პარლამენტის პლენარული სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 07 თებერვალი 2013 02:45

 

მე-8 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკურ დებატებს დაეთმო. დებატების თემა იყო მთავრობის გადაყენებისა და შექმნის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილებები. პოლიტიკური დებატები საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნა. დებატების დაწყებამდე კი პარლამენტარებმა განცხადებები გააკეთეს. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბევრმა ადამიანმა სამსახურები დაკარგა და იმას, რასაც "ქართული ოცნება" რეორგანიზაციას და სამართლიანობის აღდგენას უწოდებს, რეალურად არის ადგილების გათავისუფლება დეპუტატების და მინისტრების ნათესავებისთვის. დეპუტატმა აღნიშნა, რომ თითქმის აღარ ტარდება კონკურსები და ადამიანები სამსახურში იმ ნიშნით აყავთ, "რა თვალით უყურებს მათ პრემიერ-მინისტრი ან უმრავლესობის ლიდერი “.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი თავის განცხადებაში აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის თემას შეეხო. ,,მინდა განვაცხადო, რომ ეს ორი თემა, იმ განცხადებების კონტექსტიდანაა ამოგდებული, რომელიც კეთდება უმრავლესობიდან და მთავრობის მხრიდან ევროპულ კურსზე, ევროინტეგრაციაზე, ევროკავშირზე და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაზე“,-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა. მისი შეფასებით, აფხაზეთის რკინიგზის თემის წამოწევა იმ ფონზე, როცა არაა საუბარი დეოკუპაციაზე, როცა მკვდარი წერტილიდან საერთოდ არ დაძრულა დევნილების დაბრუნების საკითხი, იქნება საქართველოსთვის დამღუპველი. ,,გულწრფელად გეუბნებით, არ გვინდა ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებამ, ვინც არ უნდა იყოს ის, ქვეყანა ჩააყენოს იმ მდგომარეობაში, საიდანაც გამოსავალი ნამდვილად არ იქნება და გამოსავალი იქნება მხოლოდ ერთადერთი-მუხლზე დაჩოქება", - აღნიშნა ზურაბ მელიქიშვილმა. დეპუტატმა ასევე ისაუბრა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე, მის მნიშვნელობაზე და სტრატეგიულ დანიშნულებაზე. ,,ამ თემებზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება გეოპოლიტიკურ ჭრილში სერიოზულ გაურკვევლობას ქმნის რეგიონში“,-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა. დეპუტატმა მთავრობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით "სერიოზული ანალიზის" გაკეთებისკენ მოუწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ფრაქცია ,,ქართული ოცნებიდან“ ოთარ ჩრდილელი ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ვანო მერაბიშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. "მინდა ვუპასუხო ვანო მერაბიშვილს, რომელიც ამბობს, რომ 4 წელი ვერ მოითმენს ამ მთავრობას. ამას გველაპარაკება ადამიანი, რომელიც 9 წლის მანძილზე იქცა შიშის, ტერორიზმის, ჩაშვების მანქანის სულისჩამდგმელად. ვანო მერაბიშვილი არ არის იურისტი, ის ავანტურისტია", - განაცხადა დეპუტატმა. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი რევანშზე ფიქრობენ. "ნაციონალური მოძრაობის ტვიქსი – სააკაშვილი და მერაბიშვილი ფიქრობს რევანშზე, მაგრამ მინდა ჩემი ქვეყნის მოსახლეობა დავამშვიდო და ნაპოლეონის სიტყვებით ვუპასუხო: ამათ ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს", - აღნიშნა ოთარ ჩრდილელმა.
