|
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ არის პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ფრაქციის პოლიტიკური იდეოლოგიის ძირითადი პრიორიტეტებია:
- ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის გატარება. საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის მართვის მოდელის ჩამოყალიბება.
- სახელმწიფოს ადმინისტრაციული და ფინანსური დეცენტრალიზაცია, ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.
- სამართლიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბება, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის განხორციელება. მართლმსაჯულების გათავისუფლება პოლიტიკური გავლენისგან და მოსამართლეთა რეალური დამოუკიდებლობა. სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის აღდგენა.
- სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება.
- ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია.
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა (აფხაზებთან და ოსებთან უშუალო კონტაქტების დამყარება, პირდაპირი დიალოგის პროცესში სახალხო დიპლომატიის აქტიური გამოყენება).
- ბიზნესგარემოს ლიბერალიზაცია. ამ კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის, თავისუფალი ბიზნეს-საქმიანობის მაღალი სამართლებრივი გარანტიების ჩამოყალიბება, ჯანსაღი კონკურენციისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეწყობა. კერძო საკუთრების ეფექტური დაცვა.
- საგადასახდო კანონმდებლობის დახვეწა და მისი ლიბერალიზაცია.
- ქართული სოფლის გადარჩენა, სოფლის მეურნეობის ინვესტირება-განვითარება.
- განათლების სისტემის რეფორმირება: უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების სისტემის რეაბილიტაცია. განათლების სფეროში საბიუჯეტო დაფინანსების მნიშვნელოვანი გაზრდა.
- სამართლიანობის, ხელმისაწვდომობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე სისტემის მშენებლობის დაწყება (1. ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა და იმ პრობლემების პრიორიტიზირება, რომელთა მოგვარება შედარებით მოკლე ვადებში დარგის გარკვეულ სფეროებში რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს; 2. ჯანდაცვის პროგრამის კონცეფტუალური ნაწილის კონკრეტულ პროექტებში ასახვა და ამ უკანასკნელთა გეგმაზომიერი რეალიზაცია).
- სოციალურ სფეროში, პირველ რიგში, საპენსიო რეფორმის გატარება და საპენსიო უზრუნველყოფის საბჭოური მოდელის შეცვლა. კონკურენტული და ეფექტური სადაზღვეო გარემოს შექმნა.
- დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.
|