სხდომის ოქმი N12

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის

სხდომის ოქმი #12 

12 დეკემბერი, 2012

  

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: რუსლან პოღოსიანი, მერაბ კაჭახიძე, ომარ მეგრელიძე, სამველ პეტროსიანი, დავით საყვარელიძე, ფატი ხალვაში; ადგილომონაცვლე დეპუტატები: თამაზ მეჭიაური, ომარ ნიშნიანიძე. 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ჩიორა თაქთაქიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ენზელ მკოიანი, მარიამ საჯაია, ოთარ ჩრდილელი 

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ალექსანდრე ბარამიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

დავით ლომინაშვილი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი.

დღის წესრიგი 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმელიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები 

მომხსენებელი: ირინე იმერლიშვილი  

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი;

 მომხსენებელი: ალექსანდრე ბარამიძე 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

მომხსენებელი: დავით ლომინაშვილი 

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარის პირვლმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ. მან კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი. 

 მოისმინეს:

1.საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე. 

კანონპროექტის თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 90- მუხლის დებულებასთან შესაბამისობაში მოდის ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“. ცვლილება შედის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით და ამ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. შესაბამისი ცვლილებები შედის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მან ბიუროზე მოითხოვა საკითხის რიგგარშე განხილვა, რაზეც ბიურო დაეთანხმა. 

აზრი გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს: 

დავით საყვარელიძემ დასვა კითხვა უზენაესი სასამართლოს პოზიციის თაობაზე; 

ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის წინა დღის ინტერვიუს თანახმად საკითხთან წინააღმდეგობა არ ჩანს და სასამართლო ეთანხმება ამ საკითხს. 

გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ლოგიკურია, რომ მოსამართლეს ათავისუფლებდეს ის ორგანო, რომელიც ნიშნავს.

 

კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს კანონპროექტების ძირითად პრინციპებს და პირველი მოსმენით განხილვას. ორმა წევრმა - დავით საყვარელიძემ და სამველ პეტროსიანმა თავი შეიკავეს.

  2 .მოისმინეს:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით:

1. განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი - საბჭოს 6 არამოსამართლე წევრს აირჩევს საქართველოს პარლამენტი საზოგადოების წარმომადგენლებისაგან. პარლამენტის მიერ არჩეულ წევრთათვის დგინდება იმგვარი მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რეპუტაციის მქონე და დარგის აღიარებული სპეციალისტების მონაწილეობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე. კანდიდატურის დასახალება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან პირი, რომელიც რომელიმე ასეთ თანამდებობაზე იმყოფებოდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში

3  .ერთი და იგივე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარ

4. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. კანდიდატის დასახელების უფლება ექნება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ ოკმსამართლეს.

5. პროექტის თანახმად, ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისგან;
6.  ახალი რეგულაციებით უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწვდომობა.

  მომხსენებელს კითხვები დაუსვა და აზრი გამოთქვა პარლამენტის წევრმა დავით საყვარელიძემ:

1. რატომ არ იყო მოწვეული კომიტეტის სხდომაზე სასამართლოს წარმომადგენელი.
2. კანონპროექტის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 15 ადამიანით, აქედან რვას წარადგენს მოსამართლეთა კონფერენცია, ექვსს - საზოგადოებრივი ორგანიზაციები, დარჩენილი ერთი ვის მიერ იქნება წარმოდგენილი?
3.  კანონპროექტის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება იყოს წარმოდგენილი ადვოკატთა ასოციაციის წევრი. რამდენად სწორია დისციპლინური დევნის განმხორციელებელ ერთ ერთ პირად მოაზრებული იყოს პროცესის მხარე - ადვოკატთა ასოციაციის წევრი?
4. საბჭოს ერთ-ერთ წევრს დაასახელებს საქართველოს პარლამენტი - ხომ არ იქნება უპრიანი გაიწეროს, თუ ვის ექნება კანდიდატის დასახელების უფლება ან რა კვოტები იქნება გათვალისწინებული?
5,  კანონპროექტით ხომ არ მოხდება პრივილიგირებული კასტის წარმოშობა - რიგით მოსამართლეს ექნება ბერკეტი თავმჯდომარეზე?
6.  როგორია სასამართლოს პოზიცია ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით?
7.  არასრულწოლვანთა და სახელმწიფო საიდუმლოების საქმეების აუდიო-ვიდეო ჩაწერა უნდა აიკრძალოს და ეს უნდა დაფიქსირდეს კანონში
  

გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ითვალისიწინებს შენიშვნას და აუცილებლად მიიჩნევს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც არის წამყვანი კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტებზე, იქნას მიწვეული სასამართლოს წარმომადგენელი. 

მომხსენებელმა ალექსანდრე ბარამიძემ პასუხი გასცა დანარჩენ კითხვებს:

როგორც ეს არის გაწერილი კონსტიტუციაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. შესაბამისად, დარჩენილი კვოტაც მას ეკუთვნის. მომხსენებელი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ იუსტიციის საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ადვოკატთა ასოციაციის წევრი არის იურისტი, რომელიც ექვემდებარება კანონმდებლობას, გაწერილი ეთიკის წესებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წესებს. ამასთანავე, საბჭოს საქმიანობა შემოიფარგლება მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დასმით და არა გადაწყვეტილების მიღებით, და საკითხის დასმის პირობები მკაცრად არის განსაზღვრული კანონით. ასევე, ასაკობრივი ცენზი არამოსამართლეთათვის გაზრდილია (30 წელი ნაცვლად 25 წლისა), ის უნდა პასუხობდეს შესაბამის კრიტერიუმებს: იყოს დარგის აღიარებული სპეციალისტი, მაღალი დონის პროფესიონალი, მაღალი ზნეობრივი თვისებების მატარებელი ადამიანი. ამასთანავე, საერთაშორისო ორგანიზაციები თავიანთ დასკვნებში რეკომენდაციებს იძლევიან, რათა ადვოკატებს მიეცეთ შესაძლებლობა იყონ ამგვარი ინსტიტუტების წევრები, განსხვავებით პროკურორებისა, რომელთა მონაწილეობა ყველა საერთაშორისო დოკუმენტში აკრძალულია.

პარლამენტი არ დაასახელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატს, ის მხოლოდ დაამტკიცებს სხვა ორგანიზაციებიდან შემოსულ კანდიდატურებს. განხილვის და დამტკიცების პროცედურები უნდა გაწეროს თავად პარლამენტმა თავისი რეგლამენტით.

რაც შეეხება პრივილიგირებულ მოსამართლეებს, ასეთნი დღეს უკვე არსებობენ, რომლებიც ადმინისტრაციულ ფუნქციებსაც ასრულებენ სასამართლოში, და ამავე დროს სხვა თანამდებობებიც უკავიათ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესის დახურვის ინსტიტუტი უცვლელი რჩება. კანონის პრეოქტის 131 -ე მუხლის პირველ ნაწილში რჩება ჩანაწერი სხდომის ნაწილობრივ და სრულად დახურვის თაობაზე. 

სამველ პეტროსიანმა გამოთქვა მოსაზრება პროცედურასთან დაკავშირებით და მოითხოვა კანონის პროექტის უფრო ეფექტური განხილვის მიზნით კანონის პროექტების წინასწარ დაგზავნა. 

გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტის ყველა წევრს მათ ოფიციალურ მეილებზე დაეგზავნა კანონის პროექტები, ასევე კანონის პროექტები არის გამოქვეყნებული პარლამენტის საიტზე. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტების ასოციაციის წარმომადგენელმა ლინა ღვინიანიძემ კომიტეტის წევრებს საია-ს შენიშვნები გააცნო.

მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული კანონის პროექტები მნიშვნელოვანია, და ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არის ორი საკითხი, რომელსაც საია არ ეთანხმება. ორგანიზაციის აზრით, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებზე არ უნდა გავრცელდეს იუსტიციის საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობაზე დაწესებული შეზღუდვები, ვინაიდან ისინი არ ფლობენ ადმინისტრაციულ ბერკეტებს. კანონპროექტის მიხედვით იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს უწყდება უფლებამოსილება. შესაძლოა, კანონმდებელი იყოს ნაკლებად ხისტი და უფლებამოსილება შეუწყდეს იმ წევრებს, რომლებიც ახალი კრიტერიუმებით ვერ იქნებიან საბჭოს წევრებს. 

