|
პარლამენტის წევრების, ზვიად კვაჭანტირაძის, ანი მიროტაძისა და გიორგი ვოლსკის ერთობლივი პრესკონფერენცია |
|
Thursday, 07 March 2013 18:03 |
ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით პარლამენტში რეზოლუციის პროექტი მზად არის, რომელიც დღევანდელი პლენარული სხდომის განხილვის საგანი გახდება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად კვაჭანტირაძის, თავმჯდომარის მოადგილის, ანი მიროტაძის და კომიტეტის წევრის, გიორგი ვოლსკის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მათი მიზანი იყო საგარეო კურსთან დაკავშირებით დოკუმენტი ერთობლივად, ინტერფრაქციული ფორმით მიეღოთ.  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განმარტებით, რამდენჯერმე დაითქვა დრო, რომლის განმავლობაშიც საპარლამენტო უმცირესობას საკუთარი შენიშვნები უნდა შეეჯერებინა და პოზიციები დაეფიქსირებინა. „შენიშვნების წარმოსადგენად ბოლო თარიღი იყო 10 თებერვალი, ეს ვადა კიდევ რამდენიმე კვირით გაგრძელდა, თუმცა დღეს უკვე 7 მარტია, და უმცირესობას დღემდე პოზიცია არ დაუფიქსირებია, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება რეზოლუციის შემუშავების თაობაზე“,- აღნიშნა ვოლსკიმ. მისივე თქმით, რეზოლუციის შემუშავების პროცესში უმცირესობის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. „ისეთი საკითხი, როგორიც ქვეყნის საგარეო კურსის განსაზღვრაა, არ უნდა იქცეს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური ვაჭრობის საგნად“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანი მიროტაძემ. აქვე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა და ახალი ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული რჩება. |
|
Last Updated on Thursday, 07 March 2013 18:10 |