| სხდომის ოქმი #11 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
/სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებთან ერთად/ 7 თებერვალი 2013წ. ქ. ქუთაისი 1600 საათი / საკომიტეტო მოსმენის დარბაზი #5/
სხდომის თავმჯდომარე: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანი (თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ალი მამედოვის(თავმჯდომარის მოადგილე), ადგილმონაცვლე ნანა ყეინიშვილი, გია თევდორაძე (თავმჯდომარის მოადგილე), რუსლან პოღოსიანი, როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, თამაზ ჯაფარიძე, ზვიად ძიძიგიურის ადგილმონაცვლე ბიძინა გუჯაბიძე, გურამ მისაბიშვილი, სერგო ხაბულიანი, სერგო რატიანი, ანზორ ბოლქვაძე;
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა კომიტეტის წევრი: ირმა ნადირაშვილი, გოჩა ენუქიძე, დავით ბეჟუაშვილი; მოწვეული სტუმრები: თინათინ ხიდაშელი - საქართველოს პარლამენტის წევრი (კანონპროექტის ინიციატორი); დავით ებრალიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, ხათუნა ხვიჩია, რამაზ ხიზანიშვილი, ბელა ქველაძე; ერთობლივი კომიტეტის სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წევრები, აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. ერთობლივ სხდომას თავმჯდომარეობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, მან კომიტეტების წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: საქართველოს პარლამენტის წევრის თინათინ ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/41, 08.01.13წ) სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
ერთობლივი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: კანონპროექტის ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტები: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მოისმინეს: როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ინიციატივის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შესაბამისად, აიკრძალოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიერ გაწეული ბაზისური მომსახურეობისათვის რაიმე ტიპის მოსაკრებლის ტარიფის ან გადასახადის დაწესება. ამასთანავე თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონით არ არის თვითმმართველობის არანაირი კომპეტენცია საბავშვო ბაღებთან მიმართებაში და შესაბამისად სასწავლო აღმზრდელობითი პროგრამა, ისევე როგორც არ არის განსაზღვრული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის ძირითადი სამუშაო რეჟიმის ერთიანი რეგულირება. კანონპროექტის მიზანია ამგვარი ერთიანი რეგულირების განსაზღვრის ვალდებულების დაწესება და შესაბამისი, კომპეტენციების განსაზღვრა თვითმმართველობისთვის.
აზრი გამოთქვეს: ზურაბ მელიქიშვილმა შეკითხვით მიმართა ინიციატორს, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, როცა ფასიანი იყო საბავშვო ბაღები, რა თანხა იხარჯებოდა ჯამში, გამომდინარე იქედან, რომ ის მოთხოვნები, პირობები და ხარჯები, რაც 2 წლის წინ იყო განსხვავდება დღევანდელი მოთხოვნებისგან. ამავდროულად თუ ეს ინიციატივა მიღებული იქნება უნდა შევთანხმდეთ ამოქმედების ვადაზეც, რადგან ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი არ იქნება გამოყოფილი, ამიტომ ადგილობრივ ბიუჯეტებში ცვლილებები იქნება შესატანი. ასევე საინტერესოა მათი პოზიციები შემოსავლებთნ დაკავშირებით. დავით ბერძენიშვილმა: შეკითხვით მიმართა ინიციატორს იგეგმება თუ არა საბავშვო ბაღებში სამეურვეო საბჭოების შექმნა და თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები ბოლო 2 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებში ბავშვთა რაოდენობის შესახებ, როგორც თბილისის, ისე რაიონების მაშტაბით. თინა ხიდაშელი: საქართველოს მაშტაბით ბავშვთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სტატისტიკის დეპარტამენტის ვებ გვერდზე, რაც შეეხება სამეურვეო საბჭოების შექმნას იგეგმებოდა, მაგრამ როდესაც გავრცელდა ინფორმაცია ,,თბილსერვის“ ჯგუფის შექმნის შესახებ აღნიშნული საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ: ყურადღება გაამახვილა რამოდენიმე საკითხზე გამომდინარე იქედან, რომ ეს ცვლილება ეხება არა მარტო თბილისს, არამედ მთელ საქართველოს მნიშვნელოვანია: 1) საქართველოს მაშტაბით, თუ არის სტატისტიკური მონაცემები, რამდენი აღსაზრდელია სულ და რამდენი საბავშვო ბაღია, ანუ ფიზიკურად რამდენი ბავშვი შეუძლია მიიღოს საბავშვო ბაღებმა; 2) ასევე წარმოდგენილ პროექტში არ არის გათვლილი საქართველოს მაშტაბით თითოელ რაიონს რა თანხების დახარჯვა მოუწევს ამ კონკრეტულ პროექტზე, მისი აზრით, როდესაც ასეთი სახის საკანონმდებლო ინიციატივა მუშავდება აუცილებელია მას დაერთოს კონკრეტული ინფრასტრუქტურული და ფინანსური გათვლები და პარამეტრები. მან ისაუბრა ჭიათურის რაიონში არსებულ საბავშვო ბაღების მაგალითზე. თინა ხიდაშელი: ნამდვილად არ ვაპირებ საქართველოს მაშტაბით დავითვალო რამდენი საბავშვო ბაღი და აღსაზრდელია, გამომდინარე იქედან, რომ ისეთ ქვეყანაში სადაც დღემდე (იმ სამსახურის დამსახურებით, რომელსაც სწორედ თქვენ ხელმძღვანელობდით) ვერ მოხერხდა დადგენა, თუ რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში. წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას არ ჭირდება, რომ გავარკვიოთ ბავშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, მთავარია ამ კანონპროექტის მიღებით ხელი შეუწყოთ მოსახლეობის იმ ნაწილის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვისაც სკოლამდელი ასაკის შვილები ყავთ. რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, თანახმა ვართ ვიმსჯელოთ, რომ კანონი ძალაში შევიდეს არა მიღების, დღიდან, არამედ 1 სექტემბრიდან ან მომავალი წლის 1 იანვრიდან. რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრებსა და დათვლებს ყველა შემთხვევაში ეს უმარტივესია, რადგან ჩვენი გათვლებით არ ჭირდება არავითარი დამატებითი ტრანსფერები. გია თევდორაძე: აღნიშნა, რომ ქუთაისში არის 35 ბაგა-ბაღი, სადაც დადის 8 ათასი აღსაზრდელი, ამ 8 ათასი აღსაზრდელიდან 1000 ბავშვი არ იხდის გადასახადს, ანუ შედის სოციალურ დაუცველთა ჯგუფში, რომლებიც საკრებულოს დადგენილების მიხედვით არ იხდის გადასახადს კონკრეტულად 14 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი შევა ძალაში, მარტო ამ ბავშვების რაოდენობის მიხედვით დამატებით უნდა გამოიყოს 980 ათასი ანუ მილიონი ლარი. ასევე როდესაც უფასო გახდება საბავშვო ბაღები მოიმატებს ბავშვთა რაოდენობა და შესაბამისად დამატებით დაჭირდება 5-6 ფილიალის გახსნა, ქუთაისს კი არა ქვს იმის საშუალება, რომ ადგილობრივი შემოსავლებიდან ან 2013 წლის ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმით დააფინანსოს ეს დამატებითი ვალდებულება, თუ მას ფინანსთა სამინისტრო დამატებით ტრანსფერის სახით არ გამოუყოფს თანხას.
ზურაბ ტყემალაძის რეპლიკა: მაშინ როცა ქუთაისში პარლამენტის შენობის ასაშენებლად ქუთაისის ბიუჯეტიდან 140 მილიონი ლარი გაიყო, რატომ ვერ გამოინახება ერთი მილიონი ლარი საბავშვო ბაღების დასაფინანსებლად?
დავით ონოფრიშვილი: როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, როდესაც შევჯერდებით კანონის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში, თუ კანონი ძალში შევა მომავალი წლის 1 იანვარიდან, ამის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობებს დაევალებათ თავიანთი ფინანსური გათვლები წარუდგინონ ფინანსთა სამინისტროს, რომელიც განიხილავს და წარმოადგენს თავის მოსაზრებას პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის დროს.
