|
საქართველოს პარლამენტმა დღეს 96 ხმით, ერთხმად, მხარი დაუჭირა პარლამენტის რეზოლუციას „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. მანამდე კი, დღეს პლენარული სხდომა კანონმდებლებმა საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით შემოსული კანონპროექტების პაკეტის განხილვით დაიწყეს.
ამ პაკეტში შედის კანონპროექტები „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ განსახილველად გუშინდელ პლენარულ სხდომაზე გამოიტანა. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, რომელიც ეხება გადაჭარბებული გირაოს დაკისრებას ან აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას, ერთ-ერთმა თანამომხსენებელმა, იურიდიულ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი მეტ-ნაკლებად მისაღები იქნებოდა ერთიან პაკეტში რომ არ ყოფილიყო წარმოდგენილი. მისი თქმით, წარმოდგენილი პაკეტი ერთმანეთთან დაუკავშირებელი კანონპროექტებისგან შედგება, კომიტეტმა მთელ პაკეტზე იმსჯელა და უარყოფითი დასკვნა გამოიტანა, თუმცა ცალკეული კანონპროექტების თაობაზე შეიძლებოდა მსჯელობა. კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა მეორე მოსმენაზე განსახილველად წარმოადგინა ორი კანონპროექტი, რომლებიც ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების და საჯარო სამსახურის შესახებ კანონებში. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იშლება ის ზღვრული ასაკი, რომლის შესრულების შემდეგაც ადამიანებს საჯარო სამსახურში მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლოთ. კანონმდებლებს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ეხება საჯარო მოხელეობის კანდიდატის მიერ ნარკოდამოკიდებულებაზე ცნობის აღებას და საჯარო სამსახურში თანამშრომელთა დაწინაურების წესის შეცვლას. კანონპროექტის განხილვას მწვავე დებატები მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საჯარო მოხელის დაწინაურება სუბიექტურ ხასიათს იღებს, ვინაიდან ფაქტობრივად სამსახურის უფროსზე ხდება დამოკიდებული ადამიანის დაწინაურება. მათი განცხადებით, შეიქმნება ისეთი ვითარება, რომ კონკურსი მხოლოდ დაბალ თანამდებობებზე გამოცხადდეს, რაც არასამართლიანია. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, „იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ნეპოტიზმი, წარმოდგენილი ვარიანტი საშუალებაა იმისა, რომ ნაცნობობით, ნათესაობით მოხდეს ადამიანების დაწინაურება“. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით კი, აღნიშნული და სხვა მოსაზრებების გამო, საპარლამენტო უმცირესობა ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. თავისი, როგორც პარლამენტის რიგითი წევრის მოსაზრებები, დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც. მისი შეფასებით, „წარმოდგენილი კანონპროექტი იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ დიდ პრობლემას ვეჭიდებით პატარა გამოსავლით“. მისი თქმით, საჯარო სამსახურთან დკავშირებით უამრავი თემაა განსახილველი და გადასაწყვეტი. დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, საჯარო სამსახურშიკონკურსები შეიძლება მხოლოდ ქვედა რგოლებში დარჩეს, რაც გაუმართლებელია. „ამ შემთხვევაში ჩვენ ჩაკეტილ სისტემას და სუბიექტურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის თაობაზე, რომელიც, საერთოდ, საჯარო სამსახურის კანონმდებლობის დახვეწაზე იმუშავებს. პარლამენტის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომ კანონპროექტს დღეს კენჭი არ უყარონ და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კიდევ ერთხელ იმსჯელონ ამ თემაზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად კვაჭანტირაძემ კანონმდებლებს წარუდგინა საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დღის განმავლობაში გამართული კონსულტაციების შედეგს წარმოადგენს. პროექტის ირგვლივ მოსაზრებები დააფიქსირეს თანამომხსენებლებმა: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ბარამიძემ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ. წარმოდგენილი რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანიდან გამომდინარე. ამის შემდეგ პარლამენტმა კენჭი უყარა წინა დღის და დღევანდელ სხდომებზე განხილულ საკითხებს. „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე და მის თანმდევ კანონპროექტებზე კენჭისყრის გადადება მოითხოვა პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა. მისი თქმით, ამ პაკეტს არ ახლავს მთავრობის დასკვნა, ამ შემთხვევაში კი კენჭისყრაზე მისი დაყენება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნულმა საკითხმა დღის წესრიგში დასვა პარლამენტის რეგლამენტის დახვეწის საკითხი, საკანონმდებლო პაკეტს კი კენჭი ეყარა და დიდი უმრავლესობით, იგი ვერ გავიდა. პარლამენტმა მიიღო დადგენილება და მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს. პარლამენტმა 92 ხმით, ერთხმად მიირო დადგენილების პროექტი არჩილ მამათელაშვილის საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე არჩევის შესახებ. პარლამენტმა უარი უთხრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი ალექსანდრე ხითარიშვილისა და გიორგი დიდიძის კანდიდატურებს. ამით, პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მორიგ პლენარულ სხდომაზე 20 მარტს შეიკრიბებიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ამ დღეს, სავარაუდოდ, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა პროექტზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს. დასასრულ, პარლამენტის თავმჯდომარემ ქალებს დამდეგი დღესასწაული - ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი მიულოცა. |