამენტი სასჯელის მოცულობას უმსუბუქებს და ის, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, მხოლოდ ტყუილია, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა. გამოსვლების დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მიერ მომზადებულ შენიშვნებს ეყარა კენჭი. 33 მომხრე, 83 წინააღმდეგით გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. პრეზიდენტის ინიციატივის ჩაგდების შემდეგ, კენჭისყრით უკვე მისი ვეტო დაიძლია, რომელსაც დარბაზი აპლოდისმენტებით შეხვდა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პროცედურული განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება კანონის ავტომატურად ამოქმედებას არ გულისხმობს. "დღეს მიღებული გადაწყვეტილება ვეტოს დაძლევის თაობაზე ისევ უნდა მიეწოდოს პრეზიდენტს და მან კანონზე ხელი 7 დღის განმავლობაში უნდა მოაწეროს. თუ ის გადაწყვეტს, რომ კვლავ არ მოაწეროს მას ხელს, მაშინ ამას უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს. სწორედ იმ მომენტიდან იქნება კანონი მზად, რომ გამოქვეყნდეს და მას შემდეგ შეიძენს იურიდიულ ძალას", – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კენჭისყრით მიიღეს. სხდომის დასასრულს სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. 26 დეკემბრიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა.
|