თინა ხიდაშელი: აღნიშნა,რომ ნებისმიერი საბიუჯეტო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, ბუნებრივია საქართველოს მაშტაბით ვერ შევისწავლიდი საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობას, მაგრამ როგორც საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, ჩემი რაიონის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, როდესაც ვნახე, საბავშვო ბაღები, თუ როგორ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, გაუგზავნე წერილი ფინანსთა მინისტრს, თანდართული ფოტოებით, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტრომ გამოყო მიზნობრივი ტრანფერი იმისათვის, რომ მინიმალური პრობლემა მაინც გადაჭრილიყო. აქედან გამომდინარე ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა დაასაბუთოს საბიუჯეტო საჭიროების მიხედვით მოთხოვნა, რომ თითოეული ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სწორად და მიზნობრივად იყოს გამოყოფილი და გახარჯული.
გია ჟოჟოლიანმა აღნიშნა, რომ საკითხი უფრო მარტივად დგას, ვიდრე ოპოზიციონერ დეპუტატებს წარმოუდგენიათ, დღეს ჩვენ საკითხს პრინციპის დონეზე განვიხილავთ უნდა უზრუნველყოს თუ არა სახელმწიფომ სკოლამდელი დაწესებულების მომსახურეობის საყოველთა ხელმისაწვდომობა, რაც ჩემი აზრით მისასალმებელი და მხარდასაჭერია. რაც შეეხება კანონპროექტის ფინანსურ მხარეს, თუ საიდან უნდა გამოინახოს თანხები აღნიშნული მომსახურეობისათვის, ეს სხვა საკითხია, რომელიც დღეს არ იხილება.
ზურაბ ჯაფარიძე: მისი აზრით მიდგომა არასწორია, როდესაც სახელმწიფო სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს ყველასთვის, მათ შორის შეძლებულ ოჯახებსაც, უფრო სამართლიანი იქნებოდა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დაფინანსება.
ასევე აზრი გამოთქვეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა: გ. მელაძემ და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილემ ნანა ყეინიშვილმა;
გადაწყვიტეს: (მომხრე -12, წინააღმდეგი -1) კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: 1 კანონპროექტების სათაურებში „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე (მუხლი 20, პუნქტი 4) სიტყვების „ცვლილებების და დამატებების“ ნაცვლად უნდა იყოს სიტყვა „ცვლილების“, ასევე კანონის მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად და ქვეპუნტებად (მუხლი 16, პუნქტი 7).
ა) ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება მიზანშეწონილია აისახოს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ფ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საქმიანობის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ2“ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმის შემუშავება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამავე კანონის 30-ე მუხლის ,,კ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დაფუძნებით. იგივე შენიშვნა ვრცელდება კანონპროექტის პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით წარმოდგენილ 461 მუხლის მე-2 პუნქტსა და ,,საქართველოს დედაქალაქის- თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პირველი მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებზე. გ) ,,გ“ ქვეპუნქტით ორგანულ კანონს უნდა დაემატოს არა 462 მუხლი არამედ 461 მუხლი. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები სცილდება ორგანული კანონით მოსაწესრიგებელი საკითხების სფეროს და იგი რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N308/ნ ბრძანებით ,,სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 280/ნ ბრძანებით ,,ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარიული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული შენიშვნა გათვალიწინებული უნდა იქნეს ასევე ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის 342 მუხლის მე-3 პუნქტის მიმართაც.
ა) ,,დ“ ქვეპუნქტის ცვლილება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 231. ტ2) სოციალურ-კულტურული, განათლების და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ ბ) ,,ე“ ქვეპუნქტით კანონს ემატება 342 მუხლი. აღნიშნული მუხლის შინაარსი უკვე გათვალისწინებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის 461 მუხლში და მიზანშეუწონლად მიგვაჩნია იგივე შინაარსის მუხლის ასახვა ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. (კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის).
სხდომის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე |






