საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა
Saturday, 09 March 2013 19:34

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ შემაჯამებელი სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა კონსტიტუციის მხოლოდ იმ მუხლის ცვლილებებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იზღუდება.
კომისიის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის ინფორმაციით, საორგანიზაციო კომისიამ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 11 შეხვედრა გამართა, ამასთან ერთად საზოგადოების გამოკითხვის მიზნით სპეციალური ვებგვერდიც გაიხსნა. მისივე განცხადებით, შეხვედრებმა და გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა წარმოდგენილ ცვლილებს უჭერს მხარს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს სრულიად იზიარებს.

„სახალხო-საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისია მისი მუშაობის შედეგებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაუგზავნის, რომელიც თავის მხრივ საბოლოო დასკვნას პლენარულ სხდომას წარუდგენს.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვას, იგი 20 ან 22 მარტს შედგება, კონკრეტული თარიღი 18 მარტის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იქნება ცნობილი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
საორგანიზაციო კომისიის შემაჯამებელ სხდომას უმცირესობის წევრები არ დასწრებიან. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობის მხრიდან კომისიის წევრები სამდივნოს მეშვეობით ინფორმირებულნი იყვნენ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, მათ სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე მაინც უარი განაცხადეს.

Last Updated on Saturday, 09 March 2013 19:45
 
modules