განცხადებების შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ გახსნა. მისი განმარტებით, განხილვის მთავარი თემა არის საკითხი უნდა ჰქონდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილს უფლება ერთპიროვნულად დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და თვითნებურად დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი, შექმნას ახალი მთავრობა ისე, რომ არ დაეკითხოს ხალხს და არ დაეკითხოს პარლამენტს. ,,ამ განხილვის აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ თქვენ არ გამოიყენეთ საჯარო განხილვების ფორმატი, პირველივე სხდომებიდან მოტივირებული იყავით, რომ დაგეტოვებინათ განხილვები, გაქცეულიყავით დარბაზებიდან და პასუხები არ გაგეცათ მოქალაქეთა კითხვებისთვის. თქვენ ამას მიაღწიეთ და გორის შეხვედრის შემდეგ აღარ გააგრძელეთ განხილვებში მონაწილეობა. აი, აქ აბსოლიტურად უსაფრთხო გარემოში ღიად და საჯაროდ თქვენივე ამომრჩევლების წინაშე, საზოგადოების, მედიისა და ხალხის წინაშე უნდა გამოხატოთ თქვენი პოზიცია, თუ რატომ უნდა იყოს ერთი პირი - მიხეილ სააკაშვილი აღჭურვილი ასეთი ძლევამოსილი უფლებით“,-განაცხადა მანანა კობახიძემ.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, 9 წლის წინ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით ქვეყანაში კონსტიტუციურად დიქტატურა დაკანონდა და დღეს აუცილებელია, რომ ეს ცვლილებები გაუქმდეს. ,,მოვიშოროთ თავიდან ის საფრთხე, რომელიც არის სრულიად არაკონსტიტუციური ნორმა, რომელსაც ჰქვია ერთი პირისთვის ძალაუფლების მიცემა, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გადააყენოს მთავრობა და შემდგომ შექმნას ახალი მთავრობა პარლამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად",-განაცხადა დეპუტატმა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრმა, თინათინ ხიდაშელმა კი საპარლამენტო უმცირესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. "თქვენ ამბობთ, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ზეწოლას ვახორციელებთ. დიახ, ასე ჩამითვალეთ. მთავარი ზეწოლა საკუთარი წარსული, საკუთარი ნათქვამი და ნაკეთებია. მთავარი ზეწოლა დავით დარჩიაშვილსა და გიორგი გაბაშვილზე 9 წლის წინ მათივე ნათქვამია. ამაზე დიდი ზეწოლა არ არსებობს. ეს ადამიანები და კიდევ ბევრი ჩემი მაშინდელი მეგობარი, მათ შორის, გიგა ბოკერია, ყველანი ერთად ვიდექით და ერთად ამ ცვლილებებს ვებრძოდით. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ქვეყანაში კონსტიტუციურად არ გამეფებულიყო უპასუხისმგებლო საპრეზიდენტო დიქტატურა. მე მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, გამოხვიდეთ და ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების“ თავმჯდომარის, ტარიელ ლონდარიძის თქმით, მის მიმართ ზეწოლა ხორციელდება და იგი არ აპირებს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი პირველი პროტესტი გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ, რომელიც მან აღიქვა მუქარად არა მარტო მის მიმართ და მთელი დეპუტაციის მიმართ, არამედ მისი ოჯახის მიმართაც. ,,მე იმ კომისიის წევრი ვიყავი, რომელიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავდა. მე ვმსახურობდი თავდაცვის სამინისტროში და ახლა თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მიმართებაში გარკვეული ეჭვები არსებობს და სამი თვეა, უკვე ამ საკითხზე დაკითხვები მიმდინარეობს. რატომღაც სწორედ კონსტიტუციური ცვლილებების დროს გაუჩნდა პროკურატურას ჩემს მიმართ კითხვები. აქედან გამომდინარე, მე მიჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ზუსტად ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ. მე არ ვაპირებ არც სააკაშვილის გამო ვაჭირო ღილაკს თითი და მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის გამო ", - განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ. დეპუტატის ამ განცხადების შემდეგ პარლამენტის უმრავლესობის წევრებსა და ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების“ თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა.
ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი, საპარლამენტო უმცირესობა მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, თუ ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობა კონსტიტუციით იქნება გარანტირებული. ,,ჩვენ შემოგთავაზეთ კონკრეტული წინადადება და გითხარით, რომ თუ თქვენთვის და თქვენი ლიდერისთვის – ბიძინა ივანიშვილსითვის ეს საკითხი რაღაც ირაციონალური შიშების შემცველია, თანახმა ვართ, ამას მხარი დავუჭიროთ, ოღონდ ჩვენთვის არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი შიშები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან. ამდენად, თუ თქვენ გსურთ, ჩვენ ამაზე დაგთანხმდებით, მხოლოდ თქვენც დაგვთანხმდით იმაზე, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი კონსტიტუციით გამაგრდეს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დღევანდელი კონსტიტუცია მორგებულია ერთ ადამიანზე და მას აძლევს უფლებას ერთპიროვნულად მართოს ქვეყანა. ,,ვერც ერთი თქვენგანი, რომელიც ამ ტრიბუნასთან გამოვიდა, ვერ ამბობს იმას, რომ ეს ცვლილებები არასწორია. არც ერთ თქვენგანს არ გააჩნია არგუმენტი, რომ შემოთავაზებული ცვლილება არ ემსახურება ქვეყანაში ნორმალური კონსტიტუცური მექანიზმის უზრუნველყოფას. სამაგიეროდ მიდის საუბარი იმაზე, რომ ვივაჭროთ. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა, რომ მხოლოდ პოლიტიკური გარიგებების სახით ვიაროთ, არ არის კოჰაბიტაციის საუკეთესო რეჟიმი. საუკეთესო რეჟიმი იქნება თქვენის მხრიდან, რომ აღიაროთ ამ ცვლილების სისწორე და მიიღოთ ეს ცვლილება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა, რომლიც ფრაქცია ,,უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარის მოადგილეა განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს უჭერეს პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან პრეზიდენტს გააჩნია გადამეტებული უფლებამოსილება. მისი თქმით, ფრაქციაში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების აღნიშნული პოზიცია ასევე განაპირობა პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხის შესაძლებლობამაც. ,,პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩვენ შევდივართ პოლიტიკურ კრიზისში. პოლიტიკური კრიზისი კი, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს“,-აღნიშნა კახაბერ ოქრიაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება "გადატრიალება მოახდინოს“. ,,ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ. ჩვენ გვინდა გარანტია, კონსტიტუციური გარანტია სჭირდება იმას, რა გადაწყვეტილებაც პირველ ოქტომბერს მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო. ეს არც "ქართულ ოცნებას" და არც კოალიციაში შემავალ პარტიებს არ სჭირდება, არამედ ეს სჭირდება სახელმწიფოს",-აღნიშნა დეპუტატმა. მისი თქმით, დღეს არსებობს სახელმწიფო გადატრიალების ელემენტები. ,,მიხეილ სააკაშვილი გამობრძანდა და თქვა, რომ ის არის ოპოზიციაში და არის ოპოზიციის ლიდერი. რატომ უნდა ჰქონდეს ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტს ასეთი უფლებები. თუ ოპოზიციაში ხართ, იყავით და თქვენი საქმე აკეთეთ",-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ .
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აუცილებელია, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური კრიზისის შექმნის რისკი არსებობს. მან მოუწოდა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, რომ ერთხელ მაინც გაუბედონ მიხეილ სააკაშვილს და უთხრან "არა". "დებატი ძალიან ჰგავს რინგს. ჩვენ შევედით რინგზე, ვეუბნებით მოწინააღმდეგეს შემოვიდეს, ის კი გარბის რინგიდან და იქედან გვიქნევს ხელებს. 