|
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილიში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოში აკრედიტებულ ოცდაათზე მეტი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე. ქართულმა მხარემ უცხოელ დიპლომატებს პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტები დეტალურად გააცნო. ერთი მათგანი პარლამენტის ადგილმდებარეობას, ხოლო მეორე პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენებისა და დანიშვნის პროცესს უკავშირდება. დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თებერვლის დასაწყისისთვის ორივე პროექტი მზად იქნება იმისთვის, რომ პარლამეტში მათი განხილვის პროცესი დაიწყოს და ამ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა აღნიშნულ პროექტებზე ფართო კონსენსუსი იყოს მიღწეული. ,,ვინაიდან ცვლილებების პროექტებზე დაწყებულია საერთო-სახალხო განხილვა, საჭიროდ ჩავთვალე შევხვედროდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს. ამ პროექტის მხარდაჭერის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს, მათ შორის უმცირესობის წარმომადგენლებსაც. თუ ისინი თვლიან, რომ კონკრეტულად ეს გადაწყვეტილებები სწორია ქვეყნისთვის და მათ შორის მათთვისაც, უნდა ჰქონდეთ საშუალება მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების პროეტებს. ამ მიზნით მე მქონდა წინასწარი კონსულტაციები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან პარლამენტში. კონსულტაციები გრძელდება და მე ვისურვებდი, რომ ამ საკითხზე მიღწეული იყოს ფართო კონსენსუსი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
დავით უსუფაშვილმა ყურადღება გაამახვილა ცვლილებების იმ პროექტზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენება-დანიშვნის საკითხის ახლებურად დარეგულებას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ ცვლილება ქვეყნის სტაბილურობისთვისაა აუცილებელი. ,,მეორე ცვლილება გულისხმობს მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის გარეშე, ანუ ხალხის გარეშე ვერ შექმნას ახალი მთავრობა, დანარჩენი უფლებამოსილებები მას რჩება. ეს ცვლილება საჭიროა ქვეყნის სტაბილურობისთვის, იმისთვის, რომ პრეზიდენტს ან ვინმე სხვას არ ჰქონდეს იმის თუნდაც ილუზია, რომ ეს შესაძლებელია ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საზოგადოებაში და პარლამენტში ძალიან ფართო მხარდაჭერა ექნება.
|