საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის შემაჯამებელი პრესკონფერენცია
Friday, 28 December 2012 17:43

დავით ონოფრიშვილის პრესკონფერენციასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და კომიტეტის მიერ 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2012 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მისი განცხადებით, კომიტეტმა 18 სხდომა გამართა და 28 კანონპროექტი განიხილა. ამ კანონპროექტებიდან კომიტეტი წამყვანი იყო 16 კანონპროექტზე, საიდანაც კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული იყო 4 კანონპროექტი.

დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტების განხილვის დროს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა აქტიურად თანამშრომლობდნენ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც კომიტეტს ბოლო ორი თვის განმავლობაში მოუწია მუშაობა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პოექტი იყო. ,,2013 წლის ბიუჯეტი ეს გახლავთ შეუდარებლად სხვა დაკუმენტი, ვიდრე წინა წლების ბიუჯეტები იყო. ამ ბიუჯეტში პრაქტიკულად არ არსებობს გაუმჭვირვალე ხარჯები. გარდა ამისა, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პრაქტიკულად ყველა წინასაარჩევნო დაპირება 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ეს ეხება: პენსიების და დახმარებების ზრდას, საყოველთო ჯანდაცვის დაზღვევას, სოფლის მეურნეობის დაფინანსებას და სხვა“,-აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში, რომელიც პირდაპირ მიმართულია მეწარმეების, მცირე და საშაულო ბიზნესის საქმიანობის შემსუბუქებისაკენ. ,,მთლიანობაში, ცვლილებების უმრავლესობა მიმართულია არაადეკვატური ჯარიმების შემცირებისკენ. საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები ვეღარ იმუშავებენ ჩასაფრებულის პოზიციიდან. ცვლილებები შეეხო ასევე საგადასახადო დავალიანებების გადავადების საკითხსაც“,-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ პირადად მის მიერ ინიცირებული კანონპროექტით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გამოვა და დამოუკიდებელ სამსახურად ჩამოყალიბდება, რაც მისი აზრით სერიოზულ პოზოტიურ ცვლილებებს გამოიწვევს სადაზღვევო ბაზარზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ონოფრიშვილმა ასევე განცახადა, რომ საანგარიშო პერიოდში განხილული იყო საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც სხვადასხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთები როგორიცაა მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი, ევრობანკი საქართველოს ეხმარებია. შემოსული თანხები იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება, რომლებითაც საქართველოს მოსახლეობაა დაინტერესებული.

 

 

კომიტეტის მიერ 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2012 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაწეული საქმიანობის ანგარიში >>>

 

 

Last Updated on Tuesday, 08 January 2013 13:41
 
modules