| სხდომის ოქმი N19 |
|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N19 7 თებერვალი 2013 წელი 11.00 საათი (დარბაზი N3 )
კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, დავით საყვარელიძე, აკაკი ბობოხიძე, კარლო კოპალიანი, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, შოთა მალაშხია, გურამ მისაბიშვილი, ზურაბ ტყემალაძე, ხათუნა გოგორიშვილის ადგილმონაცვლე ლევან ბეჟაშვილი და გოგი ლიპარტელიანის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე. სხდომაზე მოწვეულები: საქართველოს პარლამენტის წევრები - ნოდარ ებანოიძე, კახაბერ ოქრიაშვილი და ალექსანდრე ქანთარია წსხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა 12 წევრის დასწრებით.
დღის წესრიგი: სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის განხილვა მოისმინეს: ალექსანდრე ქანთარიას მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის მიღება განპირობებულია პარლამენტის წევრებისათვის პლენარულ სხდომებზე განცხადებებისათვის გამოყოფილი დროით სარგებლობის სიხშირის გაზრდით, ამჯერად მოქმედი რეგლამენტის 137-ე მუხლის თანახმად პარლამენტის წევრებს განცხადებებით გამოსვლისათვის დრო ეთმობათ მხოლოდ პლენარული სხდომების ოთხშაბათ დღეს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარლამენტი წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, მეტად მნიშვნელოვანი და მიზანშეწონილია პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ პლენარულ სხდომებზე უფრო მეტი სიხშირით გამოსვლის და განცხადებების გაკეთების საშუალება; შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს გარდა ოთხშაბათის პლენარული სხდომისა, განცხადებებით გამოსვლის უფლება პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ პლენარული სხდომების სხვა დღეებშიც, თითოეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე მათ შეუძლიათ დამატებითი განცხადებისათვის ისარგებლონ არაუმეტეს 1 წუთით.
აზრი გამოთქვეს:
ზურაბ ტყემალაძემ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად წარმოდგენილი 2 წუთის ნაცვლად თითოეული პარლამენტის წევრის განცხადებით გამოსვლის ხანგრძლივობა გაიზარდოს 3 წუთამდე და შესაბამისად აღარ იყოს გამოყოფილი დამატებითი დრო 1 წუთი.
ირინე იმერლიშვილი დაეთანხმა ზურაბ ტყემალაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას დამატებითი 1 წუთის მოხსნისა და შესაბამისად 2 წუთის 3 წუთამდე გაზრდის თაობაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 137-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლითაც პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათი დღის ნაცვლად, პლენარული სხდომის ნებისმიერ დღეს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის წევრებს ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. ამგვარად ცვლილების მიხედვით, 137-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ხდება ოთხშაბათი დღის ამოღება, რის შემდეგაც დეპუტატთა განცხადებებისათვის კონკრეტულად აღარ იქნება განსაზღვრული პლენარული სხდომების კვირის აღნიშნული დღე და მათ ექნებათ შესაძლებლობა განცხადებებისთვის გამოიყენონ პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეც. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, 137-ე მუხლის სამართლებრივი სრულყოფის მიზნით, მიზანშეწონილი იქნება ამ მუხლის მეოთხე პუნქტის ამოღება, რომლითაც განსაზღვრულია სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება, ცალკეულ შემთხვევებში სასესიო კვირის სხვა დღეს გამოუყოს პარლამენტის წევრებს დრო განცხადებებისათვის. სხდომის თავმჯდომარეს აღარ ექნება უფლება განცხადებებისათვის განკუთვნილი დრო გააგრძელოს დამატებით 30 წუთით. აკაკი ბობოხიძემ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოხდეს დიფერენცირება და მაჟორიტარ პარლამენტის წევრებს განცხადებებისათვის დაეთმოთ 5 წუთი, აგრეთვე განისაზღვროს გამომსვლელთა თანმიმდევრობა, მაგალითისათვის: განცხადებები დაიწყოს და დაასრულოს უმრავლესობამ. ფრიდონ საყვარელიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი ხომ არ იქნებოდა