|
მოისმინეს ნუგზარ წიკლაურის მოხსენება. მან კომიტეტის წევრებს გააცნო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ მე-7 მოწვევის პარლამენტში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. მისი განცხადებით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი (შემდგომში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი) შეიქმნა 2008 წელს. კომიტეტის შექმნას წინ უძღვოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩამოყალიბება. კომიტეტი კოორდინაციას უწევდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის პოლიტიკის განსაზღვრას, ხელს უწყობდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავებას და მათი ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებას.
მომხსენებლის განცხადებით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და დიასპორებთან ურთიერთობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების გგანსაზღვრის მიზნით, სისტემატურად იმართებოდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნებში აარსებულ ქართული სათვისტომოებისა და დიასპორების წარმომადგენლებთან.
ცალკე საკომიტეტო მოსმენა დაეთმო თურქეთის რესპუბლიკაში ქართულ დიასპორას, სათვისტომოებსა და ქართველოლოგიურ ცენტრებს. ასევე აზერბაიჯანის ქართველობის საკითხებს.
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა ერთიან ეროვნულ და სოციალურ–კულტურულ სივრცეში ინტეგრაციისა და მჭიდრო კავშირების დამყარების მიზნით,
ჩატარდა საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები".
ნუგზარ წიკლაურის თქმით, ყოველი წლის 27 მაისს ფართოდ აღინიშნებოდა ქართული დიასპორის დღე, რომელშიც მონაწილეობდნენ ათეულობით ქვეყნის ასეულობით წარმომადგენლები.
კომიტეტის ორგანიზებით, სპეციალურად, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მონაწილეობით, 2009 წლის შემოდგომაზე მოეწყო საერთაშორისო ბიზნეს–სამეცნიერო ფორუმი, ხოლო 2010 წლის გაზაფხულზე – საერთაშორისო ბიზნეს კონფერენცია. დიასპორის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წევრებსა და დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელებს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დიასპორული კაპიტალის ინვესტირებას ქართულ ეკონომიკაში.
მომხსენებლის განცხადებით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის საქმიანობაში, განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საკითხი და სწორედ ამიტომ დიასპორის გარდა, კომიტეტის საქმიანობის მეორე პრიორიტეტულ მიმართულებად კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საკითხი განისაზღვრა. შესაბამისად, მოხდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების და დამატების შეტანა, გაუქმდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი და შეიქმნა „დიასპორისა და კავკასიის საკითხთა“ კომიტეტი.
ახალი კომიტეტის შექმნა განპირობებული იყო გარემოებით, რომ საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობის და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭირო გახდა კომიტეტის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტის – კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის, საკანონმდებლო დონეზე ასახვა და მისი განსაზღვრა კომიტეტის სახელწოდებაში.
არაერთი საკომიტეტო მოსმენა თუ შეხვედრა დაეთმო კავკასიის უსაფრთხოების და კავკასიელ ხალხებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. კომიტეტი ტრადიციულად აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ სათვისტომოებთან, დიასპორებთან, სამეცნიერო წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, ჩრდილოეთ კავკასიის დიასპორებთან, კავკასიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან.
ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო და სამეზობლო ურთიერთობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძენა კავკასიის რეგიონის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფის საკითხმა. 2011 წლის 20 მაისს საქართველოს პარლამენტმა აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდი, რითაც სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მისცა რუსეთ–კავკასიის ომის (1763–1864 წწ.) შედეგებს; ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით პარლამენტმა მიიღო დადგენილება გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სამოქმედო გეგმის შემუშავების, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ჩერქეზული კულტურის ცენტრი საქართველოში და დაიდგა ჩერქეზი ხალხის გენოციდის მსხვერპლთა უკვდავსაყოფი მემორიალი.
მომხსენებლმა ასევე ისაუბრა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მასში დეტალურადაა გაწერილი ის სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებზე გავრცელდება. კანონპროექტში განსაზღვრულია დიასპორული ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსიც. მისი თქმით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირები ისარგებლებენ გარკვეული ტიპის შეღავათებით.
ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა საზღვარგარეთის ქვეყნებში დიასპორების საპატიო წარმომადგენლების შერჩევასა და დანიშვნაში.
მომხსენებელის განცხადებით, კომიტეტის მიერ მომზადებულ და პარლამენტის მიერ დამტკიცებულ იქნა „ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია“. კონცეფციის მიზანია ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობის, ადამიანური კავშირების და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში არსებული კავშრების გამყარება და გაღრმავება.
საქართველოს ერთ – ერთ მთავარ მიზანს უსაფრთხო და სტაბილური კავკასია წარმოადგენს. ამდენად, ეს კონცეფცია საქართველოს ინტერესების განხორციელებას ემსახურება. კონცეფციის პროექტის მიხედვით საქართველო კავკასიის რეგიონის განუყოფელი ნაწილია და მისთვის კავკასიაში მიმდინარე ყველა პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო უშუალოდაა დაინტერესებული, ჩრდილოეთ კავკასია იყოს სტაბილური, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი, რომლის მოსახლე ხალხებს მიეცემათ ყველა საშუალება, იცხოვრონ მშვიდობიან და კეთილდღეობის გარემოში. ამას კარნახობს, როგორც ქართველი ხალხის მეგობრული დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიმართ, ასევე უშუალოდ საქართველოს ეროვნული ინტერესები.
კომიტეტი, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, წარმართავდა მუშაობას შესაბამისი ქვეყნების ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან, სათვისტომოებთან, ქართველოლოგიურ ორგანიზაციებთან და საქართველოს საკითხით დაინტერესებულ მოღვაწეებთან.
კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებდა საქმისწარმოებას. იხილავდა მოქალაქეთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს. უწევდა მათ შესაბამის დახმარებას და ახდენს სათანადო რეაგირებას. სწავლობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან შემოსულ დოკუმენტაციას.
საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების, მისი საქმიანობის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის მიზნით, კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები, კომიტეტის სხდომები, განსახორციელებელი პროექტები, ქართული დიასპორების, სათვისტომოების, საერთოდ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მოღვაწეობის შესახებ მასალები და სხვა ინფორმაციები სისტემატურად თავსდება კომიტეტის ვებგვერდზე.
კომიტეტის წევრების მხრიდან დაისვა სხვადასხვა შეკითხვები, რომლებასც მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა.
გუბაზ სანიკიძემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებითვის და გამოთქვა კომიტეტის წევრებთან სამომავლო ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობის სურვილი.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომიტეტის საქმიანობის სფერო არის მეტად საინტერესო, ვინაიდან კომიტეტს მუშაობა უწევს საყოველთაო საკითხებზე. არსებობს მარადიული მიმართულებები, ეს არის კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობა. კავკასიის რეგიონი არის კულტურულად, რელიგიურად, ისტორიულად და ეთნიკურად უძველესი და საინტერესო. მისი სურვილია, რომ საქართველო იყოს რეგიონალური ლიდერი, როგორც ეს იყო ადრე. საქართველოს სამწუხაროდ არ გააჩნია კავკასიური პოლიტიკა კლასიკური გაგებით. გუბაზ სანიკიძემ გამოთქვა სურვილი და მზაობა კომიტეტის წევრებმა მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა ერთად იმუშავონ ერთიანი კავკასიური პოლიტიკის მიმართულებების ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოიცავს სრულიად კავკასიის რეგიონს და არამარტო ჩრდილოეთ კავკასიას.
გუბაზ სანიკიძემ ასევე გამოყო რელიგიური ურთიერთობების საკითხები, რომლებიც საჭიროა წამოიჭრას და დაიწყოს საკომიტეტო განხილვები.
კომიტეტმა გადაწყვიტა
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა მოისმინეს და მოიწონეს კომიტეტის მიერ წინა მოწვევის პარლამენტში გაწეული საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია.
სხდომის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე
სხდომის მდივანი ნათია გოგუა
|