|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის
სხდომის
ო ქ მ ი N 6
19 დეკემბერი, 2012 წ. 12.00. სთ.
მე-7 ოთახი
სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე.
სხდომას ესწრებოდნენ :
კომიტეტის წევრები - მალხაზ ვახტანგაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, მერაბ კაჭახიძე, დემურ ბაშელეიშვილი, დავით ბერძენიშვილი, თამაზ შიოშვილი, მახირ დარზიევი, ნუგზარ წიკლაური, ანზორ ბოლქვაძე, დავით დარცმელიძე.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - როლანდ ახალაია და ზაზა კედელაშვილი.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 11 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :
კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები
მომხსენებელი:
მახირ დარზიევი - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.
გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს აკავშირებს ისტორიულად ჩამოყალიბებული, ტრადიციულად კეთილმეზობლური ურთიერთობები. შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას რეგიონის სამომავლო განვითარების მიზნით. სხდომის ტავმჯდომარემ ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის ქართული დიასპორის პრობლემებზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ყოველთვის მოახერხებენ თანამშრომლობას იმის მიუხედავად, თუ როგორი ხელისუფლებაა ამ ქვეყნებში.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით,
|
მოისმინეს მახირ დარზიევის მოხსენება. მან აღნიშნა, რომ იგი იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, სადაც შეხვედრები გამართა, როგორც იქაური ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, აზერბაიჯანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებთან.
მომხსენებლმა კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებულ საერთო ვითარებაზე, ისე იქ მცხოვრები აზერბაიჯანელი და ქართველი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული ისტორიული დიასპორის პრობლემებზე. მან ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტებზე და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი კანონმდებლები ყველაფერს გააკეთებენ მოქალაქეების პრობლემებისა და არსებული აქტუალური საკითხების გადასაჭრელად.
მახირ დარზიევის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება აზერბაიჯანში. მათ ემუქრებათ დეპორტაციის საფრთხე. აზერბაიჯანის კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის ერთთვიანი ვადა და შესვლიდან სამი დღის ვადაში უნდა დაფიქსირდნენ მიგრაციის სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან და მოუწევთ ქვეყნის დატოვება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იგი ესაუბრა მიგრაციის სამსახურის უფროსს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ გარკვეული შეღავათები დაწესდება საქართველოს მოქალაქეებისათვის. კერძოდ, ისინი გათავისუფლდებიან ჯარიმებისგან და მიეცემათ გარკვეული ვადა საბუთების მოსაწესრიგებლად.
მახირ დარზიევმა აღნიშნა, რომ შეხვდა კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათთან ისაუბრა კახის კულტურის სახლის შესახებ. მისი განმარტებით, უკვე გამოყოფილია ახალი შენობა კულტურის სახლისათვის კახში და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინსტროს აზერბაიჯანული მხრიდან გადაეგზავნა სათანადო მიმართვა შენობის ბალანსზე აყვანის თაობაზე.
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა რელიგიურ საკითხებზე და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით, ღვთისმსახურების აღსრულების უფლება აქვს მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეს. სწორედ ამიტომ, პრობლემა ექმნება ქართულ ეკლესიებს ღვთისმსახურების შესრულებისას. თუმცა, ამ კუთხითაც იგეგმება გარკვეული მოლაპარაკებები.
მახირ დარზიევმა ისაუბრა განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზეც. მისი თქმით, საქართველოს აზერბაუჯანულ სკოლებში არსებობს ქართული ენის პედაგოგების კვალიფიკაციისა და სახელმძღვანელოების ხარისხის სერიოზული პრობლემა. ამასათან დაკავშირებით, ის ესაუბრა განათლების სფეროს წარმომადგენლებს აზერბაიჯანში.
მომხსენებელი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაიხსნას ქართული კულტურის ცენტრი ბაქოში და ანალოგიურად, აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი თბილისში, რასაც კომიტეტების წევრების მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდია საქართველოდან გასული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა რაოდენობა. აუცილებელია მათი გამოყენება ორ ქვეყანას შორის კონტაქტების გაღრმავებაში.
მახირ დარზიევმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე ბაქოში და მის მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისათვის.
კომიტეტის წევრების მხრიდან დაისვა სხვადასხვა შეკითხვები, რომლებსაც მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა.
|
გუბაზ სანიკიძემ მადლობა მოახსენა მომხსენებლებს და აღნიშნა, რომ სხდომაზე დასმული საკითხები და მათი მოგვარება პრიორიტეტულია ქართული სახელმწიფოსთვის. მისი განცხადებით, კომიტეტი, აღნიშნულ საკითხზე, უახლოეს პერიოდში, აუცილებლად გამართავს გაფართოებულ სხდომას, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, დარგობრივი სამინისტროების, ექსპერტებისა და მეცნიერების, ასევე საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს ზრუნვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველებით, რადგან ჩვენ მოვალენი ვართ იქ მცხოვრები ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეების ბედზეც ვიზრუნოთ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
გუბაზ სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართვლოს პარლამენტში მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, შეხვდა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აზერ ჰუსეინს. შეთანხმდნენ, რომ ქვემო ქართლსა და საინგილოს ეწვევიან და არსებულ ვითარებაში ერთად გაერკვევიან.
|
|
|
კომიტეტმა გადაწყვიტა
- 1.კომიტეტის წევრებმა მოისმინეს და მოიწონეს კომიტეტის წევრის, მახირ დარზიევის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია;
- 2.კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების თაობაზე გაფართოებული სხდომის ჩატარების ინიციატივას.
სხდომის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე
სხდომის მდივანი ნათია გოგუა
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|