სხდომის ოქმი N3

 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის

ოქმი #3 

                                                                                                                                                                                                                                 2012 წლის 1ნოემბერი

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი, ჩიორა თაქთაქიშვილი, თამაზ ავდალიანი, მერაბ კაჭახიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, სამველ პეტროსიანი, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, ფატი ხალვაში.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი, ომარ მეგრელიძე, ზაზა პაპუაშვილი 

დღის წესრიგი

 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხთა შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე: 

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. მან კომიტეტის წევრებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხთა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.  

პროცედურასთან დაკავშირებით წინადადება გამოთქვეს კომიტეტის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა და პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილმა ისაუბრა მე-16 საპყრობილეში არსებულ ვითარენაზე და აღნიშნა, რომ კომიტეტმა ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს, ისევე როგორც სახალხო დამცველის კანდიდატებს. ჩიორა თაქთაქიშვილმა გამოთქვა წინადადება დღის წესრიგში შეეტანათ საკითხი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში არსებული მდგომარეობის განხილვა, რომელშიც, მისი ინფორმაციით ადგილი აქვს რელიგიურ დაპირისიპრებას.

 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმადკომიტეტის წევერებმა კენჭი უყარეს ჩიორა თაქთაქიშვილის წინადადებას. შვიდი ხმით ოთხის წინააღმდეგ კომიტეტის წევრებმა არ დაუჭირეს მხარი შემოთავაზებული საკითხის დღის წესრიგში შეყვანას. 

ეკა ბესელიამ კომიტეტის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1900, რომელშიც მოცემულია პოლიტიკური პატიმრების დეფინიცია და კრიტეიუმები. ასევე მან აღნიშნა, რომ არსებობს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პატიმართა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა შესახებ. რეზოლუციის თანახმად სახელმწიფოები უნდა დაეყრდნონამ კრიტრეიუმებს პოლიტიკურ პატიმართა სტატუსის განსაზღვრისას, და ასეთების არსებობის შემთხგვევაში გაათავისუფლონ ისინი ან გადახედონ მათ საქმეებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 29-ე მუხლის თანახმად კომიტეტს აქვს უფლება შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლიც შეისწავლის აღნიშულ საკითხს და თავის რეკომენდაციას წარუდგენს კომიტეტს შემდგომი განხივილისთვის. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს ორი კვირის განმავლობაში და შეისწავლის 185 ადამიანის საქმეს. თუმცა ეს სია არაა ამომწურავი და საბოლოო. კომისია მოისმენს ყველა საქმეს მხარეების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მიიღებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა: 

მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ 185 ადამიანის ჩამონათვალი არაა სრულყოფილი, და შეიძლება კომიტეტს მიმართონ პატიმრებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები. ყველა შემთხვევაში ჯგუფმა დაკომიტეტმა უნდა იხელმძღვანელონ იმ კრიტერიუმებით, რომლებიც შეიმუშავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. 

ჩიორა თაქთაქიშვილმა აღნიშნა: რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მასთან დაკავშირებული დეტალები უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი წერილობითი ფორმით. საკითხი მნიშვნელოვანია. მან აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ლიდერებმა წინასაარჩევნო პერიოდში დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, ამიტომ მათი ობიექტურობა და ჯგუფში მონაწილეობის მიზანშეწონილობა ეჭვს იწვევს. ის მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართულები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ გამოირჩევიან ლოიალურობით რომელიმე პოლიტიკური გუნდის მიმართ და ასევე გამოიღჩევიან პროფესიონალიზმითა და სანდოობით. მან აღნიშნა რამდენიმე გვარი, რომელთა მიმართ უნდობლობას გამოხატავდა: ზაზა ხატიაშვილი, ნანა კაკაბაძე. მან აღნიშნა, რომ 42-ე მუხლის თავმჯდომარე იყო მანანა კობახიძე, რომელიც დღეს არის ქართული ოცნების წარმომადგენელი და არის ვიცე-სპიკერი, და ხომ არ ექნება ადგილი ინტერესტთა კონფლიქტს. 

დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რა ფორმით უნდა იმუშაოს სამუშაო ჯგუფმა, და რა იქნება იმის გარანტი, რომ ჯგუფი იმუშავებს მიუკერძოებლად. მისი აზრით, ახლადგამოვლენილი გარემოებებზე დაყრდნობა, როგორც ეს არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, საკმარისი საფუძველია საქმეების განხილვისთვის. ასევე ის არასაკმარისად მიიჩნევს 2 კვირიან ვადას. 

გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ უნდა მიეცეს პოლიტიკური შეფასება იმას, თუ რა მოხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. უნდა მოხდეს პოლიტიკურ პატრიმართა არა მატრო გათავისუფლბა, არამედ რეაბილიტაციაც. ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ პროცედურული საკითხებია გადასაწყვეტი: სამუშაო ჯგუფის შექმნა და დაკომპლექტება. 

ეკა ფოფხაძემ (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) თავის გამოსვლაში ისაუბრა იმაზე, რომ საია განსახილველ საკითხზე დიდი ხანია მუშაობდა, და მიესალმება ასეთი ჯგუფის შექმნის წინადადებას. თუმცა, აქვს მოსაზრებები მის ფორმასთან და ვადებთან დაკავშირებით. ის მიიჩნევს, რომ საქმის მასალების შესწავლისთვის 2 კვირა საკმარისი არ იქნება. რაც შეეხება მექამიზმს, მისი აზრით საქმის შესწავლისა და დასკვნის ან რეკომენდაციის ომმზადების შემდგომ უნდა მოხდეს კანონში ცვლილების შეტანა, რომლის საუფძველზეც მოხდება საქმეების გადახედვა. ეს საკანონმდებლო ცვლილებაც ჯგუფის მიერ შემუშავდება? ჰუმან რაიტს ვოჩის წარმომადგებლობასთან ერთად მოიკვლიეს სხვა სახელმწიფოებში არსებული მექანიზმები. სხვა სახელმწიფობში, მათ შორის დემოკრატიულშიც, ხდება ასეთი საკითხების განხილვა. იქმნება იქ კომისიები, მაგრამ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთაგან. კომისია არის დამოუკიდებელი. შემდგომ საქმე განსახილველად გადაეგზავნება სასამართლოს, რომელიც ერთი ინსტანციით განიხილავს მას. მისი წინადადებაა, საქართველოშიც ანალოგიური მექანიზმი იყოს გამოყენებული. 

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უკვე გაწეული შრომა უნდა იყოს გამოყენებული, და სამუშაო ჯგუფს ნულიდან არ მოუწევს მუშაობა. მანვე განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფს არ ექნება გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება და მისი როლი საკონსულტაციო და სარეკომენდაციოა. საბოლო მექანიზმზე კი კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. აქვე ის დაეთანხმა წინადადებას, რომ ჯგუფი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიტ იყოს დაკომპლექტებული. 

მერაბ ტურავამ კომიტეტის წევრებსა და სტუმრებს შეახსენა ანალოგიური სიტუაცია, როდესაც 2000 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზეც ე.წ. ზვიადისტების საქმის გადახედვა მოხდა. მაშინაც იგივე პროცედურა იქნა გამოყენებული: შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეისწავლა საქმეები, მიიღო დასკვნა, რომლის საფუძველზეც უზენაესმა სასამართლომ მიღო გადაწყვეტილება. საქართველოს პარლკამენტმა საკითხთან დაკავშირებით შეიტანა ცვლილება სსსკ-ში გარდამავალი დებულების სახით. იმ გადაწყვეტილების მიღებისთვის საქართველომ დადებითი შეფასება მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, მათ შორის, ევროპის საბჭოსგან. დღეს 310-ე განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებს, თუმცა შეიძლება მსჯელობა იმაზე, გამოყენებული იქნას ეს მუხლი თუ ცვლილება იყოს შეტანილი. სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება იქნება არა საბოლოო, არამედ შუალედური და საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს პარლამენტმა და სასამართლომ. 

თინა ბოკუჩავა დაეთანხმა თავის კოლეგებს იმაში, რომ სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მანვე გამოთქვა წინადადება, რომ სათაურს უნდა დაემატოს სიტყვა „სავარაუდო“, ვინაიდან შესწავლამდე არ შეიძლება იყოს სტატუსი განსაზღვრული. 

თამაზ ავდალიანმა მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნას, მის ვადას და ფორმატს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მეტ ნდობას მიანიჭებს ჯგუფს. ის მიიჩნევს, რომ 2 კვირა საკმარისი ვადაა, იმიტომ რომ საზოგადოება დიდი ხანია მოელის ამ გადაწყვეტილებას. 

