|
მოისმინეს დავით ებრალიძის ინფორმაცია. მან წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს დარგების მიხედვით მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მონაცემები გააცნო. მისი ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 21.5 მლნ. ლარის, ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის 850 ათასი ლარის საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა. ამასთან, აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტი არაა საბოლოო ვარიანტი და სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება საკომიტეტო მოსმენების შემდეგ განხორციელდება.
კომიტეტების სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემ შენიშვნა გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას, როგორიცაა ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მთლიანად შესაცვლელია სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომა დიასპორის მიმართ. გვყავს საკმაოდ დიდი ემიგრაცია და ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული თანხები არ არის საკმარისი ამავე ბიუჯეტში მოცემული პრიორიტეტებისა და პროგრამული ღონისძიებების განსახორციელებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის გამოყოფილი დაფინანსება არასაკმარისად მიაჩნია, თუმცა, მისი განცხადებით, იგი მხარს დაუჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან ქვეყანა ამ ეტაპზე სხვა უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.
გუბაზ სანიკიძის განცხადებით, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ქართული დიასპორის ადამიანური რესურსი. მათი ჩართულობის გარეშე ქვეყანას გაუჭირდება არსებული გამოწვევების დაძლევა. ქართული დიასპორების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკას და უსაფრთხოებას.
სხდომაზე მოწონებულ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პრიორიტეტები, პროგრამები და ღონიძიებები მათ შორის: სამშობლოდან სხვადასხვა მიზეზის გამო წასული მოსახლეობის და დიასპორული ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; საზღვარგარეთ ქართული სახლების არეალის გაფართოება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ეფექტური მომსახურება და კრიზისულ სიტუაციებში შესაბამისი დახმარების გაწევა, მათი კნონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით მუშაობის გაუმჯობესება; საზღვარგარეთ ქართული კულტურის ცენტრების შექმნის ხელშეწყობა, სხვადასხვა სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ბიზნესფორუმების ორგანიზება.
ამასთან, წარმოდგენილ კანონის პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა შემდეგი სახის შენიშვნები:
1. სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტად და პროგრამულ ღონისძიებად გათვალისწინებულ იქნას „საზღვარგარეთ ქართული საკვირაო სკოლებისთვის და მათი არეალის გაფართოებისთვის ხელის შეწყობა;
2. მიზანშეწონილია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ღონისძიებების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები.
სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარს უჭერს საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის“ და მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათ განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე
სხდომის მდივანი ნათია გოგუა
|