|
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეხვდა. ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში „მაუწყებლის შესახებ კანონში“ ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტის ინიცირების თაობაზე გამართული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მათ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის ამოცანაა, საზოგადოებრივი მაუწყებელი განთავისუფლდეს ძველი ხელისუფლების წარმომადგენელთა გავლენისაგან და იგი არ მოექცეს ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა კონტოლისა და გავლენის ქვეშ. „ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გასათავისუფლებელია წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პოლიტიკური გავლენებისგან. სამწუხაროდ ეს ასე იყო წლების განმავლობაში და გრძელდება დღესაც, მაგრამ ამან არ უნდა მიგვიყვანოს არასწორ დასკვნებამდე, არასწორ ქმედებებამდე, რომ ერთი მაკონტროლებელი სხვა მაკონტროლებლით შეიცვალოს, აქ გადამწყვეტი უნდა იყოს შრომითი კოლექტივის აზრი, ჟურნალისტების და მაყურებლის, საზოგადოების მოსაზრება. ჩვენ, პარლამენტი ჩვენ წვლილს შევიტანთ ამ საკითხში იმ გზით, რომ დავხვეწთ კანონმდებლობას“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტი გამოიყენებს ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებულ შესაძლო ზომებს, იმისთვის, რომ საბიუჯეტო სახსრები, რომლითაც საზოგადოებრივი არხი ფინანსდება, იყოს გამჭვირვალე და ის ხმარდებოდეს საზოგადოების ინტერესებს. მისი თქმით გვექნება სიახლეები მაუწყებლის კანონიდან გამომდინარე, მათ შორის მმართველი საბჭოს შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომ მართლაც ყველას გვქონდეს განცდა, რომ იქ გადაწყვეტილებებს იღებენ პროფესიონალი, დამოუკიდებელი, პრინციპული, სინდისიერი ადამიანები, რომლებიც არ უყურებენ იმას ვინ გაიმარჯვა არჩევნებში და ვისი რეიტინგია მაღალი. „მაუწყებლის შესახებ“ კანონის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს.
|