| ფრაქციის წესდება |
|
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი“ (შემდგომში ფრაქცია) არის საქართველოს პარლამენტის წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. 1.2. ფრაქცია იქმნება და საქმიანობს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის, სხვა აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად. მუხლი 2. ფრაქციის მიზანი და ამოცანები 2.1. ფრაქციის მიზანია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე თავისი პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისი კურსის გატარება. 2.2. ფრაქციის ამოცანებია: ა) პარლამენტისა და მისი ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა; ბ) საპარლამენტო უფლებამოსილებების განხორციელებისას, ფრაქციის წევრების აქტიურობის გაზრდა და შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოვლენა; გ) კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი საქმიანობის განხორციელებისას ფრაქციის შეჯერებული აზრის გამოხატვა. მუხლი 3. ფრაქციის უფლებამოსილებანი 3.1. ფრაქცია უფლებამოსილია: ა) პარლამენტს მიმართოს საკანონმდებლო ინიციატივით; ბ) შეკითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის ცალკეულ წევრს და მიიღოს პასუხი; გ) მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის პლენარული სხდომების, კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, ინტერფრაქციული ჯგუფის, საპარლამენტო დელეგაციების საქმიანობაში რეგლამენტით გათვალისწინებული წესით; დ) გადაწყვიტოს საპარლამენტო სტრუქტურებში ფრაქციის წარმომადგენლობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; ე) რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის პლენარულ და კომიტეტის სხდომებზე განსახილველ საკითხებზე მონაწილეობა მიიღოს კამათში, გამოთქვას მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევ, დასანიშნ ან დასამტკიცებელ კანდიდატურებთან დაკავშირებით, ან იმ კანდიდატურებზე, რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას აძლევს პარლამენტი, ასევე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხებზე; ვ) ფრაქციის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული, აგრეთვე, დანიშვნაზე თანხმობამიცემული თანამდებობის პირი, მოისმინოს მათი გაწეული საქმიანობის ანგარიში, მიმართოს მათ შეკითხვებით და მიიღოს სათანადო პასუხები; ზ) მოითხოვოს პოლიტიკური დებატების გამართვა და დებატების დღის დანიშვნა; თ) გამოაქვეყნოს და გაავრცელოს თავისი თვალსაზრისი პარლამენტის საინფორმაციო საშუალებებითა და საზოგადოებრივი მაუწყებლით; ი) გაავრცელოს პარლამენტის აპარატის მეშვეობით ფრაქციის ოფიციალური მიმართვა პარლამენტის წევრებს შორის; კ) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. მუხლი 4. ფრაქციის წევრი, მისი სტატუსი და უფლება-მოვალეობანი 3.1. ამ წესდებაზე ხელმომწერი პარლამენტის წევრები არიან ფრაქციის დამფუძნებელი წევრები. 3.2. ფრაქციის წევრი შეიძლება გახდეს პარლამენტის წევრი, რომელიც იზიარებს ფრაქციის წესდებასა და პოლიტიკურ პლატფორმას. 3.3. ფრაქციაში გაწევრიანებისათვის პარლამენტის წევრი წერილობით მიმართავს ფრაქციის თავმჯდომარეს, რომელსაც აღნიშნული საკითხი შეაქვს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. 3.4. ახალი წევრის მიღების საკითხს ფრაქცია განიხილავს უახლოეს სხდომაზე. 3.5. ახალი წევრის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიღება ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 3.6. ფრაქციის წევრს უფლება აქვს: ა) აირჩიოს ფრაქციის წევრი ან თავად იქნეს არჩეული ფრაქციის ნებისმიერ ხელმძღვანელ თანამდებობაზე; ბ) მიმართოს ფრაქციას წინადადებით ან ინიციატივით პარლამენტის კანონშემოქმედებითი და მაკონტროლებელი საქმიანობის საკითხებზე; გ) გაეცნოს და მიიღოს ფრაქციის აპარატში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და მასალას; დ) ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებით, ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ან მასთან წინასწარი შეთანხმებით გამოვიდეს ფრაქციის სახელით; ე) პოლიტიკურ საქმიანობაში ისარგებლოს ფრაქციის მხარდაჭერით; ვ) რეგლამენტით დადგენილი წესით გავიდეს ფრაქციიდან. 3.7. ფრაქციის წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას ფრაქციის წესდება; ბ) მონაწილეობა მიიღოს ფრაქციის საქმიანობაში; გ) შეასრულოს ფრაქციის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, პოლიტიკური და საპარლამენტო საქმიანობა წარმართოს ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის შესაბამისად, არ დაუშვას ამ პლატფორმის საწინააღმდეგო ქმედება, ფრაქციის დისკრედიტაცია. 3.8. ფრაქციას უფლება აქვს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის თანხმობით მიიღოს გადაწყვეტილება თავისი შემადგენლობიდან ფრაქციის წევრის გარიცხვის შესახებ თუ: ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ფრაქციის ამოცანებსა და პოლიტიკურ პლატფორმას; ბ) მისმა ქმედებამ გამოიწვია ფრაქციის დისკრედიტაცია; გ) სისტემატიურად არღვევს ფრაქციის წესდებას. 3.9. ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გარიცხვის შესახებ საკითხის დაყენების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ფრაქციიდან მისი წევრის გარიცხვის შესახებ დაყენებული საკითხი წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული. მუხლი 5. ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანო და თანამდებობის პირები 5.1. ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა. 5.2. ფრაქციის თანამდებობის პირები არიან: ფრაქციის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის მდივანი. მუხლი 6. ფრაქციის სხდომა 6.1. ფრაქციის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს ფრაქციის ღია სხდომა. 