საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები გამართა
სამშაბათი, 12 მარტი 2013 23:55

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში პირველი შეხვედრები გამართა. იგი კონგრესმენებს: ჯორჯ ჰოლდინგს, დეივინ ნუნესს და სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდა. კონგრესში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სამომავლო პერსპექტივებებზე და შესაძლო ბიზნეს პროექტებზე.

,,გვქონდა შეხვედრები კონგრესმენებთან და სენატორებთან, მათთანაც ვინც საქართველოს კარგად იცნობს და მათთანაც ვისაც საქართველოს ვაცნობთ. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ახალი ხელისუფლება - ,,კოალიცია ქართული ოცნება“ და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აპირებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ შესაძლო ბიზნეს პროექტებზე იმიტომ, რომ გვინდა აშშ-ის მეგობრობა საქართველოსთან აისახოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამიტომ, ინვესტიციები და ბიზნესი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები, არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი აშშ-სთან ურთიერთობისას“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასულების შემდეგ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორს, ჯეიმს ჰადლეი ბილინგტონს შეხვდა. შეხვედრაზე მათ თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

,,კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორი საქართველოს დიდი მეგობარია. აღმოჩნდა, რომ მას ბევრი რამ აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მარტივად შევთანხმდით თანამშრომლობის გეგმებზე. მალე საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ვაშინგტონში ჩამობრძანდება. ძალიან საინტერესო ერთობლივი პროგრამები დაისახა იმისათვის, რომ ჩვენი საგანძური, რომელიც დაცულია ბიბლიოთეკაში, იყოს სათანადოთ დაცული და სათანადოთ გამოყენებადი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და დღევანდელი დღე შეაჯამა.

 

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 13 მარტი 2013 15:50
 
modules