სხდომის ოქმი N6

 

                                                                                                                                     საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის 

ოქმი #6    

                                                                                                                                                                                                                                                                             2012 წლის 21 ნოემბერი

                                          

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

 

სხდომის ესწრებოდნე
კომიტეტის წევრები
:
გედევან ფოფხაძე,
რუსლან პოღოსიანი,
ჩიორა თაქთაქიშვილი,
თამაზ ავდალიანი,
მარიკა ვერულაშვილი,
მერაბ კაჭახიძე,
ომარ მეგრელიძე,
სამველ პეტროსიანი,
მარიამ საჯაია,
ფატი ხალვაში.
 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ზვიად კვაჭანტირაძე, დავით საყვარელიძე. 

სხდომას ესწრებოდა მოწვეული სტუმარი შალვა თადუმაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი 

დღის წესრიგი

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. ქუცნაშვილის, ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვლისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართვლოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ; (მომხსენებელი ზ. ქუცნაშვილი);
  2. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/4; 06.11.2012w) – (მომხსენებელი“ ი. სესიაშვილი).
  3. 3.საქართველოს პარლამენტის წევრის ირინა იმერლიშვლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე; (მომხსენებელი ი. იმერლიშვილი);

 სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგი. 

გედევან ფოფხაძემ დასვა წინადადება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-9 მუხლის თანახმად დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანის თაობაზე. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს გედევან ფოფხაძის წინადადებას დღის წესრიგში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხის შეტანას. 

  1. 1.პარლამენრის წევრმა . ქუცნაშვილს კომიტეტს გააცნო საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. ქუცნაშვილის, ვ. ხმალაძის, დ. ბერძენიშვლისა და ი. ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართვლოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ; (მომხსენებელი ზ. ქუცნაშვილი);

კანონპროექტის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში წარმოქმნილი ვაკანსიების შესავსებად არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში გაიმართება, რათა ამომრჩეველი დიდი ხნით არ დარჩეს საკანონმდებლო ორგანოში თავისი წარმომადგენლის გარეშე. დღეს მოქმედი კანონის თანახმად პარლამენტის გამოკლებული მაჟორიტარული წესით არჩეული წევრის ადგილმონაცვლის არჩევნების ჩატარება შესაძლებელი არის წელიწადში ერთხელ - ოქტომბერში. შემოთავაზებული დებულება ძალაში იყო 2011 წლამდე. ანალოგიური დებულებაა ევროპის ბევრ სახელმწიფოში. ასევე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შუალედური არჩევნები არის ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის ინდიკატორი.

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და მოსაზრება გამოთქვეს პარლამენტის წევრებმა: 

პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღება გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას, რაც, გარდა ხელფასების ზრდისა, გამოწვეულია ასევე საარჩვენო უბნების შექმნით. ვინაიდან 2013 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, საარჩევნო უბნების შექმნასთან და საარჩევნო კომისიების წევრების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული ხარჯები ისედაც იყო გათვალისწინებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აღნიშნულ ხარჯებს დაემატება აპრილის არჩევნების ხარჯები. 

გედევან ფოფხაძე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს წარმომადგენლის გარეშე და რომ ამასთან დაკავშირებული ხარჯები არ არის იმდენად დიდი, რომ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს. ამასთანავე მან გამოთქვა წინადადება, რათა კანონში მითითებული იყოს არა კონკრეტული თვე, არამედ გაკეთდეს ჩანაწერი, რომ არჩევნები ჩატარდეს დეპუტატის გამოკლებიდან 60 დღეში. 

ზურაბ აბაშიძე და თამაზ ავდალიანი დაეთანხმნენ კანონპროექტის ავტორებს და აღნიშნეს, რომ ვინაიდან მაჟორიტარ დეპუტატს დამატებითი დატვირთვა აქვს, და ის არის ხალხის წარმომადგენელი და მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთან, ისინი მხარს უჭერენ კანონპროექტის მიღებას. 

ჩიორა თაქთაქიშვილის აზრით ეს კონკრეტული კანონპროექტი არის მოტივირებული ოცნების სურვილით რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღოს კონკრეტული გარემოებებიდან. მან შესთავაზა კანონპროექტის ავტორებს, რომ წარმოდგენილი ნორმა ამოქმედდეს მომავალი წლის ოქტომბრიდან. 

