პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა
ოთხშაბათი, 16 იანვარი 2013 20:22

DSC 0226პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
საპარლამენტო უმრავლესობამ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“  განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, უმცირესობის მიერ შეთავაზებული რამდენიმე წინადადება გაითვალისწინა და ხანგრძლივი განხილვის შემდეგ პარლამენტმა კანონპროექტს 103 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხებს დაემატება სისხლის სამართლის საქმეები. კერძოდ ისეთი შემთხვევები, როდესაც სისხლის სამართლის საქმეები ეხება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ შესაბამისი თანამდებობა, ასევე იმ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ზემოაღნიშნულ პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში. ახალ საქმეებთან დაკავშირებით განსჯადობის წესი განსაზღვრული იქნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. 

კანონპროექტის ინიციატორის, საქართველოს მთავრობის მოთხოვნით კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება მიმდინარე სასესიო კვირაში. დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრებს განცხადებების გაკეთების საშუალებაც ჰქონდათ. გამომსვლელთა დიდი ნაწილის განცხადებები ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შეფასებებს შეეხებოდა, კერძოდ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის კომისიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის აგრესიულ დამოკიდებულებას. უმცირესობის მხრიდან გაკეთდა განცხადებები ახალი ხელისუფლების მოქმედებებზე, რომელთაც ისინი შეცდომად და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოების საქმეში ხელის შეშლად მიიჩნევენ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კოლეგებს უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. რიგგარეშე სესიის შემდეგი სხდომა პარასკევს, 18 იანვარს გაიმართება.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 17 იანვარი 2013 12:25
 
modules