რუსლან პოღოსიანმა დასვა კითხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით: გაგრძელდება თუ არა სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა, რათა მოესწროს იმ საქმეების განხილვა, რომელიც შემოტანილი იქნება 17-18 ნოემბერს. 

ირინა ფუტკარაძე (საზოგადოებრივი დამცველი) განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს მყარი სამართლებრივი მექამიზმები და სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. ის ახორციელებდა 26 მაისის მოვლენების მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ 37 ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული. მან დამსწრეებს შეახსენა, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ 17 კაცი აღიარა პოლიტიკურ პატიმრად. ირინა ფუტკარაძე დაეთანხმა წინა გამომსვლელებს, რომ ყველაფერი შემჭიდროებულ ვადაში უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ბევრი პატიმარი მძიმე დღეშია და ელოდება ამ გადაწყვეტილებას. მითუმეტეს რომ ეს საქმეები საერტაშორისო დონეზეც არის გასული და დეტალურად შესწავლილი. 

ნანა კაკაბაძემ (ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის) აღნიშნა, რომ საპარლამენტო რეზოლუცია არის ის დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეყრდნს სამუშაო ჯგუფი და ზოგადად, სახელმწიფო, და ის სავალდებულო ხასიათის უნდა იყო. ის საქმეები, რომელიც კომისიამ შეისწავლა - 8 საქმე, შემთხვევით შერჩეული საქმე გაეგზანვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციას, და 19 პირი ცნობილ იქნა პოლიტიკურ პატიმრად. ანუ, მოხდა აღიარება არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე. ისიც დაეთანხმა წინადადებას, რომ ჯგუფი უნდა იყოს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგენილი.

 კახა კახიშვილიმა დასვა კითხვა პროცედურებთან დაკავშირებით: თუ იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილებისი გასაჩივრება და რა მექამიზმი იქნება გათვალისწინებული? 

მარიამ საჯაია მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლება. ობიექტურობა არ უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. 

ზვიად კვაჭანტირაძე არ დაეთანხმა თინა ბოკუჩავას წინადადებას სამუშაო ჯგუფის სხელწოდებაში სიტყვა „სავარაუდო“-ს დამატების თაობაზე. 

ფატი ხალვაშმა აღნიშნა,რომ ჰყავს 2 პოლიტიკურად დევნილი ძმა, და რომ დევნილებისთის და მათი ოჯახის წევრებისთვის ყოველი დღე მნიშნველოვანია. ამიტომ 2 კვირა საკმარისი და ზოგჯერ მეტიცაა. 

ვახტანგ თალაკვაძემ შეახსენა კომიტეტის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს, რომ ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში არაერთხელ მიმართა პარლამენტის წევრებს ყინწვისის და მუხროვანის საქმეებთან დაკავშირებით, რომელთაგან ბევრი ე.წ. „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე იყო დაპატიმრებული, თუმცა მისი მიმართვები უპასუხოდ დარჩა. მიიჩნევს, რომ ცნების „გონივრული დებულება“ შემოღება დანაშაულებრივი იყო, და უნდა შეიცვალოს. 

ბესარიონ ქარცივაძემ ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმის თაობაზე, რომელიც შესწავლილი იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ეს საქმე, სხვა საქმეებთან ერთად მაქიმალურად მოკლე ვადაში უნდა იქნას შესწავლილი, მითუმეტეს, რომ ბევრი პატიმარი ნაწამებია და ჯანმრთელობა შერყეული აქვთ. 

ქეთი ბექაური (ადამიანის უფლებათა ცენტრი) განაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-თან ერთად 3 წლის განმავლობაში შეისწალა საქმეები და 175 ადამიანი აღიარა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად. ამ სიას კიდევ დაემატა 10 პირი. ისიც ეწინააღმდეგება „სავარაუდო“-ს დამატბას და მიიჩნევს, რომ 2 კვირიანი ვადა სამუშაო ჯგუფის მუშაობისთვის ოპტიმალურია. 

გელა ნიკოლაიშვილმა (ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის) მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნას, და შემოთავაზებულ ფორმატსა და ვადებს. 

ნათია კორკოტაძემ (ადვოკატთა ასოციაცია) აღნიშნა ვახტანგ მაისაიას საქმე, რომლის განაჩენს ადევს გრიფი :“საიდუმლო“. ის მიიჩნევს, რომ ვინაიდან ყველა საქმე დეტალურადაა შესწავლილი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ვადა 2 კვირა სავსებით საკმარისია. 

