პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პროფესორ ოთარ გამყრელიძეს იუბილე მიულოცა
Wednesday, 23 January 2013 18:46

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოჩენილი ქართველი იურისტის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ გამყრელიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს გაიმართა და ღვაწლმოსილ მეცნიერს სიტყვით მიმართა.

“ამ კედლებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და შესანიშნავი ღონისძიება შემდგარა. Dდარწმუნებული ვარ დღევანდელი დღეც ასევე შევა უნივერსიტეტის ისტორიაში და არ მგონია, რომ ვაჭარბებდე. ყველა პედაგოგი, ყველა მოღვაწე, მეცნიერი, რა თქმა უნდა, იმსახურებს პატივისცემას და დაფასებას, მილოცვას, მაგრამ არსებობენ გამორჩეული პედაგოგები და ბატონი ოთარი იყო და არის მართლაც გამორჩეული პედაგოგი და გამორჩეული წევრი ჩვენი ქვეყნის იურიდიული საზოგადოებისა”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. Mმისი შეფასებით, ეს გამორჩეულობა ბევრი ფაქტორის ერთობლიობითაა განპირობებული – გარდა იმისა, რომ ოთარ გამყრელიძეს ახასიათებს თანდაყოლი ნიჭიერება და გამორჩეული წვდომის უნარი, მნიშვნელოვანია, რომ იგი ახერხებდა არ ყოფილიყო იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც არ ცნობდა და ვერ ეგუებოდა.
“თქვენ შესძელით, გარდა სამართლის სწავლებისა, გესწავლებინათ ჩვენთვის კიდევ სხვა რამ – თავისუფლება - ყველაზე მაღალი ღირებულება, რომ როგორ უნდა იყო იურისტი და ამასობაში არატრადიციული, სტანდარტული კომუნისტური გაგებით ჩარჩოებს აშენებდე, ჩარჩოებში იჯდე და ამასთანავე იყო თავისუფალი, აზროვნებაში, კამათში, შეხედულებებში”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ცალკე აღსანიშნავია ოთარ გამყრელიძის საზოგადო მოღვაწეობა, რომელიც არ იყო დაკავშირებული მხოლოდ წმინდა იურისპრუდენციის პრობლემატიკასთან. ცნობილი იურისტი ავტორია მრავალი სტატიისა საჭირბოროტო, საზოგადოებრივ საკითხებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ იუბილარს მილოცვის ადრესი გადასცა და მხცოვან მეცნიერს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვა.
მეცნიერსა და მრავალი თაობის აღმზრდელს, საზოგადო მოღვაწეს იუბილე მიულოცეს ასევე პროფესორმა ლევან ალექსიძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა, სამართლის დოქტორმა ლადო ჭანტურიამ და სხვებმა. საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები.
ოთარ გამყრელიძის საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორია თსუ-ს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის საორგანიზაციო ჯგუფი სამართლის დოქტორების, პროფესორების ნინო გვენეტაძისა და მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით.

Last Updated on Wednesday, 30 January 2013 21:46
 
modules