დავით საყვარელიძე დაეთანხმა აღნიშნულ მოსაზრებას და გამოთქვა წინადადება, საიას ეს წინადადება აისახოს გარდამავალ დებულებაში. 

ალექსანდრე ბარამიძემ უპასუხა საია-ს წარმომადგენლს. ის არ დაეთანხმა ღვინიანიძის პირველ წინადადებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს არ გააჩნიათ ადმინისტრაციული ბერკეტები, მათი თანამდებობა მაინც გარკვეულ გავლენას ახდებს. ამასთანავე, ანალოგიური შეზღუდვა არის გათვალისწინებული კანონის სხვა დებულებებში, ამიტომ კანონი თანამიმდევრული რომ იყოს, აუცილებელია ეს შეზღუდვა დაწესდეს. უფლებამოსილების შეწყვეტას რაც ეხება. ვინაიდან დასახელების და არჩევის განსხვავებულ წესებს გვთავაზობს, რაც პრინციპულია, ის ემხრობა კანონპროექტით წარმოდგენილ ვარიანტს. 

გედევან ფოფხაძემ შეაჯამა კანონპროექტის განხილვა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიღება აუცილებელია, პრინციპულია, ვინაიდან ისინი ხელს შეუწყობს სასამრთლოს რეალურ დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობას და მიიჩნევს, რომ კომიტეტმა უნდა გაიზიაროს ეს ხედვა და მხარი დაუჭიროს მას 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონის პროექტებს და მხარი დაუჭირეს მათი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

3.მოისმინეს:

კომიტეტის წევრებმა მოისმინეს დავით ლომინაშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 

კანონპროექტის მიზანია სსიპ „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური“-ს ეფექტიანი მუშაობის განხორციელება და საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის და პედაგოგების მუშაობაზე კონტროლის მოხსნა.

 კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს კომიტეტის წევრებმა: 

დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მანდატურის ინსტიტუტმა გაამართლა, სტატისტიკის თანახმად არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულმა დანაშაულის რიცხვმა იკლო და დასვა კითხვა, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მხრიდან ადგილი ექნება მოსწავლის მიმართ ძალადობას და როგორ იქნება რეაგირება გაწერილი პროცედურულად. 

მერაბ კაჭახიძემაც აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახურმა ზოგადად სკოლაში გაამართლა, თუმცა, მანდატურის უფლებამოსილება ხშირად გადაჭარბებული იყო და მიესალმება მისი უფლებამოსილების შეკვეცას. მან დასვა კითხვები კანონის მე-9 მუხლში მოცემულ ტერმინთან „პირადი გასინჯვა“ და მანდატურისთვის დაწესებული ზედა და ქვედა ასაკობრივი ზღვრის შესახებ. 

დავით ლომინაშვილმა პასუხი გასცა დასმულ კითხვებს: პედაგოგის მხრიდან ძალადობის ფაქტზე რეაგირებაზე, მოსწავლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დირექციას - როგორც ზოგადი განათლების კანონის თანახმად, ასევე პედაგოგის ეთიკის კოდექსის თანახმად. პროცედურა ამ შემთხვევაში იქნება ისეთივე, როგორიცაა დღეს მოქმედი კანონმდებლობითაა გაწერილი. რაც შეეხება ასაკობრივ შეზღუდვას, იმ კადრებმა, რომელიც ამ ახალი სამსახურისთვის იყო შერჩეული, კარგი შედეგი აჩვენა, მათ შორის ახალგაზრდა მანდატურებმაც. 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონის პროექტს და მხარი დაუჭირეს მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

სხდომის თავმჯდომარე

 გედევან ფოფხაძე

 

სხდომის მდივანი

 დავით დემეტრაძე

 
modules