ზაქარია ქუცნაშვილმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად - ცესკოს წევრების და ხელმძღვანელების ყოველთვიური ჯამური ოდენობა შეადგენს 46 000 ლარს, ხოლო აპარატის თანამშრომლების - 92 000 ლარს. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ჯამურად თვეში გათვალისწინებულია 245 ათას ლარი, რაც პროპორციულად უნდა იქნას დათვლილი და საერთო ჯამში არ გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. მან ისევ დაადასტურა, რომ შუალედური არჩევნები მნიშნველოვანია, ვინაიდან არის ერთ-ერთი საზომი იმისა, თუ როგორია პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა თუ არის კორექტირება.   

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონპროექტს და შვიდით სამის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.  

  1. 2.ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. 

კანონპროექტის მიზანია სამხედრო ძალებზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება და ამ კონტროლის კონკრეტული მექანიზმების ამუშავება, ასევე ჯარში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა. სამხედრო რწმუნებული ყურადღებას დაუთმობს ისეთ საკითხებს, რომელიც სხვა შემთხვევაში არ შედის სახალხო დამცველის კომპეტენციაში. ის მოამზადებს წლიურ ანგარიშებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს. სამხედრო რწმუნებულს 5 წლის ვადით აირჩევს საქართველოს პარლამენტი და იქნება საქართველოს პარლამენტის დამხმარე ორგანო საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ანალოგიური ინსტიტუტი წარმატებით მუშაობს გერმანიაში. 

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და მოსაზრებები გამოთქვეს პარლამენტის წევრებმა:

ირინე იმერლიშვილმა ითხოვა დაზუსტდეს იმ ადამიანთა და ინსტიტუტების წრე, რომელთაც შეეხება კანონი - იქნება ეს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები, თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის წარმომადგენლები თუ სხვა გასამხედროებული სტრუქტურებიც. ასევე მან აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც რწმუნებულის უფლებამოსილება ფართოა, მისი სტატუსი პარლამენტის დამხმარე სტრუქტურისა, რომელსაც თანამშრომლებს უნიშნავს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, არის შეუსაბამოდ დაბალი.

ზაქარია ქუცნაშვილმა დასვა კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ურთიერთობა სახალხო დამცველსა და სამხედრო რწმუნებულს შორის და ხომ არ იქნება ამ ორი სამსახურის კომპეტენციების დუბლირება. ასევე მან გამოთქვა წინადადება, ცვლილება შევიდეს მე-5 მუხლში, რომელიც პარლამენტის წევრზე მაღალ იმუნიტეტს ანიჭებს სამხედრო რწმუნებულს. 

რუსლან პოღოსიანის აზრით სამხედრო რწმუნებულის უფლებამოსილება უნდა გავრცელდეს ასევე სამედიცინო სფეროზეც, მათ შორის ლაზარეტებში სამხედროების უფლებების დარღვევაზეც.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ ყურადღება გააამახვილა ფინანსურ ნაწილზე: განმარტებითი ბარათის თანახმად აღნიშნული ინსტიტუტის ასამუშავებლად საჭიროა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. რამდენად მიზანშეწონილი და რენტაბელური დამატებითი ინსტიტუტის შექმნა მაშინ, როდესაც არსებობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი და როდესაც ყველა სამინისტროში არის როგორც გენინსპექცია, ასევე ადამიანის უფლებების დარგში მინისტრის მრჩეველები, ასევე პარლამენტში არსებობს ნდობის ჯგუფი. მისი აზრით ახალი ინსტიტუტის შექმნა გამოიწვევს კომპეტენციების აღრევას. რაც შეეხება სამხედრო რწმუნებულის იურიდიულ სტატუსს - ვინაიდან ის საკმაოდ მაღალია, ამავე კანონით უფრო დეტალურად უნდა იყოს გაწერილი მისი დათხოვის პროცედურებიც. დასკვნის სახით მან აღნიშნა, რომ კანონპროექტი არის არასათანადოდ მომზადებული და მხარს არ უჭერს მის მიღებას.

 კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს კანონპროექტის პრინციპს ვინაიდან ეს ინსტიტუტი გათვალისწინებული იყო ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამითაც და დაინტერესდა იმით, გერმანიაში არსებული ინსტიტუტი მოიცავს ყველა გასამხედროებულ ნაწილს თუ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებს. ასევე მან მიმართა მთავრობის წარმომადგენელს, თუ არ არის პრინციპული წინააღმდეგობა და არის მხოლოდ კონკრეტული შენიშვნები, ეს შენიშვნები კომიტეტებს და ფრაქციებს წინასწარ მიეწოდოს. 

ირაკლი სესიაშვილმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს:

მან აღნიშნა, რომ სასურველია, რომ კანონი ეხებოდეს ყველა იმ პირს, ვისაც უწევს განსაკუთრებულ რეჟიმში სამსახური - ეს იქნება თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სამსახური, შსს, სასჯელ აღსრულების სამინისტრო, ანუ, ყველა იმ ადამიანს, ვინც ეწევა სამხედრო სამსახურს და სარგებლობს სამხედრო მოსამსახურის სტატუსით, და ყველა იმ პირზე, ვინც არ სარგებლობს ამ სტატუსით, მაგრამ არის ყაზარმულ რეჟიმში. 

ის ასევე მიიჩნევს, რომ სამხედრო რწმუნებული ფართო უფლებამოსილებით უნდა სარგებლობდეს, თავის სფეროში უნდა უტოლდებოდეს სახალხო დამცველს და წარმოადგენდეს პარლამენტის სამოქალაქო კონტროლის მექანიზმს. ამავე დროს, მისი აზრით არ მოხდება სახალხო დამცველთან სამხედრო რწმუნებულის ფუნქციების აღრევა, ვინაიდან სამხედრო სამსახური თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და სახალხო დამცველი არაა სათანადოდ ჩართული ამ სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლასა და ანალიზში 

პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გამოთქვა წინადადება, საკითხი გადაიდოს დამატებითი კონსულტაციებისთვის და სავარაუდოდ დეკემბრის სხდომაზე იქნას განხილული კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი.

 კომიტეტის წევრებმა და კანონპროექტის ინიციატორმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ წინადადებას. 

  1. 3.კომიტეტის წევრებმა მოისმინეს პარლამენტის წევრის ირინა იმერლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ .  

კანონპროექტის თანახმად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ნაცვლად პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებისა გადავა მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროვებული დაწესებულება. აღნიშნული სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი შენობა-ნაგებობების დაცვას განახორციელებს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის კანონით გაუთვალისწიმნებელი ფუნქციების დაკისრება მხოლოდ მთავრობის სამართლებრივი აქტით იქნება შესაძლებელი, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ პირთათვის პერსონალური დაცვის დანიშვნა; სამსახურის დებულება დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და მოსაზრებები გამოთქვეს პარლამენტის წევრებმა:  

პავლე კუბლაშვილი დაინტერესდა, თუ იქნება საკითხი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განხილული, და თუ იქნება გათვალისწინებული მათი შენიშვნები. 

ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დაზუსტდეს თუ რა სტატუსი ექნება პრეზიდენტის დაცვას და საიდან იქნება იგი დაფინანსებული. 

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ სამსახური იქნება მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ. რაც შეეხება საპრეზიდენტო დაცვას - მის ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას დაამტკიცებს პრეზიდენტი.

 ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა შენიშვნა იქნება შესწავლილი და საკითხის განხილვა არ მოხდება დაჩქარებული წესით. 

თამაზ ავდალიანმა დასვა წინადადება, ვინაიდან საკითხი არ იქნება განხილული პლენარულ სხდომაზე, მოხდეს მისი გადადება პოზიციების შეჯერების მიზნით.  

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის განხილვის გადადებას.  

  1. 4.კომიტეტის წევრებმა მოისმინეს გედევან ფოფხაძის წინადადება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ დადგენილების პროექტში ცვლილების შეტანის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ტექნიკურ მიზეზთა გამო სიაში არ იქნა შეტანილი რევაზ მუმლაძის სახელი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იქნა დაკავებული პოლიტიკური ნიშნით. 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ წინადადებას და უმრავლესობით მხარი დაუჭირეს მას. 

 

სხდომის თავმჯდომარე

ეკა ბესელია

 

სხდომის მდივანი: დავით დემეტრაძე