147 დეპუტატია პარლამენტში და 147 პოზიცია დაფიქსირდება მხარს უჭერთ თუ არა დიქტატს. გეშინიათ მიხეილ სააკაშვილის და ამაშია თქვენი პრობლემა. ერთხელ მაინც გაბედეთ და უთხარით სააკაშვილს "არა". ნუ შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, როგორც უხერხემლო, უნებისყოფო და ქვეყნის საფრთხის წინაშე დამყენებელი ადამიანები", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით: ,,საპარლამენტო უმრავლესობა უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ უმცირესობაზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონდეს“. მისი თქმით, მიუღებელია ის ცინიკური განცხადება, თითქოს რაც მარიკა ვერულაშვილთან დაკავშირებით მოხდა, არის ჩვეულებრივი ამბავი და "თურმე ის არის თავისუფალი ადამიანი". "თავისუფალი კი არ არის, არამედ ის არის ზეწოლის ქვეშ. მას სწორედ თავისი ოჯახის უსაფრთხოებით აშანტაჟებენ. სწორედ ამიტომ არ არის ის პარლამენტის დარბაზში დღეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამ დარბაზშია, თქვენს ზეწოლას დაექვემდებარება", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა. დეპუტატის განცხადებით, ის არ დაუჭერს კონსტიტუციურ ცვლილებას მხარს მაშინ, როდესაც მისი კოლეგების მიმართ ასეთი ზეწოლა ხორციელდება და უმცირესობის მიმართ ულტიმატუმები ისმის. "არცერთი სიტყვა არ მითქვამს ამ ტრიბუნიდან ჩემი კოლეგების მისამართით რომლებიც გავიდნენ უმცირესობიდან არჩევნების შემდეგ. თუმცა, როგორ გგონიათ, რომელი არის თავისუფალი არჩევანი, რომელსაც მე მივიღებ, თუ კახაბერ ოქრიაშვილი, რომელსაც ეს ნაბიჯი საკუთარი ბიზნესის ხელშეუხებლობაზე ზრუნვამ გადაადგმევინა", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ დებულება, რომელზეც დავა მიმდინარეობს, კონსტიტუციაში ოქტომბრიდან აღარ იარსებებს. "აქ საუბარი არ არის იმაზე, რა იქნება საქართველოს მომავალი და ნებისმიერი მცდელობა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ამ ცვლილების შენარჩუნება საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს, ელემენტარულად ტყუილია. ეს ცვლილება ოქტომბერში აღარ იარსებებს, იმიტომ რომ ძალაში შედის სხვა საკონსტიტუციო მოდელი. ახლა მე გეკითხებით, რა ხდება ოქტომბრამდე იმ ცვლილებით, რასაც თქვენ გვთავაზობთ. პრეზიდენტს რჩება თუ არა უფლება, რომ დაითხოვოს მთავრობა? რჩება! რჩება თუ არა უფლება, რომ დაშალოს პარლამენტი? რჩება! მაშინ რა იცვლება იმასთან შედარებით, რაც არის დღეს? იცვლება ერთადერთი რამ, რომ ამ მთავრობას აპრილში მიეცემა მშვიდად ძილის საშუალება და არ იღელვებს იმაზე, რომ დაკარგავს სკამებს და ხელისუფლებას. ეს არის რეალური ანატომია იმ ცვლილების უკან, რომელზეც ასეთი პათოსით მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების გამოსვლები, რომ თურმე ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, მას ესმის, რომ მთავრობა სკამების დაკარგვის შიშებითა და ფობიებით შეპყრობილი არ უნდა იყოს და მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს, ამიტომ უმცირესობა ამ პროცესში მონაწილეობისთვის მზადაა, "ოღონდ ყველაფერს აქვს თავისი წესი, ფორმა და ღირებულება“. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა უმრავლესობას შესთავაზა, რომ ქვეყნის ევროპული ორიენტაცია იყოს ის თემა, რომელიც ორივე მხარეს გააერთიანებს. ,,ძალიან რთულია იმ თემების მოძებნა, სადაც ჩვენ გვექნება საერთო. თუ თქვენც ამბობთ, რომ ევროპული ორიენტაცია თქვენი არჩევანია, ჩვენც ვამბობთ და დიდი ხანია, ამას ვამტკიცებთ. იყოს ეს ის საერთო თემა, რომელიც გაგვაერთიანებს. მუდმივ ჩხუბთან, უთანხმებებთან ერთად გავაჩინოთ რაღაც ამ ქვეყანაში, რაშიც ჩვენ ვიქნებით ერთიანნი, რაც იქნება სიგნალი ჩვენი მეგობრებისთვისაც და ჩვენი მტრებისთვისაც, რომ არის რაღაც ღირებულება, რასაც საქართველო არ შეცვლის და არ გადაუხვევს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და უმრავლესობას ქვეყნის საგარეო კურსის კონსტიტუციაში დაფიქსირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატების შეფასებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დებატების ბოლოს მისი გამოსვლის ყველაზე ადეკვატური ფორმა დუმილი იქნებოდა. "დილით, სხდომის დაწყებისას ხუმრობით ვთქვი, რომ შეგიძლიათ თქვენი პოზიცია ამ ტრიბუნასთან დუმილითაც გამოხატოთ მეთქი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ხუმრობით კი არა, შეიძლება ყველაზე ადეკვატური ფორმა იყოს ჩემი გამოსვლის, რომ აქ ვიდგე 15 წუთი, არაფერი ვთქვა და კოლეგებს, რომლებიც ახლა დარბაზშიც არ არიან, მივცე საშუალება მშვიდ გარემოში, 15 წუთით დაფიქრდნენ. ჩემს სიტყვებზე