| სხდომის ოქმი #11 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის 2013 წლის 21 თებერვალი სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (ადგილმონაცვლე - გ. ფოფხაძე), თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი (ადგილმონაცვლე - გ. ხეჩინაშვილი), გ. გოზალიშვილი, დ. ლორთქიფანიძე, გ. ქავთარაძე, ლ. ქარდავა, რ. შავლოხაშვილი, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. ლემონჯავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: შ. ამირეჯიბი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, მ. ბითაძე - საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
დღის წესრიგი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. (მომხსენებელი: შ. ამირეჯიბი - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე). I.მოისმინეს: შ. ამირეჯიბის ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შეეცვალა სახელწოდება და ჩამოყალიბდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია ასახული იქნას ის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პროექტის მიღება განპირობებულია ასევე იმით, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ჩამოყალიბდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ. ხდება მისი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამავე კანონპროექტით ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის მიღების ვადად განისაზღვრება 2014 წლის 1 იანვარი. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდების შეცვლით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ. ამასთანავე, მისი შეუსაბამობით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონთან. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს მისი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება და ჩამოყალიბდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდ. კანონი წინააღმდეგობაში იყო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონებთან. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია ასახული იქნას ის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცვლება სახელწოდება. ხდება კანონის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონმა განსაზღვრა ლიცენზიებისა და ნებართვების სრული ჩამონათვალი, სადაც არ შედის წყალსარგებლობის ლიცენზიები და ნებართვები, ხდება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების და ზედაპირულ წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვების ლიცენზიის ფორმის დამტკიცების, გაცემის წესის და კონტროლის მექანიზმის განმსაზღვრელი ნორმების ამოღება. ამასთანავე, პროექტის მიხედვით კანონიდან ამოღებულია ისეთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვალდებულება, რომლებმაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაკარგეს აქტუალობა. /აღნიშნული პროექტები ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: გ. აგულაშვილი: როგორც ჩანს, დეკლარირებული დებულებებით ბევრი სფერო ღიად არის დარჩენილი. გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება არ ხდება, ან ხდება არასათანადოდ. ვფიქრობ, პარლამენტს და მთავრობას მოუწევს ამ საკითხებზე მუშაობა, რომ ხარვეზები გამოვასწოროთ. მ. ბითაძე: გეთანხმებით, მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით გარემოს დაცვის სფეროში. გვაქვს ნორმები, რომლებიც არის ცალკე ნორმად. მაგალითად: „ტყის კოდექსი“, არის ასევე, „ტყის კოდექსში“ ცვლილების ცვლილების კანონი. იურიდიული სამსახურების ნაწილს გვაქვს მითითება და დავიწყეთ მუშაობა, რომ ასეთი ნორმები იყოს აღმოფხვრილი. დავიწყეთ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონიდან, რომელიც უკვე წარმოგიდგინეთ. დღეს წარმოდგენილ პაკეტში წინგადადგმული ნაბიჯია, ის, რომ „წყლის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ კანონები გავაცოცხლეთ და იერარქიის ქვედა საფეხურზე მდგომი ნორმატიული აქტები გადავფარეთ ამ კანონებით. ჩასატარებელია სამინისტროს რეორგანიზაცია, რის გამოც, იძულებული ვიყავით შევხებოდით 50-მდე კანონს. ეს პრაქტიკულად არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ „წყლის შესახებ“ კანონზე ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში ახალი ხედვა ჩამოგვეყალიბებინა. თუმცა, „წიაღის შესახებ“ კანონი მთლიანად გაცოცხლდა, რომელიც ჰარმონიზებულია სხვა საკანონმდებლო აქტებთან. გ. გოზალიშვილი: არსებობდნენ რაიონებში სამსახურები, რომლებიც აკონტროლებდნენ წყლის ხარისხს. ამას ახორციელებდნენ ე.წ. „სან.ეპიდ“ სადგურები. წინა ხელისუფლებამ ეს სტრუქტურები გააუქმა, თუმცა ის იქნებოდა მოსახლეობის დაცვის მექანიზმი. მაინტერესებს, ევალებათ თუ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს რაიონებში აღნიშნული ფუნქციის შესრულება? გ. აგულაშვილი: რეალურად ვითარება ასეთია: არ ჩანს ამ ეტაპზე საშიშროება, მაგრამ შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რამაც პანდემია გამოიწვიოს. პარლამენტის წევრის კითხვის ფორმატი არსებობს. გავაკეთოთ ასეთი მიმართვა შესაბამის ორგანოსთან. გავიგოთ, რა ვალდებულება აქვთ წყლის მომსახურე კომპანიებს, ეხება, თუ არა მათ წყლის ხარისხის შემოწმება, ან ითხოვენ, თუ არა წყლის ხარისხს. შეიძლება, ეს არ არის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, როგორც კომიტეტის ინტერესის სფერო, მაგრამ არის ზოგადად საერთო ინტერესის სფერო, რადგან ეს არის სერვისი, რომლითაც ყველა ვსარგებლობთ და რომელიც ყველას ეხება. გადაწყვიტეს: (erTxmad) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