ვლადიმირ მიქავა (ადვოკატი, პატიმრის - ვატო მიქავას ოჯახის წევრი), ასევე მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად მალე უნდა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა საქმეების გადახედვა. 

შორენა კაპანაძემ (ადამიანის უფლებათა ცენტრი) გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, რომ მისმა ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად შეისწავლა საქმეები და გამოაქვეყნა ანგარიში პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. მათი პოზიციაა, რომ შეწყდეს შეწყალების და საპროცესო შეთანხმების პროცესი. ფარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მათ დაუკავშირდნენ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებული გიორგი გვარიძიშვილის ოჯახის წევრები და ითხოვეს, მისი საქმეც იყოს შესწავლილი. ასევე მათ მომართეს ე.წ. „გენერალთა კლუბის“ წარმომადგენლებმა, მათ შორის, კობა კობალაძემ, რომელთაც მათ მიაწოდეს სია, რომელშიც არის რამდენიმე გვარი, მათ შორის ვახტანგ მაისაია, და ითხოვდნენ უკვე არსებული სიის ამ ოფიცერთა გვარებით შევსებას, 

ნინო ელბაქიძემ (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) ისაუბრა იმ 9 განმცხადებელზე, რომელთა საქმეები ევროსასამართლოშია გაგზავნილი. ის მიიჩნევს, რომ ეს პირებიც უნდა დაემატოს განსახილველთა სიას. ასევე ის მიჩნევს, რომ უნდა იქნას შესწავლილი საკითხი, როდესაც საუბარია უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით ჩამორთმეულ ქონებაზე და ამ ადამიანების უფლებაზე დაიბრუნონ ქონება. 

გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს მიუკერძოებელი, არ უნდა იყოს არატოლერანტული უმცირესობების მიმართ და არ უნდა იყოს პოლიყტიკური აფილაცია. მან დაასახელა რამდენიმე კანდიდატი, რომელნიც, მისი აზრით, ობიექტურნი ვერ იქნებიან. კერძოდ, გელა ნიკოლაიშვილი, რომელმაც დაიცვა „ასავალ დასავალი. ასევე ნინო გვენეტაძე, რომელიც იყო რესპუბლიკული პარტიის კანიდატი 2008 წელს, ამიტომ არ იქნება მიუკერძოებელი. 

აკაკი მინაშილი არ დაეტანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვახტანგ მაისაია პოლიტიკური პატიმარია: „ვახტანგ მაისაია იყო ჯაშუში, რის შესახებაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება“. მისი თქმით არც მუხროვნისა და ყინწვისის საქმე არაა პოლიტიკური. ასევე ის მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფს უნდა გამოეყოს მეტი დრო. ჯგუფის შემადგენლობაში მონაწილეობის მისარებად მან წარმოადგინა გიორგი გოგიას (Human Rights Watch) კანდიდატურა. ასევე ის დაეთანხმა ეკა ფოფხაძის წინადადებას იმის თაობაზე, რომ უნდა იქნას შესწავლილი სხვა ქვეყნების გამოცდილება და იქ გამოყენებული მექანიზმები. 

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ გიორგი გოგია იყო მოწვეული, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა. 

გედევან ფოფხაძემ მოუწოდა კომიტეტის წევრებსა და სტუმრებს ისაუნრონ მხოლოდ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე და შემადგენლობაზე და არა კონკრეტულ საქმეებზე, რომლებიც თავისთავად ძალზედ მნიშვნელოვანია. . 

მერაბ კაჭახიძე დაეთანხმა წინადადებას, რომ სამუშაო ჯგუფმა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა იმუშაოს. 

ლექსო არქანიამ ისაუბრა თავის მიძაშვილზე, მალხაზ არქანიაზე, რომელიც ნაწამები იყო, მათ არაერთხელ მიმართეს ყოფილ მთავარი პროკურორის მოადგილეს დავით საყვარელიძეს, მისი ბიძაშვილის წამების ფაქტთან დაკავშრებით. თუმცა, უშედეგოდ. აუცილებლად უნდა მოხდეს საქმეების სასწრაფოდ გადახედვა, იმიტომ რომ პატიმრების მდგომარეობა ძალიან რთულია. 