კი არ იფიქრონ, იფიქრონ იმაზე, თუ რა ითქვა დღეს ამ დარბაზში, რა ხდება ქვეყანაში, რა ხდებოდა ცხრა წლის განმავლობაში და რა პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს, როცა ამ დარბაზში ვსხედვართ. შესაძლოა ეს ფორმა იყოს ყველაზე ადეკვატური იმიტომ, რომ ვეჭვობ, მათ გასაგონად რაიმე სიახლე ვთქვა, იმისგან განსხვავებული, რაც უკვე ითქვა უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან და იმისგან განსხვავებული, რაზეც ბევრ მაგთანს სხვა ფორმატში, სამუშაო ვითარებში საათების განმავლობაში ვეუბნებოდი. ვინაიდან პარლამენტია და პარლამენტში გამოსვლაა მიღებული ფორმა და არა დუმილი, შევეცდები კიდევ ერთხელ განვმარტო, რასთან გავქვს საქმე, რაზე ვსაუბრობთ და შემოგთვაზოთ გარკვეული გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანს სჭირდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ეს თემა მნიშვნელოვანი გახდა იმიტომ, რომ დეკემბრის ბოლოს ბევრი მიმართულებით გამოიკვეთა კრიზისი ახალი ხელისუფლებისა და ძველი ხელისუფლების ნარჩენ სახელისუფლებო სისტემებს შორის ურთიერთობებში. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს იყო კრიზისი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის წინსვლას, ახალი მთავრობის ნორმალურ ფუნქციონირებას, პოლიტიკური უფლებების დაცვას, მათ შორის ოპოზიციის და ბევრ სხვა თემას. ,,იმ დროისთვის კოალიციის შეთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ თვალი რეალობისთვის ბოლომდე გაგვესწორებინა და დაგვენახა, რომ პირველმა ოქტომბერმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ქვეყანაში. იმისთვის, რომ წინსვლა ყოფილიყო შეუფერხებელი, ყველაზე ადეკვატური იქნებოდა, რომ დღესვე ამოქმედებულიყო ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ,,ნაციონალიურმა მოძრაობამ“ 2010 წელს მიიღო. შეიქმნებოდა ის კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც ქვეყანაში შეიქმნა და მოგვცემდა საშუალებას გაგვევლო ეს რთული თვეები საპრეზიდენტო არჩევნემაბდე“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თვმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ უმცირესობას სურვილის შემთხვევაში, ქვეყნის განვითარების შეფერხება შეუძლია, მაგრამ არა შეტრიალება. ,,ქვეყანას არაფერი დაემართება, ის საიმედო ხელშია და გაგრძელდება მისი განვითარება, მაგრამ ქვეყნის განვითარების შეფერხება ბევრნაირად შეიძლება. ვაღიარებ ამ ტრიბუნიდან, რომ დიახ, თქვენ ქვეყნის წინსვლის შეფერხება ძალგიძთ, იმიტომ, რომ გაქვთ ბერკეტები - შეგიძლიათ, რაღაცას ხელი აუწიოთ ან არ უწიოთ, პრეზიდენტმა რაღაცას ხელი მოაწეროს ან არ მოაწეროს. თუ გნებავთ და თუ ეგ არის თქვენი არჩევანი, შეგიძლიათ ასე მოიქცეთ. შეფერხება, შესაძლოა შეძლოთ, მაგრამ სიტუაციის შეტრიალებას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, უმცირესობას გამოსავლის სახით საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და მისი მუშობის ფარგლებში საგარეო კურსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შესთავაზა. "შევქმნათ საკონსტიტუციო კომისია და იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელზეც ამ კომისიამ უნდა იმსჯელოს, შევიტანოთ კონსტიტუციის დაცვის მექანიზმებიც და თუ საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხში რაიმე შეიძლება კონსტიტუციაში ჩაიწეროს, ეგ თემაც. მაგრამ მანამდე ველი თქვენს პასუხს საგარეო კურსზე თედო ჯაფარიძის მიერ თქვენთან გამოგზავნილ დოკუმენტზე. ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე, მივიღოთ, თუ მართლა ეს საკითხები გაინტერესებთ, მაშინ წავალთ წინ. თუ არა, გინდ მუქარად გაიგეთ, გინდა წინასწარმეტყველებად, მაშინ თქვენ იცით. ეს იქნება თქვენი არჩევანი, თქვენი პასუხისმგებლობით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის მოვლას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო დებატების დასასრულს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საპარლამეტო უმცირესობასთან კონსულტაციების გაგრძელების შესაძლებლობა კიდევ იქნება.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 08 თებერვალი 2013 13:17