საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ვაშინგტონში ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 13 მარტი 2013 19:34

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის კონგრესის ორივე პალატაში გუშინ გამართული შეხვედრების მთავარი თემები საგარეო და სავაჭრო ურთიერთობები იყო. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სამხედრო ურთიერთობების პერსპექტივევბზე. ,,ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. ძალიან მისასალმებელია, რომ ჩვენი პარტნიორები აპირებენ კიდევ უფრო გააუმჯობესონ ჩვენთან ურთიერთობა ინტესივობისა და მოცულობის თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობაზე. ,,ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესაძლებლობაზე, რომ დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე შეთანხმების შესახებ. ვინაიდან ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი და ველოდებით მალე ხელშეკრულების ხელმოწერას, ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მოგვარებული იქნება. კონგრესშიც და სენატშიც ფრიად გაოცებული დარჩნენ, რომ დღეისთვის აშშ-ს კერძო ბიზნესი ქართულ ბაზარზე ნაკლებადაა წარმოდგენილი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრობლემა, ასევე არასტაბილურობა, ომი და ომის შემდგომი პერიოდი, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არანაკლები სირთულეებია სტაბილურობის თვალსაზრისით, მაგრამ ამერიკული ბიზნესი იქ გზას იკვალავს. ,,ამიტომ ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი თემა არის ის, რომ გავაუმჯობესოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული შედეგები“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტი თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკასა და საქართლველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის გეგმებზე. დავით უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე და ,,ამნისტიის კანონის“ შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 14 მარტი 2013 14:42