ეკა ფოფხაძემ აღნიშა, რომ თავიდან მისი პოზიცია იყო, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობისთვის მეტი ვადა ყოფილიყო გათვალისწინებული, თუმცა ახლა მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს საქმეების გადაჯგუფება. იმათი საქმეები იყოს უფრო ადრე და სასრაფოდ შესწავლილი, ვისი ჯანმრთელობის მდგომნარეობაც რთულია, ხოლო სხვა საქმეებზე ვადა იყოს განსაზღვრული ერთი თვით, თუმცა შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ვადა არ იყოს ლიმიტირებული. 

ეკა ბესელიამ გაიზიარა ეკა ფოფხაძის შენიშვნა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომ იყოს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ვადასთან დაკავშირებით კი იიჩნევს, რომ 2 კვირა ოპტიმალური ვადაა და თუ იქნება დამატებით შემოსული საქმეები, მაშინ შეიძლება ვადა გაიზარდოს. 

ეკა ბესელიამ დასვა კენჭისყრაზე საკითხი, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, როელიც შეისწავლის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საქმეებს. 

ჩიორა თაქთაქიშვილმა ითხოვა სიტყვა პროცედურასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ იქნება ცნობილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა; თუ ეცოდინება, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით დაკომპლექტდება ჯგუფი. 

გედევან ფოფხაძე დაეთანხმა ეკა ბესელიას წინადადებას, რომ ორივე საკითხი - სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი დაკომპლექტების საკითხი - დღესვე უნდა გადაწყდეს.. 

ეკა ბესელიამ დასვა საკითხი კენჭისყრაზე: შეიქმნას თუ არა კომიტეტთან პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საქმეების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. 

კენჭისყრის შედეგად შვიდმა კომიტეტის წევრმა მხარი დაუჭირა და ოთხმა კომიტეტის წევრმა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. 

გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნას. 

გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ შეიძლება სამუშაო ჯგუფის მხოლოდ ნაწილი დაკომპლექტდეს (12 წევრი), ხოლო დანარჩენი 3 დააკომპლექტოს უმცირესობამ. 

ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კომიტეტს სია წინასწარ არ ჰქონია და სხდომაზევე უნდა მოხდეს კანდიდატურების წარდგენა და დასვა კენჭისყრაზე საკითხი სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების თაობაზე. 

კომიტეტის წევრებმა შვიდი ხმით სამის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს. 

კენჭისყრის დასრულებისთანავე უმცირესობის წევრმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. 

კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 15 წევრით. 

გედევან ფოფხაძის წინადადებით, უმცირესობას უნდა დაუტოვონ რამდენიმე ვაკანსია. ასევე მან კომიტეტის წევრებს შესთავაზა წინადადება: სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება მიითოს დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის მესამედისა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება კომიტეტის თავმჯდომარე. 

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზებაში მას დაეხმარებიან მოადგილეები, მათ შორის უმცირესობის წარმომადგენელიც. სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით თანხმდებიან შემდეგ პროცედურაზე: სამუშაო ჯგუფი იმუშავებს კვირაში არანაკლებ 3 დღე. გადაწყვეტილებას მიირებს დამსწრეთა შემადგენლობის ნახევარი, არანაკლებ სიითი შემადგენლობის მესამედისა. ყველა საქმეზე პერსონალურად იყრება კენჭი. ასევე აღინიშნა, რომ 5 ნოემბრამდე უმცირესობას მიეცემა შესაძლებლობა დაასახელოს 2 კანდიდატურა. 

სხდომის თავმჯდომარის წინადადებით კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს სამუშაო ჯგუფის შემდეგ შემადგებლობას:

ეკა ფოფხაძე

ნანა კაკაბაძე

ნინო გვენეტაძე

უჩა ნანუაშვილი

ია მეტრეველი

კახი კახიშვილი

გიორგი გოგია

ზაზა ხატიაშვილი

მერაბ ტურავა

ირინა ფუტკარაძე

მიხაილ ავაქიანი

ნაზი ჯანეზაშვილი

ლევან ჩიტაძე (სათადარიგო)

აგიტ მირზოევი (სათადარიგო).  

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს სამუშაო ჯგუფის წარმოდგენილ შემადგენლობას. 

 

სხდომის თავმჯდომარე:

ეკა ბესელია

 

სხდომის მდივანი: დავით დემეტრაძე

 
modules