6.2. ფრაქციის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ. ფრაქციის სხდომას იწვევს ფრაქციის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. 6.3. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 6.4. ფრაქციის სხდომა უფლებამოსილია: ა) გადაწყვიტოს საპარლამენტო უმრავლესობაში ან უმცირესობაში ფრაქციის გაერთიანების საკითხი; ბ) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ფრაქციის წესდებაში; გ) მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვის თაობაზე; დ) აირჩიოს ფრაქციის თანამდებობის პირები; ე) გადაწყვიტოს ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები; ვ) წარადგინოს კანდიდატები პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე რეგლამენტით დადგენილი წესით; ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის წარმომადგენლობის კვოტების გამოყენების წესი; თ) მიიღოს გადასწვეტილებები ფრაქციის ბიუჯეტის ხარჯვის თაობაზე; ი) განახორციელოს პარლამენტის რეგლამენტით, კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება. 6.5. სხდომაზე დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით დაამტკიცოს დღის წესრიგი, ცვლილება შეიტანოს დამტკიცებულ დღის წესრიგში. 6.6. ფრაქციის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა ამ წესდებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 6.7. ფრაქციის სხდომის გადაწყვეტილებები ფორმდება ფრაქციის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. მუხლი 7. ფრაქციის თავმჯდომარე 6.1. ფრაქციის თავმჯდომარე აირჩევა ფრაქციის უფლებამოსილების ვადით, ფრაქციის სხდომაზე, ფრაქციის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6.2. ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 6.3. ფრაქციის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს ფრაქციას პარლამენტში და მის გარეთ; გ) იწვევს და ხელმძღვანელობს ფრაქციის სხდომას; დ) აძლევს დავალებებს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს. 6.4. ფრაქცია უფლებამოსილია გადააყენოს ფრაქციის თავმჯდომარე დაკავებული თანამდებობიდან, თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. მუხლი 8. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე 6.1. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან, ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, კენჭისყრით ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს. 6.2. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. 6.3. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე: ა) ფრაქციის თავმჯდომარის დავალებით ხელმძღვანელობს ფრაქციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს; ბ) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან/და მისი უშუალო დავალებით. 6.4. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შეიძლება გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ ამას წერილობით მოითხოვს ფრაქციის თავმჯდომარე ან ფრაქციის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გადარჩეულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. მუხლი 9. ფრაქციის მდივანი 6.1. ფრაქცია თავის შემადგენლობიდან, ფრაქციის სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფრაქციის მდივანს. ფრაქციის მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს. 6.2. ფრაქციის მდივანი: ა) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დავალებებს; ბ) წარმართავს ფრაქციის შიდაორგანიზაციულ საქმიანობას. 6.3. ფრაქციის მდივნის გადარჩევა შესაძლებელია ფრაქციის თავმჯდომარის ან ფრაქციის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით. ფრაქციის თავმჯდომარე ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეიტანოს ფრაქციის უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. ფრაქციის მდივანი გადარჩეულად ჩაითვლება, თუ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს ფრაქციის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. მუხლი 10. ფრაქციის აპარატი, აპარატის უფროსი 10.1. ფრაქციის საქმიანობის ორგანიზაციულ–ტექნიკური და ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ფრაქციის აპარატი. 10.2. ფრაქციის აპარატი: ა) ამზადებს ფრაქციის სხდომას; ბ) აღრიცხავს ფრაქციის სხდომებზე კანონპროექტებისა და სხვა საკითხების განხილვისას გამოთქმულ წინადადებებსა და შენიშვნებს; გ) ხელს უწყობს ფრაქციის წევრებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში; დ) ასრულებს ფრაქციის თავმჯდომარის, მოადგილისა და მდივნის დავალებებს, მითითებებს; ე) წარმართავს ფრაქციის სხდომების ოქმების წარმოებას. 10.3. ფრაქციის აპარატს ხელმძღვანელობს ფრაქციის აპარატის უფროსი. 10.4. ფრაქციის აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის გამართულ საქმიანობაზე, აპარატის თანამშრომელთა მიერ მოვალეობათა სრულფასოვან შესრულებაზე. მუხლი 11. ფრაქციის წესდების გადასინჯვა 11.1. ფრაქციის წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს ან ფრაქციის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. 11.2. ფრაქციის სხდომაზე ფრაქციის წესდების ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ფრაქციის სრული შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობით. მუხლი 12. ფრაქციის გაუქმება 12.1. ფრაქცია გაუქმებულია, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემდეგ მასში გაერთიანებული დარჩება პარლამენტის ექვს წევრზე ნაკლები.
ფრაქციის დამფუძნებლები არიან პარლამენტის წევრები: გუბაზ სანიკიძე მალხაზ (სოსო) ვახტანგაშვილი შალვა კიკნაველიძე ანი მიროტაძე გიორგი ხეჩინაშვილი თემურ მაისურაძე |