გამომსვლელთა რაოდენობა განაწილდეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „ოპოზიციას ყოველთვის უფრო ბევრი აქვს სათქმელი“, კერძოდ 5 გამოსვლა ჰქონდეს - უმცირესობას, 4 - უმრავლესობას ხოლო დარჩენილი 1- გამოსვლა გაინაწილონ პარლამენტის დამოუკიდებელმა უფრაქციო წევრებმა შეთანხმების საფუძველზე. ალექსანდრე ქანთარია: საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დაეთანხმა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას 2 წუთის 4 წუთამდე გაზრდასთან დაკავშირებით. აგრეთვე დაეთანხმა 137-ე მუხლის მე-4 პუნქტის ამოღებას, რომლის თანახმადაც სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო ცალკეულ შემთხვევებში სასესიო კვირის სხვა დღეს პარლამენტის წევრებისათვის გამოეყო დრო განცხადებებისათვის, რადგან საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად განცხადებებისათვის კონკრეტულად აღარ იქნება განსაზღვრული პლენარული სხდომების ოთხშაბათი დღე და მათ ექნებათ შესაძლებლობა განცხადებებისთვის გამოიყენონ პლენარული სხდომების კვირის სხვა დღეც. ირინე იმერლიშვილი არ დაეთანხმა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას უმრავლესობისა და უმცირესობის მიხედვით გამომსვლელთა შესაძლო კვოტირებასა და გამომსვლელთა რიგითობის დადგენასთან დაკავშირებით. სხდომის თავმჯდომარემ შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს გადაწყვიტეს(ერთხმად):
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის შესახებ დებულების პროექტის განხილვა მოისმინეს: ირინე იმერლიშვილის ინფორმაცია. მომხსენებელმა ძირითადი აქცენტი გააკეთა სიახლეებზე, კერძოდ: - ბიუროებს, სათითაოდ, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად 5000 ლარი. გამოყოფილი თანხის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბიუროებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენას. მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებების ჩამონათვალსა და მის ოდენობას განსაზღვრავს პარლამენტის ხაზინადართა საბჭო მაჟორიტარი პარლამენტის წევრების წარდგინებით; - თითოეულ ბიუროს ყოველთვიურად გამოეყოფა 5000 ლარი, საიდანაც პარლამენტის აპარატი, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის წარდგინების ანხორციელებს: ა) ბიუროს ფუნციონირებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შეძენას; ბ) ბიუროს მოსაწყობი საოფისე ფართის დასაქირავებელი თანხის ანაზღაურებას; გ) წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად ბიუროს თანამშრომლებისთვის ხელფასის ანაზღაურებას; - პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ხარჯების გამოკლებით, ბიუროს ერიცხება შესაბამის საბანკო ანგარიშზე, რომლითაც ბიურო ანაზღაურებს: ა) საკომუნიკაციო საშუალებების ხარჯს; ბ) საწვავის ხარჯს; გ) სატრანსპორტო საშუალებების ქირავნობის ხარჯებს; დ) ბიუროს საოფისე ფართის მიმდინარე, არაკაპიტალური სარემონტო სამუშაოების ხარჯებს; - ბიუროსათვის გამოყოფილ ქონებაზე და ბიუროს ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელია მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრი. - მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის აპარატს 3 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია ზემოაღნიშნული თანხების დახარჯვის თაობაზე, ხოლო პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია, როგორც ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების, ასევე პარლამენტის მიერ ბიუროს ფუნქციონირებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ. - შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები წარმოადგენს პარლამენტის საკუთრებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აზრი გამოთქვეს: ლევან ბეჟაშვილმა დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი ქონებაზე ანუ იმ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებზე, რომელთაც პარლამენტის აპარატი შეიძენს ბიუროსათვის გამოყოფილი პირველი 5 000 ლარით? აგრეთვე დაინტერესდა სად მოხდება თანხების ჩარიცხვა - ბიურების ანგარიშებზე თუ ბარათებზე? ნოდარ ებანოიძემ განმარტა, რომ საბარათო სისტემის არჩევის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში, ამიტომ თანხების ჩარიცხვა მოხდება უკვე არსებულ ანგარიშებზე და რადგან ეს გახლავთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მისი ასახვა მოხდება ხარჯვით ნაწილში უკვე არსებული კლასიფიკატორების მიხედვით, შესაბამისად საჭირო არ იქნება ქვითრების წარდგენა შესაძლო აუდიტორული შემოწმებისას. აკაკი ბობოხიძე დაინტერესდა, იმ შემთხვევაში თუ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიურო აღჭურვილია იმ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, რომელთა შეძენაც გათვალისწინებულია პირველი 5000 ლარით, ხომ არ იქნება შესაძლებელი, რომ ეს თანხა გამოყენებული იქნას ქირის გადახდისათვის? აგრეთვე გამოთქვა მოსაზრება, იმის თაობაზე, რომ სამომავლოდ უფრო მიზანშეწონილი და გონივრული იქნება, პარლამენტმა იფიქროს რაიონებში მაჟორიტარების ბიუროებისათვის თუნდაც „ორი ოთახის“ აშენების თაობაზე, რაც გამოათავისუფლებს საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს, რომლებიც იხარჯება და უნდა დაიხარჯოს ბიუროების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქირებისათვის. ზურაბ ტყემალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ: - მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროებისათვის მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს ყიდულობს საქართველოს პარლამენტის აპარატი და შესაბამისად ის არის პარლამენტის ქონება; - ხელფასს ბიუროს თანამშრომლებს აგრეთვე ურიცხავს პარლამენტის აპარატი; - ოფისის დაქირავების ხარჯებსაც ანაზღაურებს აპარატი ხელშეკრულებების მიხედვით. გურამ მისაბიშვილი დაინტერესდა იმ შემთხვევაში თუ ბიურო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უკვე აღჭურვილია და ქირავნობის თანხაც გადახდილი, შესაძლებელია თუ არა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისათვის ჩარიცხული თანხა 5000 ლარი გამოყენებული იქნეს სხვა ხარჯებისათვის. ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამართული დისკუსია და გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისათვის გადარიცხული თანხა - 5000 ლარი შესაძლებელია გამოყენებული იყოს მტერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენასთან ერთად ბინის ქირისათვის, ან მხოლოდ ქირის გადახდისათვის, თუ ბიურო მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით უკვე აღჭურვილია. შესაბამისად შესაძლებლად მიიჩნია დებულებაში ამ მოსაზრების ასახვა და დაზუსტება შემდეგი სახით: „ბიუროებს, სათითაოდ, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად 5000 ლარი. გამოყოფილი თანხის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ბიუროებისთვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეძენას ან/და საოფისე ქირის ანაზღაურებას მაჟორიტარი პარლამენტის წევრის წარდგინების საფუძველზე“.
გადაწყვიტეს(ერთხმად): კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების შესაბამისად კორექტირებული მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის შესახებ დებულების პროექტი წარედგინოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად დამატებით: კომიტეტის თავმჯდომარემ ირინე იმერლიშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციის 67–ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის ინიცირების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში არსებული ხარვეზის კორექტირებას, კერძოდ რეგლამენტით პარლამენტის ბიუროსათვის განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად - ამტკიცებს მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის შესახებ დებულების პროექტს - ამ უფლებამოსილების ამოღებას პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამისილებათა ჩამონათვალიდან
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ საქართველოს კონსტიტუციის 67–ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის ინიცირებას.
კომიტეტის თავმჯდომარე
ირინე იმერლიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი მდინარა დოხნაძე
|






