სხდომის ოქმი N9

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის

სხდომა #9

 

4 დეკემბერი, 2012

 

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები
: ე. ბესელია,
გ. ფოფხაძე,
რ. პოღოსიანი,
თ. ავადალიანი,
მ. კაჭახიძე,
ო. ჩრდილელი,
ო. მეგრელიძე,
კ.კოპალიანი (ზ.პაპუაშვილის ადგილმონაცვლე),
ს.პეტროსიანი,
გ. თევდორაძე (დ. საყვარელიძის ადგილმონაცვლე)
მ. საჯაია,
ფ. ხალვაში,
ე.მკოიანი
 

სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები;

სხდომას ესწრებოდა დავით ებრალიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე 

დღის წესრიგი:

1.  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2012 წლს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა (მომხსენებელი: დ. ებრალიძე); 2.  საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/5; 8.11.2012) (მომხსენებელი: ი. იმერლიშვლი; 
3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ მაია ზარიძისა და ლაშა მელაძის კანდიდატურების განხილვა (მომხსენებელი: დ. ძაგნიძე).

  სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ 

 1. მოისმინეს დავით ებრალიძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.

პროექტის თანახმად იცვლება როგორც ბიუჯეტის შემოსულობების, აგრეთვე გადასახდელების ნაწილიც. შემოსულობების ნაწილში ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ათვისების ტენდენციის გათვალისწინებით გრძელვადიანი კრედიტების შემცირებასთან. ბიჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირება ძირითადად დაკავშირებულია სხვადასხვა სამინისტროების ზოგიერთი პროგრამის დეფიციტის დაფინანსებასთან. ასევე, ბიუჯეტის გაანალიზების შემდგომ შესაძლებელი გახდა თავისუფალი რესურსის გამონახვა, რომელიც უკვე მიმდინარე წელსვე მიიმართება სოფლის მეურნეობის დამატებით დასაფინანსებლად. 

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და მოსაზრებები გამოთქვეს:

პავლე კუბლაშვილი დაინტერესდა, რამდენი უწყების დაფინანსება იზრდება და რამდენით და რის ხარჯზე ხდება ეს გაზრდა. 

დავით ებრალიძემ ახსნა, რომ ზრდის ერთ-ერთი საფუძველი არის ის, რომ ზოგადი მაკროეკონომიკური პარამეტრები დათვლილი იყო 5%-იანი ზრდის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც რეალურად ადგილი ჰქონდა 7%-იან ზრდას. მთლიანად ხარჯები ჯამში შემცირებულია. ასევე შემცირდა ხარჯები კრედიტების ნაწილში.

მატება არის სოფლის მეურნეობის სამინისტროში (50 მლნ), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (17 მლნ). ამ თანხიდან ნაწილი მიემართება სკოლების აღდგენასა და პედაგოგების დეკემბრის ხელფასების ზრდაზე. 25 მლნ ლარით გაიზარდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასქტრუქტურის სამინისტროს ხარჯები, საიდანაც თანხა გადავიდა რეგიონების ფონდში.

 

კენჭისყრით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. 

 2.  ირინე იმერლიშვილმა კომიტეტს გააცნო მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . 

კანონპროექტის თანახმად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ნაცვლად პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებისა გადადის მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში. აღნიშნული სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი შენობა-ნაგებობების დაცვას განახორციელებს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის კანონით გაუთვალისწინებელი ფუნქციების დაკისრება მხოლოდ მთავრობის სამართლებრივი აქტით იქნება შესაძლებელი, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ პირთათვის პერსონალური დაცვის დანიშვნა; სამსახურის დებულება დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. 

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს პარლამენტის წევრებმა: 

აკაკი მინაშვილმა დასვა კითხვა, იყო თუ არა კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან და ხომ არ მოხდება პრემიერის დამატებითი დატვირთვა? 

პავლე კუბლაშვილმა მოითხოვა წინა კომიტეტის სხდომის ჩანაწერი და დაინტერესდა, რატომ არ შეცვლილა პოზიცია, როგორც ეს იყო შეთანხმებული. ასევე მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილება მოითხოვს ცვლილებას „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში. ასევე, ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით უნდა იყოს ცალკე გამიჯნული პრეზიდენტთან არსებული სამსახური. მანვე შესთავაზა ინიციატორსა და სხდომის მონაწილეებს, ეს ცვლილებები ამოქმედდეს მას მერე, რაც პრეზიდენტი არ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი. პავლე კუბლაშვილმა ასევე შეახსენა დამსწრეთ, რომ წინა სხდომაზე მთავრობის წარმომადგენელი წინააღმდეგი იყო კანონპროექტის და აინტერესებს, თუ შეცვალა მთავრობამ თავისი პოზიცია. 

ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი პასუხობს ახალ პოლიტიკურ რეალიებს. მიუღებელია ის ვითარება, რომ პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას და საზოგადოებას არანაირი ინსტრუმენტი არ აქვს, გააკონტროლოს სახელმწიფო დაცვასთან დაკავშირებული ხარჯები და ასევე დაცვის ობიექტები. კანონის მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს კოლეგიური ორგანო, რაც იძლევა მეტი გამჭვირვალობის საშუალებას.

ირაკლი სესიაშვილი დაეთანხმა ზაქარია ქუცნაშვილს და აღნიშნა, რომ პრაქტიკაში ეს ინსტიტტუტი პოლიტიზირებული იყო და ახორციელებდა დაცვას პოლიტიკური ნიშნით. იყო არაგამჭვირვალე, მათ შორის ხარჯვით ნაწილში. ამ სტრუქტურის მთავრობისადმი გადაცემის შემდეგ ხარჯვითი ნაწილი შემცირდება და გახდება გამჭვირვალე. მან ასევე აღნიშნა, რომ მომხრეა, რომ უწყებაში იყოს ცალკე განყოფილება პრეზიდენტის დაცვისთვის 

გედევან ფოფხაძე არ დაეთანხმა სესიაშვილის წინადადებას პრეზიდენტის დაცვის ცალკე გამოყოფის თაობაზე. 

ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ სტრუქტურა უნდა იყოს დაქვემდებარებული აღმასრულებელ ხელისუფლებას და რომ ოპოზიციაში მყოფი პრეზიდენტი ვერ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი. 

თამაზ ავდალიანმა შეახსენა კომიტეტის წევრებს, რომ წლების განმავლობაში ეს სამსახური იყო არა დაცვის, არამედ თავდასხმის ინსტრუმენტი, რაც გელაშვილის მაგალითმაც ცხადჰყო. 

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ გამოთქმული არგუმენტები საკმარისია კანონპროექტის მხარდასაჭერად, და რომ მომავალში გამოირიცხება ის პრობლემები, რომელსაც ადრე ჰქონდა ადგილი. 

პავლე კუბლაშვილი ზოგადად დაეთანხმა კანონპროექტის მიზანს - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯები და საქმიანობა იყოს უფრო გამჭვირვალე, მაგრამ შესთავაზა კომიტეტის წევრებს აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ. 

მომხსენებელმა ირინე იმერლიშვილმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს:

მან აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი კანონის პირველ მუხლში წერია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.

შესაბამისად, ხდება კანონის დებულებების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა. მთავრობაა პასუხისმგებელი თავდაცვაზე, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, და ეს დაწესებულებაც უნდა იყოს მასზე დაქვემდებარებული.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, მთავრობის კამნცელარიიდან მიღებულია წერილი, რომლის თანახმადაც მთავრობა მხარს უწერს კანონპროექტს. 

კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა წარმოდგენილი პროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

3.  დიმიტრი ძაგნიძემ კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურების მაია ზარიძისა და ლაშა მელაძის ბიოგრაფიები.  

კანდიდატებს კითხვები დაუსვეს პარლამენტის წევრებმა ირინე იმერლიშვილმა, სამველ პეტროსიანმა, პავლე კუბლაშვილმა, ირაკლი სესიაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ.

პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ კანდიდატების გამოცდილებით, მათი ფუნქციებით საარჩევნო ადმინისტრაციაში, მათი პოზიციებით საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

კანდიდატებმა პასუხი გასცეს დასმულ კითხვებს, და აღნიშნეს, რომ მიუხედავად პროგრესისა, ბევრი რამაა კიდევ შესასწობელი. 

კომიტეტის თავმჯდომარემ დასვა კენჭისყრაზე საკითხი კანდიდატების პლენარულ სხდომაზე განხილვის მიზანშეწონილობის შესახებ. 

კენჭისყრის შედეგების თვლის შედეგად გამოვლინდა 4 მომხრე, 6 წინააღმდეგი, ერთმა თავი შეიკავა. 

 

 

სხდომის თავმჯდომარე

 ეკა ბესელია

 

აპარატის უფროსი

 დავით დემეტრაძე