სხდომის ოქმი #20

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

სხდომის ოქმი

N20

20 თებერვალი 2013  წელი

15.00 საათი

(დარბაზი N7 )

 

 

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, დავით საყვარელიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, შალვა კიკნაველიძე, შოთა მალაშხია, ზურაბ ტყემალაძე, აკაკი ბობოხიძის ადგილმონაცვლე სერგო ხაბულიანი  და გოგი ლიპარტელიანის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე.

სხდომაზე მოწვეულები:  საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით ონოფრიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 12 წევრის  დასწრებით.

 

დღის წესრიგი(პროექტი):

                                              1.   საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
                                          წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის
                                         პროექტი
ს  პირველი მოსმენით განხილვა; 
 
                                                             
მომხსენებელი: ბიძინა გუჯაბიძე
 
                                             2. საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით    
                                              წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
                                              თაობაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

                                           მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი

სხდომის დღის წესრიგის პროექტს კომიტეტის წევრებთან შეთანხმებით დაემატა მესამე საკითხი.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

დღის წესრიგი:

                                               1. საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
                                             წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის
                                            პროექტი
ს პირველი მოსმენით განხილვა;

                                                        მომხსენებელი: ბიძინა გუჯაბიძე
 
                                            2. საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
                                        წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
                                       კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

                                        მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი

                                              3. საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
                                      წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის
                                     პროექტი
ს პირველი მოსმენით განხილვა;

                                                        მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა;

მოისმინეს: ბიძინა გუჯაბიძის მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის  მიღება განპირობებულია იმ მიზნით, რომ  ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით სხდომათა დარბაზში მყოფი პირებისათვის შესაძლებელი გახდეს ეროვნული სამოსით ყოფნა. ამ მიზნიდან გამომდინარე წარმოდგენილი ცვლილების თანახმად პარლამენნტის რეგლამენტის მე-5 მუხლს, რომელიც სხდომათა დარბაზში მყოფთა  ჩაცმულობას ეხება - „საპროტოკოლო-საქმიანი“  დაემატება - „ეროვნული“. ეს ცვლილება, როგორც გუჯაბიძემ აღნიშნა, მომავალში მოხსნის შესაძლო უხერხულობას დარბაზში ეროვნული ტანსაცმლით ყოფნის  გამო, ამასთანავე იქნება ეროვნული ტანსაცმლის რეკლამა, რაც მისთვის, როგორც კონსერვატული პარტიის წარმომადგენლისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.       

 

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული ტანსაცმლით სხდომათა დარბაზში შემოსვლას არანაირი საკანონმდებლო შეზღუდვა არ აქვს და რეგულაციას არ საჭიროებს. ამას მოწმობს საპარლამენტო საქმიანობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილებაც, როდესაც „ჩოხოსნები“ ეროვნული ტანსაცმლით იმყოფებოდნენ ხოლმე პარლამენტის შენობაში და არც კონსერვატორ პარლამენტის წევრებს არ ჰქონიათ არანაირი პრობლემა პარლამენტის პირველ სხდომაზე ეროვნული ტანსაცმლით ყოფნის გამო.

         მითუმეტეს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, კერძოდ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია, რომ „სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი“.  ამ განსაზღვრების საჭიროება განაპირობა იმ ცალკეულმა შემთხვევბმა, როდესაც რიგი პარლამენტის წევრები სხდომათა დარბაზში შემოდიოდნენ არასათანადოდ ჩაცმულები.

        „საპროტოკოლო-საქმიანი“ - ამ ცნებაზე შეჯერება მოხდა იმის გამო, რომ ის მოიცავდა ყველაფერს, მათ შორის ეროვნულ ტანსაცმელსაც. რაც ასახულია საგარეო  საქმეთა მინისტრის სათანადო ბრძანებაც, დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელთა ჩაცმულობის დაზუსტების მიზნით.         

          ამდენად, რეგლამენტში „საპროტოკოლო-საქმიანის“ ცნებისათვის კიდევ „ეროვნულის“ დამატება საჭირო არ არის, რადგან „საპროტოკოლო-საქმიანი“ მოიცავს ეროვნულსაც.

           როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, თუ მოხდება  „ეროვნულის“ დამატება მასინ უნდა განისაზღვროს რა იგულისხმება ეროვნულში? მაგალითისათვის - ჩაითვლება თუ არა ჯაჭვის პერანგი და მუზარადი ეროვნულ ტანსაცმლად? ან შეეძლება თუ არა მას  ჩაიცვას უკრაინის ეროვნული ფორმა?

დავით საყვარელიძემ დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით - „ეროვნული“ - ნიშნავდა თუ არა სხვა ეროვნებების ეროვნულ ტანსაცმელსაც?

ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რომ თუ არსებობს „საპროტოკოლო-საქმიანის“ განმარტება და ეს განმარტება ეროვნულსაც მოიცავს, მაშინ წარმოდგენილი ცვლილება შესაძლოა საჭიროც არ იყოს.

ზურაბ ტყემალაძე გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუ ჩაიწერება „ეროვნული“, მაშინ ეს აუცილებლად უნდა გულისხმობდეს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ეროვნების უფლებას სურვილის შემთხვევაში ჩაიცვას თავისი ეროვნული ტანსაცმელი.  „ეროვნულის“ დამატება ამ ფორმით დაზუსტების გარეშე იძლევა იმის საშუალებას, რომ მას მაგალითად თუ მოუნდება არაბული ფორმით „ზეწარშემოხვეული“  გამოცხადდეს სხდომაზე.

ირინე იმერლიშვილი დაეთანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უნდა ჩანდეს რას ნიშნავს - „ეროვნული“ 

  

შენიშვნა:

კომიტეტის თავმჯდომარემ აპარატის თანამშრომლებს დაავალა მოეძიებინათ კანონი დიპლომატიური სამსახურის შესახებ და საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება, სადაც განმარტებული იყო „საპროტოკოლო-საქმიანის“ ცნება.

აპარატის განმარტებით - ანალოგიური დაზუსტება ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო აქტებში არ აღმოჩნდა .

სხდომის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეაჯამა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

კენწისყრის დროს სხდომაზე დამსწრე 11 წევრიდან

კენწისყრაში მონაწილეობა მიიღო 10 -მა წევრმა

10 - მომხრე

0  -  წინააღმდეგი

გადაწყვიტეს:

1.საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩათვალოს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის
2.რეგლამენტის პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი
3.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს

  

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა

მოისმინეს: დავით ონოფრიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია საჭიროების შემთხვევაში ხელი შეუწყოს საპენსიო ასაკში მყოფი პროფესიონალი პირების საჯარო სამსახურში მიღებას და მათი გამოცდილების გამოყენებას. კონკრეტულად,  წარმოდგენილი ცვლილების თანახმად შესაძლებელი იქნება საჯარო სამსახურში ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლის მიღება 65 წლის ასაკის ზემოთ. თუმცა, როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ინიციატივის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გამოიტქვა მოსაზრება, რომ ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნას როგორც ვადით ისე უვადოდ სამსახურში მიღებისას. ეს მოსაზრება სავარაუდოდ წარმოდგენილი იქნება რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად ალტერნატიული წინადადების სახით.   

 

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი უნდა იყოს  მთლიანად პრობლემის მოგვარება და საკანონმდებლო რეგულირება და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების პრობლემის გადაწყვეტა. ამ გარემოების გათვალისწინებით, მისი აზრით უფრო მიზანშეწონილი იქნება რომ ასაკობრივი შეზღუდვა  მოიხსნას სამსახურში უვადოდ, კონკურსით მიღების დროსაც..სხვაგვარად ამგვარი რეგულაციის შემოღება მხოლოდ გარკვეული ვადით თანამშრომლის სამსახურში მიღებისას უფრო დისკრიმინაციული იქნება. 

         წარმოდგენილი ცვლილება უნდა შევიდეს  არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლში, არამედ მე-15 მუხლში, რომელიც ადგენს საჯარო სამსახურსი მიღების წესებსა დაპირობებს.

ზურაბ ტყემალაძე დაეთანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე რომ ასაკობრივი ცენზი უნდა გაუქმდეს საჯარო სამსახურში უვადოდ მიღების შემთხვევაშიც. თუმცა, მისი აზრით, ამგავარი ცვლილების განხორციელება საწირო არ არის რადგან არსებული რედაქციაც არ კრძალავს საჯარო სამსახურში 65 წლის ასაკს ზემოთ თანამშრომელთა მიღებას და ეს მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურების არასწორი, სუბიექტური პოზიციაა.

