სხდომის ოქმი N6

     საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი

სხდომის     ოქმი N6

                                                                                          4 დეკემბერი 2012 წ.

                                                                                                 ქ. ქუთაისი

                                                                                                 1500 საათი          

                                                                                                  დარბაზი #5

 

 

სხდომას თავმჯდომარეობდა                                ერეკლე ტრიპოლსკი

                                                                              (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                                        

სხდომის მდივანი:                                                    ბელა ქველაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები:

ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანის ადგილმონაცვლე, კარლო კოპალიანი, ალი მამედოვის ადგილმონაცვლე დიმიტრი ხუნდაძე, გია თევდორაძე, რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ზვიად ძიძიგიურის ადგილმონაცვლე მერაბ კაჭახიძე, გურამ მისაბიშვილი, ირმა ნადირაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, სერგო ხაბულიანის ადგილმონაცვლე გიორგი გოზალიშვილი;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრი:

გოჩა ენუქიძე;

 

სხდომას ასევე ესწრებოდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები;

 

აპარატის თანამშრომლები: ვლადიმერ ჯიშიაშვილი (აპარატის უფროსი), რამაზ ხიზანიშვილი, რაფიელ გელანტია, ხათუნა ხვიჩია, სულიკო ბეჟანიძე, ბელა ქველაძე, ნინო ქავთრაძე;

 

მოწვეული სტუმრები:

დავით ებრალიძე _ ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ოთარ შამუგიასოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტი;

 

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გახსნა აგრარულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა, მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა ორივე კომიტეტში და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი:

 

საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი

მომხსენებელი: დავით ებრალიძე   _ (ფინანსთa მინისტრის მოადგილე)

1მოისმინეს: ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ წარმოადგინა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით იცვლება, როგორც ბიუჯეტის შემოსულობების, აგრეთვე გადასახდელების ნაწილიც. შემოსულობების ნაწილში ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით გრძელვადიანი კრედიტების შემცირებასთან. გარდა ამისა, ხორციელდება შემოსულობების სხვადასხვა კატეგორიების კორექტირება და ბიუჯეტში აისახება წლის განმავლობაში სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული მიზნობრივი გრანტები. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა სამინისტროების ზოგიერთი პროგრამის დეფიციტის დაფინანსებასთან. აღნიშნული დეფიციტები გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ წლის განმავლობაში ამ პროგრამების ასიგნებები შემცირდა და მიიმართა სხვა პროგრამების დასაფინანსებლად, რის შედეგადაც ამ ეტაპზე განათლების სამინისტროს არ აქვს საკმარისი რესურსი დეკემბერში საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების დასაფინანსებლად; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიუჯეტით დაგეგმილთან შედარებით მეტი მოცულობით თანხები მიმართა რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად და არ აქვს რესურსი სახელმწიფო ხაზინიდან აღებული მოკლევადიანი სესხის დასაფარად.

გარდა დეფიციტური პროგრამების დაფინანსებისა, ბიუჯეტის გაანალიზების შემდგომ შესაძლებელი გახდა თავისუფალი რესურსის გამონახვა, რომელიც უკვე მიმდინარე წელსვე მიიმართება ახალი მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტის - სოფლის მეურნეობის დამატებით დასაფინანსებლად. 2012 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,0%- შეადგენდა და აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრებიც.

2012 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით გასულ წელთან შედარებით:

  • საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია 10%-ით;
  • დღგ- ბრუნვები - 16%-ით;
  • საბანკო სექტორის მიერ ეკონომიკის დაკრედიტება - 20%-ით;
  • სავაჭრო ბრუნვა - 15%-ით;
  • მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა:

­    I კვარტალი - 6,5%;

­    II კვარტალი - 8,2%;

­    III კვარტალი (წინასწარი) - 7,4%;

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გადაიხედა მაკროეკონომიკური პროგნოზები, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 7,0%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი და ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის პროგნოზი 26,6 მლრდ ლარს შეადგენს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრება 8 158,0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ მოცულობაზე 84,0 მლნ ლარით ნაკლებია, კერძოდ: საგადასახადო შემოსავლების მთლიანი მოცულობა არ იცვლება, თუმცა მიმდინარე წლის მაჩვენებლების ფაქტიური შესრულებიდან გამომდინარე, ხორციელდება გადასახადების ცალკეულ კატეგორიებში დაგეგმილი შემოსავლების კორექტირება. კერძოდ:

­    საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 26,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 623,0 მლნ ლარით.

­    მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 56,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 844,0 მლნ ლარით.

­    დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 56,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 070,0 მლნ ლარით.

­    აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 644,0 მლნ ლარით.

­    იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 10,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 90,0 მლნ ლარით.

­    სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მცირდება 16,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 29,0 მლნ ლარით.

­    გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები მცირდება 15,3 მლნ ლარით და განისაზღვრება 318,3 მლნ ლარით, მათ შორის:

­    ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების მოცულობა მცირდება 29,7 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ ესწრება ევროკავშირის ზოგიერთი გრანტის სრულად ჩამორიცხვა და ისინი ჩამოირიცხება მომდევნო წლის განმავლობაში;

­    საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტებით დაფინანსებული პროექტების შესრულების ტენდენციიდან გამომდინარე, აღნიშნული გარანტების მოცულობა მცირდება 14,6 მლნ ლარით

­    29,0 მლნ ლარით განისაზღვრება სხვადასხვა უწყებების მიერ წლის განმავლობაში მიღებული მიზნობრივი გრანტების მოცულობა.

სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა იზრდება 120,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 540,0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის:

­    99,0 მლნ ლარით იზრდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რაც წარმოადგენს 2011 წლის ჩათვლით სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მიღებული გაუნაწილებელი მოგებიდან ბიუჯეტში ჩარიცხულ დივიდენდს;

­    სანქციები (ჯარიმები და საურავები) იზრდება 30,0 მლნ ლარით, აღნიშნული თანხა ფინანსური აქტივებიდან (სესხების დაბრუნება) გადმოტანილია სანქციებში, გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო შემოსავლის სახეში;

­    სხვა შემოსავლების დანარჩენი კატეგორიები ჯამურად მცირდება 9,0 მლნ ლარით;

არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან დაგეგმილი შემოსულობების მოცულობა იზრდება 5,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 75,0 მლნ ლარით.ფინანსური აქტივების კლებიდან დაგეგმილი შემოსულობის მოცულობა მცირდება 20,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 40,0 მლნ ლარით. ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი მცირდება 173,7 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) კრედიტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების ტენდენციასთან;

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები კლებულობს 30,5 მლნ ლარით. ამასთან, საბიუჯეტო სახსრები იზრდება 128,8 მლნ ლარით, გრანტები - 14,4 მლნ ლარით (მათ შორის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული გრანტები მცირდება 14,6 მლნ ლარით, ხოლო მხარჯავი დაწესებულებების მიერ წლის განმავლობაში მიღებული ე.წ. „მიზნობრივი გრანტების“ ხარჯზე ასიგნებები იზრდება 29,0 მლნ ლარით), ხოლო კრედიტები მცირდება 173,7 მლნ ლარით.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს: მიმდინარე წლის განმავლობაში საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები შემცირებულ იქნა 25,0 მლნ ლარით და აღნიშნული თანხა მიმართული იქნა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში, რის თაობაზეც ეცნობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. აღნიშნული ცვლილება აისახა წარმოდგენილ პროექტში.

აზრი გამოთქვეს:

დ. ბერძენიშვილი: მაინტერესებს არის თუ არა ცვლილება პოლიტიკურ რეპრესიების მქონე პირთა საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით? მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ 2005 წლამდე ასაკობრივი პენსიონერი, რომელიც ამასთანავე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის სტატუსის მქონენი იყვნენ, იღებდნენ, როგორც ასაკობრივ, ისე რეპრესირებულთა პენსიას, ხოლო 2005 წლის დეკემბრიდან ეს ნორმა შეჩერებულია, სამომავლოდ რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით.

დ.ებრალიძე: 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში არ არის გათვალისწინებული პოლიტიკურ რეპრესირებულთა პენსიები.

ე. ტრიპოლსკი: წარმოდგენილ პროექტში ბუნდოვანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შემცირებული 25.0 მილიონი ლარი ეს თნხა მიმართულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში, თუ პირიქით ამოღებულია ფონდის ბიუჯეტიდან?

დ. ებრალიძე: რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 25.0 მლნ ლარი არ ჩამოჭრია, აღნიშნული თანხა გადაირიცხა რეგიონებში განსახორციელებელი ფროექტების ფონდში და ხმარდება ადგილობრივი ღონისძიებების დაფინანსებას.

გ თევდორაძე: მინდა პოზიციის დაფიქსირება, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარესთან შევჯერდით, რომ მომავალ კვირაში ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინოს გამოთანაბრებითი ტრანფერის განაწილების ფორმულა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წარმოდგენილ პროექტში 2.0 მლნ ლარი გათვალისწინებულია თბილისში პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისათვის, მაგრამ ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილება არ განხორციელებულა, რისთვისაც შესაბამისი პროცედურებია საჭირო, ხომ არ აჯობებდა აღნიშნული თანხა მიმართულიყო ქუთაისში, იქ სადაც პარლამენტის სხდომები ტარდება პარლამენტის შენობის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაზე?

დ. ებრალიძე: გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა რჩება იგივე და მასში არ შედის არავითარი ცვლილება. რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას ეს   ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით არ ხდებოდა. გარკვეულ წილად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის მთელი რიგი სამართლებრივი სახის პრობლემები, რომელიც მოითხოვს შესაბამისი სამსახურებიდან  შესწავლას.

გ. აგულაშვილი: იურიდიული ნონსესია ის, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა არ არის რიცხული პარლამენტის ბალანსზე, ხოლო თბილისის შენობა პარლამენტის ბალანსზეა, აქედან გამომდინარე ქუთაისში პარლამენტის შენობის სამშენებლო სამუშოების დასრულებისათვის როგორ უნდა გამოიყოს თნხები ბიუჯეტიდან გაუგებარი და აუხსნელი პროცედურაა, რომელიც შესასწავლად გადაეცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

სხდომაზე ასევე აზრი გამოთქვეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა: პ. ცისკარიშვილმა, ვ.ლემონჯავამ, ო. შამუგიამ;

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტი მხარს უჭერს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

    

სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

 

სხდომის თავმჯდომარე                                           ერეკლე ტრიპოლსკი

 

 

 

 

 

სხდომის მდივანი                                   ბ. ქველაძე

 
modules