გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
ოთხშაბათი, 13 მარტი 2013 15:43

1

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე II მოსმენით, მუხლობრივად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც 48 სხვადასხვა კანონპროექტს მოიცავს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით მომზადდა და მიზნად ისახავს გარემოს დაცვის და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების სტრუქტურულ რეორგანიზებას და ფუნქციური უფლება-მოვალეობების ცვლილებებს.
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი თვის ბოლოს დაასრულებს და აპრილის დასაწყისში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალ სამინისტროს საშუალება მიეცემა განახლებული ძალებით შეუდგეს საკუთარ უფლებამოსილების აღსრულებას. მისივე ინფორმაციით, გარემოს დაცვითი და ბუნებრივი რესურსების განკარგვის ღონისძიებების სრულყოფა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა და შესაბამისად, მისი საკანონმდებლო სრულყოფა კომიტეტის და სამინისტროს დაინტერესების საგანს წარმოადგენს.
II მოსმენისთვის საკითხთან დაკავშირებით 47 შენიშვნა იქნა განხილული, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის და შესაბამისი უწყებების მიერ იქნა წარმოდგენილი. მომხსენებელმა, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, შალვა ამირეჯიბმა, პუნქტობრივად განიხილა ყველა წარმოდგენილი შენიშვნა და მათთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია წარმოადგინა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს და მხარი დაუჭირეს II მოსმენით მის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 13 მარტი 2013 15:47
 
modules