შოთა მალაშხიამ აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობა არ უკრძალავს სტრუქტურის ხელმძღვანელს 65 წლის ასაკის ზემოთ თანამშრომლის მიღებას, რადგან პირადად მისი საპარლამენტო საქმიანობის პრაქტიკაში ანალოგიური მაგალითები არსებობდა.

ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა ასაკობრივი ცენზის გაუქმება საჯარო სამსახურში, როგორც ვადიანი ისე უვადო მიღებისათვის..კონკურსსი მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს 65 წლის ასაკს გადაცილებულ ადამიანსაც. ზუსტი საკანონმდებლო რეგულაცია აუცილებელია  იმისათვის რომ  გამოირიცხოს ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობა, რასაც დღეს აქვს ადგილი.  მითუმეტეს რომ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურში მიღების წესსა და პირობებს და იქ ასაკობრივი ცენზი შენარჩუნებულია.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

კენჭისყრის დროს სხდომაზე დამსწრე 11 წევრიდან

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 11 -მა წევრმა

10 - მომხრე

1  -  წინააღმდეგი

გადაწყვიტეს:

1.კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით განხილვისათვის
;
2.პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;
 
3.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა;

  მოისმინეს: ზურაბ ტყემალაძის მოხსენება, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი სკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო კომიტეტებთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების ფუნქციონირების აღდგენა.  წინა მოწვევის პარლამენტებში და შესაბამისად რეგლამენტში არსებობდა მუხლი, რომლის თანახმადაც კომიტეტებს შეეძლოთ ამგვარი საბჭოების შექმნა და სათანადო დარგის კომპეტენტური სპეციალისტების მოწვევა. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით ამ ტიპის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნა მნისვნელოვნად ეხმარება კომიტეტს თავისი საქმიანობის ეფექტურ წარმართვაში, მითუმეტეს, რომ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი თანამდებობა და არ გამოიწვევს ხარჯების გაზრდას.

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო საქმიანობაში არსებული არც თუ სახარბიელო გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის რეგლამენტში აღარ  იქნა გათვალისწინებული - სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნის შესაძლებლობა; კონკრეტულად, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის სიების ნაცვლად საშვების  შემოღების შემდეგ, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის გაანალიზებისა და ელექტრონული სისტემის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ  ამ საბჭოებში გაფორმებული 400-მდე წევრიდან 90 პროცენტი პარლამენტში შემოსულიც კი არ იყო. რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ამ საბჭოს წევრობა უმეტესობას სჭირდებოდა საშვის ფლობისათვის სხვადასხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობის მიზნით.   

ფრიდონ საყვარელიძემ დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნა სავალდებულო იქნება თუ არა ყველა კომიტეტისათვის, აგრეთვე მიზანშეწონილი იქნება, რომ განისაზღვროს ამ საბჭოს შექმნის მიზანი

ზურაბ ტყემალაძემ განმარტა, რომ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა არ იქნება სავალდებულო, ხოლო მიზანი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულებაში.

დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ სასურველი იქნება ამგვარი საბჭოების შექმნის შესაძლებლობა ან გაწევრიანება საბჭოებში გათვალისწინებული იყოს სტუდენტებისათვისაც, მითუმეტეს, რომ ამჟამად საქართველოს პარლამენტში ძალიან ბევრი კვალიფიციური და მოტივირებული სტაჟიორია.

ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ პირადად, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვერ ხედავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ამგვარი საბჭოს შექმნის  აუცილებლობას..თუ ამგვარი საბჭოების შექმნის შესაძლებლობა განსაზღვრული იქნება რეგლამენტით და აღდგება ძველი ნორმა, მაშინ უმჯობესი იქნება, რომ საბწოს წევრებისათვის  არსებობდეს სია და არა საშვები.

      

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

კენჭისყრის დროს სხდომაზე დამსწრე 11 წევრიდან

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 10 -მა წევრმა

9 -  მომხრე

1  -  წინააღმდეგი

გადაწყვიტეს:

1.კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის საკანონმდებლო  ინიციატივის წესით წარმოდგენილი წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  პირველი მოსმენით განხილვისათვის
2.პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი
3.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                           

 

 

ირინე იმერლიშვილი

  

 

კომიტეტის  აპარატის                                     

      უფროსი

                                                               მდინარა დოხნაძე

 

 

 

  

 

 
modules