სხდომის ოქმი N9

     საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის ოქმი #9

/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან ერთად/

                                                             26 დეკემბერი 2012. ქ. ქუთაისი 1400 საათი          

                                                                                         / საკომიტეტო მოსმენის დარბაზი #4/

 

სხდომას თავმჯდომარეობდა                                   ერეკლე ტრიპოლსკი

                                                                                   (კომიტეტის თავმჯდომარე)

                                                        

სხდომის მდივანი:                                                    ბელა ქველაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა

და თვითმმართველობის კომიტეტს წევრები:

ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი, ალი მამედოვის ნაცვლად მირიან წიკლაური, გია თევდორაძე, რუსლან პოღოსიანის ნაცვლად დავით ლორთქიფანიძე, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ზვიად ძიძიგიური, გურამ მისაბიშვილი, ანზორ ბოლქვაძე, სერგო ხაბულიანი, დავით ბეჟუაშვილის ნაცვლად გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი;

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ

ესწრებოდა კომიტეტის წევრი: გოჩა ენუქიძე,

მოწვეული სტუმრები:   დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ანდრო ლოლაძე- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

რეგიონული პოლიტიკისა და

თვითმმართველობის კომიტეტის

აპარატის თანამშრომლები: რაფიელ გელანტია, სულიკო ბეჟანიძე, ბელა ქველაძე;

 

ერთობლივი კომიტეტის სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები, აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომა გახსნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ერეკლე ტრიპოლსკიმ კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწეილი ,,2011 წლის 1 მარტის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების“ (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილებას“ (07-1/15, 21.12.12)

         მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე.

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი ,,2011 წლის 10 მაისის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 1)“ ცვლილებას“ (07-1/14,21.12.12)

           მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე.

3. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-2/18.20.12.2012)

           მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე.

 

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით მოისმინეს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის ინფორმაცია saqarTvelos პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწეილი ,,2011 წლის 1 მარტის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების“ (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილება“. საინვესტიციო პროგრამის თანახმად, საქართველო იღებს ვალდებულებებს და განახორციელებს ურბანული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორის განვითარების გეგმას.(,,სექტორის განვითარების გეგმა“), საინვესტიციო პროგრამა სექტორის განვითარების გეგმის განუყოფელი ნაწილია.

საქართველოში 2011-2019 წლებში  ურბანული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სექტორის განვითარების გეგმის გაუმჯობესების პროექტების დასაფინასებლად 500 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა. კერძოდ გათვალსიწინებულია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ობიექტების რეაბილიტაცია, გაუმჯობესება და გაფართოება 6 ქალაქში: მესტიაში, ანაკლიასი, ქუთაისში, ფოტში, ზუგდიდსა და მარნეულში.

გადაწყვიტეს: (მომხრე -14, წინააღმდეგი-0)

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწეილი ,,2011 წლის 1 მარტის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების“ (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილების“ რატიფიცირებას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით მოისმინეს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ებრალიძის ინფორმაცია saqarTvelos პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი ,,2011 წლის 10 მაისის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 1)“ ცვლილების“ შესახებ. მან აღნიშნა, რომ სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფა, რომლის ხანგრძლივობა 32 წელი8 წლიანი შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით. სავალუტო რისკს იღებს UWSCG. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 1%- შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 1,5%-. საინვესტიციო პროგრამის მიზანია წყალმომარაგების სისტემისა და კანალიზაციის (WSS) ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გაუმჯობესება და გაფართოება;

პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

კომპონენტი 1- ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

ა) წყალმომარაგების ნაგებობების, წყლის გამწმენდი ნაგებობების და წყლის მიწოდების სისტემების მშენებლობა შემდეგ ქალაქებში: ანაკლია, მარნეული, მესტია და ზუგდიდი და WSS-ის სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო მანქანების და აღჭურვილობის შესყიდვა;

კომპონენტი 2 ინსტიტუციური განვითარება

ბ) UWSGG-თვის მართვის კონტრაქტორის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

გ) MA-ის, MEPNR—, MRDI-ის და GNEWSRC-ის შესაძლებლობების განვითარება;

კომპონენტი 3 - პროექტის განხორციელების ხელშეწყობა

(ა) UWSCG-ს მხარდაჭერა დეტალური ინჟინერიის, მშენებლობის ზედამხედველობის, შესყიდვების, უსაფრთხოების ზომების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საინვესტიციო პროგრამის შემდგომი პროექტების და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი ტრეინინგების პროგრამების მომზადება ჯანდაცვის, სანიტარიისა და ჰიგიენის, ასევე წყლის რესურსების დაცვის საკითხებზე.

პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2016 წლის 31 მარტი.

გადაწყვიტეს: (მომხრე -14, წინააღმდეგი-0)

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 11 დეკემბერს ხელმოწერილი ,,2011 წლის 10 მაისის ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი 1)“ ცვლილების რატიფიცირებას.“

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით მოისმინეს:

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ პირველი მოსმენით, წარმოადგინა საქრთველოს მთავრობის ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსით დადგენილი დაბეგვრის და ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწას, საგადასახადო  სამართალდარღვევებისათვის განსაზღვრული სანქციების ლიბერალიზაციას,  ზოგიერთი ორაზროვანი  დებულების გასწორებას, ტექნიკური და რედაქციული ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრას. კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით: კერძოდ ზუსტდება საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის, დარიცხვის, სანქციების დაკისრების და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტი, დგინდება ხანდაზმულობის ვადები საგადასახადო შემოწმებასა და საგადასახადო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე.  მიწის გადასახადის წლიური საბაზისო ოდენობა დადგინდება საგადასახადო კოდექსით, ნაცვლად მთავრობის დადგენილებისა. საგადასახადო კოდექსის 121- მუხლის პირველი ნაწილის ცვლილებით ზუსტდება, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა გავრცელდება მეწარმე ფიზიკური პირის არა ნებისმიერი აქტივის, არამედ იმ ქონების რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაციაზე, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში არ გამოიყენება. ამასთან, როგორც  არამეწარმე ფიზიკური  პირი, ისე მეწარმეც ვერ გადაიტანს ზარალს მომდევნო წელს, თუ ასეთი აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია.
პროექტის მიხედვით, ახალი რედაქციით ყალიბდება საგადასახადო კოდექსის 199- მუხლის ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც 2014 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება იმპორტის გადასახადისაგან თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გათავისუფლება. ცვლილებების თანახმად, საგადასახადო დავალიანების იძულებით გადახდევინება განხორციელდება არა საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის, არამედ   საგადასახადო  დავის დასრულების შემდეგ. ერთ-ერთი  ცვლილებით მცირდება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობისთვის  ან მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, ასევე, ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენებისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს გადასახადის გადამხდელის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს მოქმედი 500ლარისა. საგადასახადო კოდექსის  289- მუხლის მე-12-მე-13 ნაწილების მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე  30 000  ლარიდან (ან სხვა ვალუტაში მისი ეკვივალენტიდან) 50 000 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ან ამ საქონლის ჩამორთმევას, ხოლო 50 000 ლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა - 3 000  ლარის ოდენობით.  პროექტის მიხედვით, უქმდება  ჯარიმის გრადაცია 30 000-დან 50 000-მდე და 50 000-ზე მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა/გადმოტანისათვის. ამასთან, 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანისათვის განისაზღვრება ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო, საქონლის ჩამორთმევა განხორციელდება მხოლოდ ამ ქმედების განმეორებით ჩადენისათვის. ცვლილებების მიხედვით, 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად ჩაითვლება და გადახდის წყაროსთან დაიბეგრება მხოლოდ 2006 და 2007 წლის საგადასახადო პერიოდებში გამოქვითული და აუნაზღაურებელი პროცენტები, ხოლო რაც შეეხება  2008-2010 წლებში გამოქვითულ პროცენტებს, მოხდება მათი გადანაწილდება და  ანაზღაურებულად ჩაითვლება შესაბამისად 2013-2015 წლებში. პროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლს ემატება მე-60 ნაწილი, რომლის თანახმადაც, კოდექსის 123-ე მუხლით განსაზღვრული სუსტი კაპიტალკიზაციის მარეგულირებელი დებულებები არ გავრცელდება 2013 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ასევე ამავე მუხლს ემატება 61-ე ნაწილი, რომლიტაც ზუსტდება, რომ ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავის - 0,06 პროცენტის ოდენობით დარიცხვა განხორციელდება მხოლოდ 2013 წლის 1 იანვრიდან არსებულ გადახდის გადაუხდელ თანხაზე.

აზრი გამოთქვეს: დ. ონოფრიშვილმა, ნ. ებანოიძემ, ზ. ტყემალაძემ, ზ. მელიქიშვილმა, გ. აგულაშვილმა;

 

გადაწყვიტეს: (მომხრე-12. წინააღმდეგი-2)

კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

(კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის). 

 

სხდომის თავმჯდომარე                                           ერეკლე ტრიპოლსკი

 

 

სხდომის მდივანი                                   ბ. ქველაძე

 
modules